„მასწავლებელი რომ ხარ, ნუ აიღებ 3 და 8 მარტს მოტანილ კონვერტს… იქნებ, ვიღაც ერთს არ ჰქონდა ის 10 ლარი და ისესხა – იმის შიშით, რას იტყოდნენ სხვა მშობლები მასზე“
ვებ-გვერდი edu.aris.ge ქალთა დღეებთან და სკოლებში გავრცელებულ “ტრადიციასთან” დაკავშირებით შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:
“მასწავლებელი რომ ხარ, მოდი, ნუ გახსნი 8 მარტს მოტანილ კონვერტს. მართალია, არ იცი, რა დევს შიგნით, მაგრამ მაინც ნუ აიღებ. რა იცი, რა შინაარსის დიალოგები ან ვერ გამხელილი ფიქრები უძღოდა წინ ამ საჩუქრის მომზადებას.
იქნებ, ვიღაც ერთს არ ჰქონდა ის 10 ლარი და ისესხა – იმის შიშით, რას იტყოდნენ სხვა მშობლები მასზე, ან იმის შიშით, თითით საჩვენებელი არ გამხდარიყო კლასელებისთვის მისი შვილი. ბავშვებს ხომ ვერაფერს გამოაპარებ, ვერც იმ კონვერტს და ვერც იმ ჩამიჩუმს დედები რომ თვალებით აგვარებენ ერთმანეთში.
შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვინმე აიძულებთ კოლექტიური საჩუქრის გაკეთებას. მე ვიცნობ მშობლებს, სკოლის მოსწავლეთა დედებს, მასწავლებლის უპატივცემულობად რომ მიაჩნიათ, მარტის დღესასწაულების ცარიელი ხელით მილოცვა. მათი პრაქტიკული აზროვნების შედევრიც ვიცი – “ასე ცალ-ცალკე ყვავილების და “ბანბანერკების” ჩუქებას, მოდი ფული ავაგროვოთ და რამე ვუყიდოთ”, “ფული ვაჩუქოთ გოგო, თვითონ გადაწყვეტს, რა უფრო სჭირდება”.
მაგრამ…
მე არ გავხდებოდი ამ მანკიერი ტრადიციის უნებური დამკვეთი. რატომ? იმიტომ, რომ ეს ყოველთვის ხდება განსჯის საგანი იქ, სადაც მშობლები იკრიბებიან, მაგრამ არ არის მასწავლებელი. იმიტომ, რომ ვიღაცას ყოველთვის იმაზე მეტი ან იმაზე ნაკლები ემეტება თქვენთვის, ვიდრე იმ კონვერტში დევს.
არ ავიღებდი ყველაზე აქტიური მშობლის ხელით მაგიდაზე დატოვებულ კონვერტს, კმაყოფილებისგან ორაზროვნად რომ იღიმება. მისი შვილის პატარა ხელებით დახატულ მისალოცს დაველოდებოდი – გაკვეთილის ბოლოს მორცხვად რომ მომაწვდის და მეტყვის – 8 მარტს გილოცავთ, მასწ.”
კომენტარები (0)