წინფექციონისტი მაია ბუწაშვილი კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის სიმპტომებისა და მიმდინარეობის შესახებ ამ დროისთვის არსებული მონაცემების შესახებ საუბრობს.
როგორც ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რადგან „ომიკრონის“ გავრცელება სულ ახლახანს დაიწყო, კვლევები მწირია, თუმცა რამდენიმე გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით, გარკვეული წარმოდგენის შექმნა უკვე შესაძლებელია.
მისი თქმით, „ომიკრონით“ გამოწვეული „კოვიდის“ ინკუბაციური პერიოდი (ინფიცირებიდან სიმპტომების გამოვლენამდე) შემცირდა სამ დღემდე.
„ომიკრონის შტამისთვის დამახასიათებელია ხუთი ძირითადი სიმპტომი: ცხვირიდან გამონადენი, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, ცემინება და ყელის ტკივილი.
ასევე დამატებით აღინიშნება „კოვიდისთვის“ აქამდე ნაკლებად დამახასიათებელი სიმპტომები: გულისრევა, ღამით ოფლიანობა, წელის ტკივილი.
ხველა შეიძლება იყოს, თუმცა უფრო მსუბუქად გამოხატული, ვიდრე „კოვიდის“ წინამორბედი შტამების შემთხვევაში.
სიცხე შედარებით ნაკლებად ახასიათებს.
ყნოსვისა და გემოს ცვლილება ძალიან იშვიათია („დელტას“ შემთხვევაშიც შედარებით ნაკლებად გვხვდებოდა, ხოლო „ომიკრონის“ შტამი კიდევ უფრო იშვიათად იწვევს ამ სიმპტომს).
ქვედა სასუნთქი გზების დაზიანება შედარებით ნაკლებად ხდება და შესაბამისად, სუნთქვის გაძნელება ნაკლებად ახასიათებს.
ჰოსპიტალიზაცია შემცირებულია 70 პროცენტით (თუმცა ვინაიდან ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ძალიან მაღალია, ჰოსპიტალიზაციის საჭიროების მქონეთა აბსოლუტური რიცხვიც მაღალია. შესაბამისად, ამჟამად საწოლების მაქსიმალური მზადყოფნა მაინც აუცილებელია).
50 პროცენტით ნაკლებია რეანიმაციაში მოხვედრის რისკი, ოთხ-ხუთჯერ ნაკლებია მართვით სუნთქვაზე გადაყვანის რისკი.
რეანიმაციაში მოხვედრილთა და მართვით სუნთქვაზე გადაყვანილთა მაღალი პროცენტია არავაქცინირებული.
ვაქცინის სამი დოზა ჰოსპიტალიზაციის რისკს 80 პროცენტამდე ამცირებს.
კვლავ საყურადღებოა 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი – ხუთი პროცენტი.
ბევრ ქვეყანას სერიოზული პრობლემები აქვს შექმნილი ინფიცირებულთა დიდი რიცხვის გამო სამუშაო ადგილებზე შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით“, – წერს მაია ბუწაშვილი „ფეისბუქზე“.
წყარო:
resonancedaily.com
კომენტარები (0)