რობერტ სტურუას სპექტაკლის "ვეფხისტყაოსნის" გარშემო ვნებათაღელვა ამ დრომდე არ წყდება. სპექტაკლში მთავარ როლს მსახიობი ქეთი სვანიძე ასრულებს, რომელიც თინათინს განასახიერებს. ქეთი უკვე მრავალი წელია რუსთაველის თეატრის წამყვანი მსახიობია. "პრაიმ ტაიმმა" ქეთისთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:
"მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ბატონი რობიკო ამ სპექტაკლს 30 წელი დგამდა და როცა გადაწყვიტა დაედგა, მე მასში მოვხვდი. მინდა, გავიხსენო ის პერიოდი, როდესაც პირველად მოვედი რუსთაველის თეატრში, ქალბატონმა მარინა ჯანაშიამ მითხრა, როდესაც შემოხვედი თეატრში, შენში "ვეფხისტყაოსნის" პერსონაჟი დავინახე და დაიმახსოვრე, მე შეიძლება ცოცხალი აღარ ვიყო, მაგრამ ასე მოხდებაო. ქალბატონმა მარინამ მიწინასწარმეტყველა ეს და მას ვუძღვნი ამ როლს. ეს აქამდე ხმამაღლა არ მითქვამს, მაგრამ პრემიერა ჩემს გულში მას მივუძღვენი.
ვიცოდი, რომ ამ სპექტაკლს დიდი მოლოდინი ჰქონდა, საპასუხისმგებლო რეჟიმი გავიარე. სადღაც ორი წელი გვქონდა რეპეტიციები. გეტყვით რატომ მიყვარს ბატონი რობიკოს რეპეტიციები - ჩვენ ერთი და იგივე ვერსიებზე არ გვიმუშავია, სულ სხვადასხვა სცენებს ვდგამდით. კრიტიკისთვის მზად ვიყავი, ყველა პრემიერის დროს ასე ხდება.
რეპეტიციების პარალელურად აქტიური ვარჯიშიც დავიწყე. "ტრენერიც" ავიყვანე და დავდიოდი დარბაზში, ასევე ვიყავი შესაბამის კვებაზე და დავიკელი 10 კილოგრამი.
... ჩვენ გაგრიდან ვართ, მამა ომში დაიღუპა. დეიდაჩემი იყო ჩამოსული გაგრაში, რამდენიმე დღით წამომიყვანა თბილისში და სწორედ მაშინ დაიწყო ომი. დედა იქ ჩარჩა და გართულდა მისი გადმოსვლა. დედაჩემმა ესმა მიქელაძემ ჩემთვის ბევრი რამ გააკეთა აქამდე რომ მოვსულიყავი. ისეთი რაღაცეები ამიხდა ცხოვრებაში, მრცხვენია იმის თქმა რომ რთული ბავშვობა მქონდა.
მყავს შვილი - დანიელი და მეუღლე - ზურა ძიძავა. ჩემი მეუღლე ბავშვთა ქირურგია. მსახიობის მეუღლეობა არაა მარტივი. ხანდახან ალბათ რაღაცები რთულია მისთვის, მაგრამ მიგებს და ყოველთვის გვერდით მიდგას".
წყარო: primetime.ge
კომენტარები (0)