» ჯანქი » ნახალოვკაში მისი სახელი ყველამ იცის – „ზილის“ მძღოლი, რომელიც ცნობილ კრიმანალებსაც კი აფრთხობდა

ნახალოვკაში მისი სახელი ყველამ იცის – „ზილის“ მძღოლი, რომელიც ცნობილ კრიმანალებსაც კი აფრთხობდა



ნახალოვკაში მისი სახელი ყველამ იცის – „ზილის“ მძღოლი, რომელიც ცნობილ კრიმანალებსაც კი აფრთხობდა
გასული საუკუნის „ნახალოვკა“ და „ნახალოვკელები“ თბილისის ისტორიაში ცალკე თემა და ფენომენია.
ერთი შეხედვით „ძველი ბიჭებით“ ცნობილ უბანს ბევრი კოლორიტი გაუზრდია.
ერთი მათგანი, „ბოი ვასო“ გახლავთ, გვარად ციმაკურიძე.
მის მეუღლესთან ინტერვიუ სოციალურ ქსელში ერთმა სტატუსმა გადამაწყვეტინა, სადაც ავტორი ასეთ რამეს წერდა:
„მრავალი წლის, მრავალი ქარტეხილის შემდეგ, რაც ჩვენ, როგორც ხალხს თავს გადაგვხდა, შეგვიძლია შევაფასოთ და სახელები დავარქვათ განვლილ მოვლენებს.
საბჭოურ სახელმწიფო სისტემას, რომელიც ადამიანებს თავს მოგვახვიეს, ვერაფრით ვუწოდებთ წყობას, რომელიც შეიქმნა ადამიანების სულიერი და ნივთიერი ცხოვრების მოსაწყობად, რადგან მისი არსით ის იყო სისტემა და ნებისმიერი სისტემა ადამიანს სულიერად რყვნის და ამახინჯებს.
გარკვეულია ისიც, რომ ამ სისტემის შემადგენელი ნაწილები იყო: ოფიციოზი, მილიცია, უშიშროების კომიტეტი და ბოლის ქურდები. თუ პიროვნებას სახის შენარჩუნება და ადამიანად დარჩენა სურდა, უნებლიედ მოუწევდა ეომა, ეომა როგორც მილიციასთან და უშიშროებასთან, ისე ქურდებთან.
სწორედ ასეთი პიროვნება იყო „ბოი ვასო“ (ციმაკურიძე), სრულიად მარტოდმარტოდ გიენა ქურდებთან და მილიციასთან ერთდროულად მეომარი.
ერთხელაც, გამოკიდებიან ქურდები, სახლში კი შეასწრო, მაგრამ გარედან ესმის:
– ვასო! შე დედალო, დაიმალე არა საქათმეში?!
– ახლა განახებთ ვინ დედალია და ვინ მამალი, თქვენი დედები …!
და, აგრიალდა ვასოს მთელი არსენალი, გეგონება ბატალიონი ომობსო.
„ზილის” მძღოლი იყო, მშრომელი, სიმართლისთვის მებრძოლი“.
მის სახელს დღევანდელი ახალგაზრდობა უფრო ინგლისურად – „ბიჭი ვასოდ“ აღიქვამს ალბათ, მაგრამ სინამდვილეში მისი მეტსახელი რუსული бой-დან (ჩხუბი) მოდის, რადგან მკლავი და ძალა ერჩოდა და ხშირად ჩხუბიც უწევდა. მას ნიკალაევიჩსაც ეძახდნენ. მამას ჰგავდა თურმე, ახოვანი და ვაჟკაცური. მის მამას კი დაჰკა კოლას ეძახდნენ, რადგან ისიც კარგი მოჩხუბარი ყოფილა.
