„შიმშილობს და არავინ არავის არ უცემია..." - შვილიშვილის ცემის ფაქტზე დაკავებული ქალის შვილი ახალ ინფორმაციას ავრცელებს
„არ ჭამს ნინო, შიმშილობს," - ამბობს ქუთაისში შვილიშვილის ცემის ბრალდებით დაპატიმრებული ნინო გედენიძის შვილი. ის ასევე აცხადებს, რომ ბავშვის დაცვის საკითხი მხოლოდ საბაბია და სინამდვილეში ადამიანებს დედამისის ციხეში ყოფნა სურთ. მისი თქმით, მას სასამართლო პროცესზე დედის სიმართლის დამტკიცების იმედი აქვს.
„მოდი, მაშინ საქართველოში გინების გამო ჩამოვართვათ ბავშვები, რადგან ვიცით, რომ ბევრი მამა ბავშვს გინებას ასწავლის და მოდი, მათაც ჩამოერთვათ... იმის გამო, რომ ბებიამ შეიგინა, ბავშვი რომ კალთაში იჯდა, აბსურდია, რომ ამის მერე ცხოვრება დაუნგრიონ", - განაცხადა მან.
ქალი საზოგადოების მხრიდან ბულინგზეც ლაპარაკობს და ამბობს, რომ არანაირ ყურადღებას არ აქცევს „ბილწ კომენტარებს". მისი თქმით, სოციალურ ქსელებში მიზანმიმართულად ვრცელდება ინფორმაცია იმისთვის, რომ დედამისმა თავი მოიკლას.
„ახლა ისეთი ბულინგი მიმდინარეობს, დედაჩემი რომ გამოვა და ამ კომენტარებს წაიკითხავს, არ ვიცი... „ფეისბუქზე" რაც იწერება ეს არის მიზანმიმართულად, რომ ნინოს ყურამდე მივიდეს და თავი მოიკლას".
დაპატიმრებულის შვილი ამტკიცებს, რომ კადრში ძალადობის ფაქტი არ ჩანს და ამიტომაც „ვერ ამტკიცებენ ცემის ფაქტს". მან ასევე ისაუბრა კანონის სიმკაცრეზე, რომლის თანახმადაც მშობელს შვილისთვის შენიშვნის მიცემის უფლებაც კი არ აქვს.
„ბავშვს რომ აუწევ ხმას და შენიშვნას მისცემ, ამის დაშლა კარგია? - არავინ არავის არ უცემია... აქ რაც მოხდა, ბავშვის დაცვაზე არ არის საუბარი, აქ საუბარია იმაზე, რომ ნინო იყოს ციხეში", - განაცხადა მან.
მისი თქმით, ბავშვი რომ ნაცემი ყოფილიყო, ექსპერტიზის შემდეგ არავინ გამოატანდა.
შვილი ამტკიცებს, რომ დაკავებული ბებიის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, კერძოდ, მისი მტკიცებით, „აქვს ჩიყვი". „მთელი ღამე სასწრაფო არ ტოვებს „კაპეზეს", რა დროს გახდება ცუდად, არ იციან," - ამბობს ქალი.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში დააკავეს ბებია, რომელმაც ორ წლამდე ბავშვი TikTok-ის ლაივში სცემა. გავრცელებული ვიდეოჩანაწერების მიხედვით, ქალი შვილიშვილს ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდა, რაც ბავშვმა საჭმლით სავსე თეფშს ხელი ჰკრა. ვიდეოში ჩანს, რომ ბებია ბავშვს მუშტს ურტყამს და ურტყამს ხელზე. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. ამ საქმეზე პოლიციამ უკვე დაკითხა ის მოქალაქე, რომელმაც ვიდეო ჩამოტვირთა და გაავრცელა.
კომენტარები (0)