» ჯანქი » ვინ არიან და რას ამბობენ აბიტურიენტები, რომლებმაც სამივე საგანში უმაღლესი ქულები მიიღეს?

ვინ არიან და რას ამბობენ აბიტურიენტები, რომლებმაც სამივე საგანში უმაღლესი ქულები მიიღეს?



ვინ არიან და რას ამბობენ აბიტურიენტები, რომლებმაც სამივე საგანში უმაღლესი ქულები მიიღეს?



ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. აბიტურიენტებმა რამდენიმე ძირითად საგანში თავიანთი ქულები უკვე გაიგეს. ამჯერად 2025 წლის ორ წარმატებულ აბიტურიენტს გაგაცნობთ, რომლებმაც სამივე საგანში მაქსიმალური ქულების მიღება შეძლეს:

ლიზი ჯობავა 2025 წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აბიტურიენტია. მან სკოლა "ქართული სასწავლებელი" დაამთავრა. სწავლის გაგრძელებას თავისუფალ უნივერსიტეტში მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამაზე აპირებს. ლიზიმ სამივე საგანში მაქსიმალური შეფასება დაიმსახურა - ქართულ ენასა და ლიტერატურაში 60-დან 60 ქულა, გერმანულ ენაში 70-დან 70 ქულა, მათემატიკაში კი 51-დან 51 ქულის მიღება შეძლო
ლიზი ამბობს, რომ მაქსიმალური შედეგის მიღწევა მრავალწლიანი შრომითა და მონდომებით შეძლო. მან სკოლა ოქროს მედალზე დაასრულა და ახლა რამდენიმე რჩევას მომავალ აბიტურიენტებს უზიარებს:

„მათემატიკაში სისტემატურ მუშაობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ბევრს ვმეცადინეობდი და გასული წლების ტესტებსაც ვაკეთებდი. ამ საგანში თუნდაც ერთი გაკვეთილის გაცდენამაც კი შეიძლება, პრობლემა შექმნას. ამიტომ, ყოველთვის მაქსიმალურად ვშრომობდი.
ჩემი ოჯახი მხარს მაქსიმალურად მიჭერდა. განსაკუთრებით, ჩემი უფროსი და. ის ჩემთვის ყოველთვის მისაბაძი მაგალითი იყო. ისიც მათემატიკასა და კომპიუტერულ მეცნიერებებზე სწავლობს და მეც დამაინტერესა.

პროგრამირება, მათემატიკა ძალიან მიყვარს და ალბათ, სამომავლოდაც ამ სფეროს ავირჩევ", - განაცხადა ლიზი ჯობავამ.
გური ბოჭორიშვილმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის პირველი საჯარო სკოლა დაამთავრა. ის სწავლის გაგრძელებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მათემატიკისა და გამოყენებების ფაკულტეტის მიმართულებით გეგმავს.

გურიმ სამივე საგანში მაქსიმალური ქულები მიიღო- ქართულ ენასა და ლიტერატურაში 60-დან 60, ინგლისურ ენაში 70-დან 70, ხოლო მათემატიკაში 51-დან 51 ქულის აღება შეძლო. ის საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:

„პირველ რიგში, ღვთის წყალობა და მასწავლებლების უდიდესი დამსახურებაა, რომ ასეთი შედეგი მივიღე.

მათემატიკის კარგად შესწავლას ხანგრძლივი და ბეჯითი მუშაობა სჭირდება. მასწავლებელთან ტესტირებები ყოველკვირეულად გვქონდა და ეს ძალიან მეხმარებოდა, რომ ხარვეზები დამენახა და მათ გამოსწორებაზე მემუშავა. გამოცდის ფორმატის ტესტირებები დროის უკეთესად განაწილებას გვასწავლიდა და ვფიქრობ, ძალიან კარგი გამოცდილება იყო.

გარდა ამისა, მშობლები ადრეული ასაკიდანვე სხვადასხვა ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღებაში დამეხმარნენ და მგონია, ესეც დამეხმარა.
ლიტერატურის კითხვა ძალიან მიყვარს. დაწყებით კლასებში ჩემმა მასწავლებელმა გრამატიკა განსაკუთრებით შემაყვარა. მათემატიკასთან ერთად, ქართული ჩემი საყვარელი საგანი იყო. გრამატიკას ყოველთვის დიდ ყურადღებას ვუთმობდი. როცა დაწყებითი საფეხური დავასრულე, შემდეგ მასწავლებელმა ლიტერატურა შემაყვარა. ლიტერატურის კითხვით დაგროვილი ცოდნა, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, რომ მსჯელობა ააგო და პარალელების გავლება შეძლო. მასწავლებელმა სწორი მიმართულება მომცა და დამეხმარა, რომ ჩემი ცოდნა გამეერთიანებინა.

მინდა, სამეცნიერო მიმართულებით ვიმუშაო და დრო მათემატიკაში სხვადასხვა საკითხის კვლევასა და ძიებას დავუთმო", - აღნიშნა გური ბოჭორიშვილმა.

წყარო: mshoblebi.ge



კვარაცხელიას თანაგუნდელს და "პსჟ-ს" ერთ-ერთ ლიდერს 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება! - საფრანგეთში შოკისმომგვრელი ინფორმაცია გავრცელდა



კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+