ბოი ვასო ნებისმიერმა „ნახალოვკელმა“ იცის. ის ერთი უბრალო, „ზილის“ მძღოლი იყო, რომლითაც მშენებლობებს ემსახურებოდა, მაგრამ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. მის სიტყვას წონა ჰქონდა. მეგობრობდა „ნახალოვკელ“ ყოჩებთან, თანამდებობის პირებთანაც და შავი სამყაროს წარმომადგენლებთანაც.

მასზე ასეთი მოგონებაც არსებობს:
„ერთი პერიოდი ავლაბრელი ბიჭები მაგრად „გრიმიტობდნენ“ და  „ნახალოვკელებთან“ საჩხუბრად მოსულან. ამ სიტუაციას ბოი ვასოც შესწრებია და კარგა ხანს უდევნებია თვალყური კამათისთვის. მერე უცებ დაუყვირია – „ნახალოვკის კარები დაკეტეთო“ და მარჯვენა პირველს მოუქნევია. მას შემდეგ ავლაბრელები „ნახალოვკაში“ აღარ გამოჩენილან. თუმცა, ახლაც ვერ ვხვდები, „ნახალოვკის“ რომელი კარების დაკეტვას გულისხმობდა ბოი ვასო“ – წერს თავის წიგნში ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი, გიორგი ჭიჭინაძე.
ბოი ვასოს მეუღლე, ლიანა ციმაკურიძე დღესაც იმ სახლში ცხოვრობს, რომელიც ბევრი საინტერესო სტუმრისა თუ ამბის მომსწრეა.
„მე ყაზბეგიდან ვარ, ფიცხელაურის ქალი. სკოლა რომ დავამთავრე, თბილისში ჩამოვედი, სტუდენტი გავხდი, შემდეგ ბიბლიოთეკაში დავიწყე მუშაობა და ქირით ვცხოვრობდი. მოვლილი მაქვს საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანა, ძალიან ბევრს ვმოგზაურობდი, ბევრი რამ მაქვს ნანახი. როგორც ამბობენ, ლამაზ გოგოდ ვითვლებოდი, გათხოვებას კი არ ვჩქარობდი.
უკვე ყველა მეჩიჩინებოდა, დროა გათხოვდეო, თან რომ მივიხედ-მოვიხედე, აღმოჩნდა, რომ ყველა ჩემი მეგობარი გათხოვილი იყო, შვილებიც ჰყავდათ და მართლაც დრო იყო, ოჯახის შექმნაზე მეზრუნა. სწორედ ამ პერიოდში ნათესავმა გადაწყვიტა, გაერიგებინა ჩემთვის „ერთი კარგი ბიჭი“. ორივე დაგვპატიჟეს საერთო ნაცნობის ოჯახში, სუფრაზე და იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, ვასო ციმაკურიძე. შემდეგ შეხვედრა დამინიშნა და გავისეირნეთ. შემდეგ კიდევ და დაქორწინებაც გადავწყვიტეთ.
ჯერ ყაზბეგში, ჩემს ოჯახში გვქონდა ქორწილი. 13 მანქანით ჩამოვიდნენ ჩემს წასაყვანად. მაშინ ჯვარს თითქმის არავინ იწერდა, 1974 წელი იყო. ჩვენ კი ჯვარი სვეტიცხოველში დავიწერეთ. შევედით ეკლესიაში, ყველა ჩუმადაა, ეკლესიაში ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებდი. გამოვიდა მღვდელი, რომელსაც ჩვენთვის ჯვარი უნდა დაეწერა. ვასომ გვარით მიმართა და ჰკითხა – შენ ის არა ხარ, ციხეში ერთად რომ ვისხედითო? თურმე ეს მღვდელი ყაჩაღობისთვის იხდიდა სასჯელს და ძალიან შეშფოთდა, რომ სხვებს არ გაეგონათ. ახლოს მოვიდა ჩვენთან და – ჩაიმღერა – გაჩუუუმდიიი, გაჩუუუმდიიი, ამიიინ.
