ქუთაისში მეზობლებს შორის მომხდარი კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა. დანაშაული 19 მაისს, ჩანჩიბაძის ქუჩაზე მოხდა. როგორც ირკვევა, მამაკაცებს შორის დაპირისპირება ეჭვიანობის ნიადაგზე დაიწყო, რა დროსაც 35 წლის თეიმურაზ ჩოგოვაძემ მეზობელს, 55 წლის იოსებ ხარაბაძეს დანით ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი, მართალია, სასწრაფოს ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, მაგრამ ოპერაციის მსვლელობის დროს გარდაიცვალა.
როგორც ბრალდებულის ადვოკატი გელა სორდია ჩვენთან საუბარში ამბობს, მოკლული პირი ბრალდებულის ცოლს, 35 წლის ქალს შეტყობინებებს უგზავნიდა, ფაქტი ქმარმა გაიგო და მეზობლის კაცს მსგავსი ქმედების განმეორება აუკრძალა.
"55 წლის მამაკაცის დაჭრის ფაქტი 19 მაისს, ღამის საათებში მოხდა. შემდეგ, ის სასწრაფომ გადაიყვანა კლინიკაში, მაგრამ ოპერაციის მსვლელობის დროს გარდაიცვალა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, თეიმურაზ ჩოგოვაძე, გამთენიისას ჩაბარდა სამართალდამცველებს. მოკლული ერთი წლის განმავლობაში ბრალდებულის ცოლს, რომელიც მასზე 20 წლით უმცროსია, წერდა შეტყობინებებს "ფეისბუქზე", "ფეისბუქი" რომ დაბლოკა ახალგაზრდა ქალმა, მერე უკვე მობილურზე წერდა. უგზავნიდა სხვადასხვა სახის შეტყობინებებს, სთავაზობდა, რომ მიეტოვებინა ქმარი, თვითონ უქირავებდა მას ბინას, სადაც გადაიყვანდა მის შვილებთან ერთად. ქალი შლიდა ამ შეტყობინებებს, ბლოკავდა მის ზარებს, მაგრამ მოკლული სხვადასხვა ტელეფონიდან ურეკავდა და წერდა მესიჯებსაც.
ეს ფაქტი ქმარმა გაიგო ცოლისგან ერთი თვის წინ, მაგრამ მაინც ბოლომდე არ სჯეროდა მამაკაცს, რომ მეზობელ კაცს ასეთი ცუდი განზრახვა ჰქონდა, რადგან ის მის ცოლზე 20 წლით უფროსია. ქმარმა მას ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა ცოლის მესინჯერიდან. შენ შეურაცხყოფა როგორ მომაყენეო და აქეთ ურჩევდა მოკლული საქმეს ბრალდებულს. 19 მაისს, ქუჩაში ერთმანეთს შეხვდნენ მოკლულის ინიციატივით, მაშინ იშიშვლა დანა მოკლულმა, როგორც ამას ბრალდებული ამბობს, ამ დროს მანაც გამოიყენა დანა და მიაყენა ჭრილობები. იქ არის კერძო სახლები და მათი სახლები 200-300 მეტრით იქნება დაშორებული ერთმანეთისგან. ფაქტი კი ბრალდებულის სახლთან ახლოს, 30 მეტრში მოხდა.
ჩემს დასაცავს თავიდან არ ეგონა, რომ ეს კაცი ცუდი განზრახვით წერდა მის ცოლს და არ შეიტანა ეჭვი, რადგან ასაკით ბევრად უფროსი იყო, თანაც მეზობელი და იფიქრა, ადამიანურად რაღაც ეშლებაო, თავიდან მართლა ეს ვარაუდი ჰქონდა, მაგრამ მერე დარწმუნდა, რომ ამ მამაკაცს მის ცოლთან სასიყვარულო განზრახვა ამოძრავებდა, თუმცა, ამის შემდეგაც არ მივარდნილა მის სახლში, შეეძლო გავარდნილიყო და მოეკლა, როცა დარწმუნდა, რომ ეს კაცი ასეთ შეტყობინებას სწორედ ამ მიზნით უგზავნიდა მის ცოლს, მაგრამ ეს არ უქნია. თავისი მეუღლის ტელეფონიდან გაუგზავნა ხმოვანი შეტყობინება, მერე დაურეკა ტელეფონით და უთხრა, რა გინდა ჩემს ცოლთან, მე ყველაფერი ვიციო. ფიზიკურად ისინი ერთმანეთს არ შეხვედრიან. ორი დღის შემდეგ, 19 მაისს, თვითონ დაზარალებული მოვიდა ჩოგოვაძის სახლთან, შეხვედრის ინიციატორი ის მამაკაცი იყო, დაიწყეს საუბარი და ამ დროს, მოკლული ბრალდებულს ემუქრება დანით და როგორც გითხარით, ამან დაასწრო.
ახალგაზრდა ქალი იმასაც ამბობს, რომ ქუჩაში, ტრანსპორტშიც ხვდებოდა ეს მამაკაცი. იცოდა ტრანსპორტში ხმაურს ვერ ავტეხდი და ჰქონდა მცდელობა ხან მხარზე გადამხვევდა ხელს, ხან ხელზე მომეფერებოდაო, ამბობს ბრალდებულის ცოლი. იმასაც ამბობს, მეუბნებოდა რატომ არ გინდა ჩემთან ერთად ყავა რომ დალიო, სადმე დავსხდეთ, ჩემთან ოჯახში რატომ არ მოდიხარ სტუმრადო. ასეთ რაღაცებს მეუბნებოდაო. ქალი მაქსიმალურად ბლოკავდა მის ზარებს, ამბობს, იყო შემთხვევა ავტობუსიდან ამის გამო ჩამოვედი და სხვა ავტობუსში გადავჯექი, რომ მომეცილებინაო.
ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა ასეთი ტიპის შევიწროება.
წყარო:
resonancedaily.com
კომენტარები (0)