» ჯანქი » პენსიების გაცემის ტენდერში “ლიბერთი ბანკმა” გაიმარჯვა – ჯანდაცვის მინისტრი

პენსიების გაცემის ტენდერში “ლიბერთი ბანკმა” გაიმარჯვა – ჯანდაცვის მინისტრი



პენსიების გაცემის ტენდერში “ლიბერთი ბანკმა” გაიმარჯვა – ჯანდაცვის მინისტრი
ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პენსიების გაცემის მომდევნო 7-წლიან ტენდერში “ლიბერთი ბანკმა” გაიმარჯვა. 

“ტენდერში გაიმარჯვა იგივე ბანკმა, “ლიბერთი ბანკმა”, რომელიც წლებია ემსახურება ამ სერვისს და ესეც მნიშვნელოვანია, რომ გააგრძელებს მათ მომსახურებას. პირობა იყო შვიდწლიანი მომსახურების შესახებ და აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ის სესხები, რომლებსაც პენსიონერები იღებენ მიბმული იქნება რეფინანსირების განაკვეთზე,” განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. 

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ტენდერში გამარჯვებული ოფიციალურად ჯერ არ გამოვლენილა. დღეს ამ ტენდერში წინადადებების მიღება ამოიწურა, რის შემდეგაც ავტომატურად წინადადებათა რიგითობით გასაჯაროება დაიწყო. ამჟამად სისტემაში მხოლოდ “ლიბერთი ბანკის” წინადადება ჩანს, რომელიც სახელმწიფოს ამ სერვისის მიწოდებას 105 მილიონ ლარად სთავაზობს. ეს არ ნიშნავს, რომ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ “ლიბერთი ბანკმა” მიიღო. ასევე ტენდერის ოფიციალური გამარჯვებული შესყიდვების სისტემაში მითითებული არაა. 
“ლიბერთი ბანკი” აცხადებს, რომ სოციალური გასაცემლების დარიგებისთვის კონკურენტული უპირატესობა სწორედ მას გააჩნია, რადგანაც ბანკი 2001 წლიდან არიგებს პენსიებს და ქვეყნის მასშტაბით ამისთვის ყველაზე ფართო ქსელიც აქვს – რაც ფილიალებს, მობილურ სერვისცენტრებს და ბანკომატებს აერთიანებს.
შესყიდვის მთავარი კრიტერიუმი, რომლითაც პენსიის გამცემი ბანკი შეირჩევა, არის საპროცენტო განაკვეთი, რითიც ის ხანდაზმულებსა და სოცდაუცველებზე გასცემს სესხებს. განაკვეთების საწყისი წერტილის ათვლა იწყება ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთების ინდექსიდან, რომელიც ამჟამად 10.8%-ს შეადგენს. მაქსიმალური განაკვეთი, რომლიდანაც ტენდერში ვაჭრობაა დაშვებული არის 15% ანუ, საუბარია მაქსიმუმ 10.8%+15%=25.6%-ის საპროცენტო განაკვეთზე.

წყარო: ​trialeti.ge​​​

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+