ჯვრისწერის შემდეგ ჯვრის მონასტერზეც ავედით და შემდეგ მივედით სეფაში. მოგეხსენებათ, ადრე ქორწილებს სეფაში იხდიდნენ ხოლმე. ჩვენი სახლის წინ, ზედ გზაზე იყო უზარმაზარი სეფა გადაჭიმული და მაგიდების გრძელი რიგები იყო ჩამწკრივებული. უამრავ ადამიანს იცნობდა და ძალიან დიდი ქორწილი გვქონდა. სახლში რომ შემოვედით, თოფი ისროლეს და ყველას აუწყეს, რომ პატარძალი მოიყვანეს. მერე სეფაში რომ შევედით, მარჯვენა მხარეს, გრძელ რიგში სულ მამაკაცები ისხდნენ. ისეთი გრძელი რიგები იყო მაგიდების, რომ შესასვლელიდან ძლივს მოჩანდა ის შემაღლებული ადგილი, სადაც ჩვენ უნდა დავმსხდარიყავით. ამ მამაკაცების წინ რომ ჩავიარეთ, ყველანი ფეხზე წამოდგნენ და ტაში დაგვიკრეს. ეს მომეწონა ძალიან და დამამახსოვრდა. გულში ვფიქრობდი, ბრეჟნევს გავყევი ცოლად თუ ბოი ვასოს-მეთქი?

ქორწილში მომღერლებისა და მოცეკვავეების ანსამბლები იყვნენ და ჩვეულებრივი კონცერტი იყო. ზოგჯერ მავიწყდებოდა კიდეც, რომ ჩემი ქორწილი იყო, კონცერტზე მეგონა თავი.
ერთი წუთითაც არ მინანია არასოდეს, რომ ცოლად გავყევი ვასოს. საოცარი ადამიანი იყო, საოცარი თვისებებით, უზადო ვაჟკაცი. ერთხელაც კი არაფერი შეშლია ჩემთან ურთიერთობაში და არც სხვებთან ურთიერთობაში. ერთგული და უღალატო ქმარი იყო. უყვარდა საჩუქრების მოტანა ჩემთვის და ბავშვებისთვის.
მდიდრები არასოდეს ვყოფილვართ, ერთი ჩვეულებრივი მძღოლი იყო და „ზილზე“ მუშაობდა, მაგრამ ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. იცნობდა თანამდებობის პირებსაც, კანონიერ ქურდებსაც, ძველ ბიჭებსაც. მის სიტყვას ფასი და წონა ჰქონდა. ჰყავდა თავისზე გაცილებით უმცროსი და უფროსი მეგობრებიც. ბავშვთან ბავშვი იყო და დიდთან – დიდი. სამართლიანი ადამიანი იყო. ბიჭები რომ იჩხუბებდნენ, ხშირად ამას ეძახდნენ ხოლმე, საქმის გასარჩევად, რადგან იცოდნენ, რომ სამართლიანად გადაწყვეტდა საქმეს და შეარიგებდა ბიჭებს.
მეზობლის გასვენება იყო და დიდი სეფა იყო გაშლილი. მეორე მეზობლის ეზოში 4 მამაკაცი ცალკე იჯდა. „კანონიერი ქურდები“ ყოფილან. შემდეგ გავიგე მეზობლისგან, ვასო შესულა მათთან და უთქვამს – „ქურდები კი ხართ, მაგრამ ჩემს უბანში წესიერად მოიქეცითო“. ხალხს მათი შიში ჰქონდა, ვასო კი ჭკუას არიგებდა. მათთვისავ ავტორიტეტი იყო.
მახსოვს, დასასვენებლად წავედით სოხუმში და ორი კვირა რესტორნიდან არ გამოვსულვართ. იქ რომ გაიგეს, ვასო იყო ჩასული, არ ასვენებდნენ, ყველას მისი პატივისცემა უნდოდა და ხან ერთი გვეპატიჟებოდა, ხან – მეორე. ვამაყობდი, რომ ასეთი ქმარი მყავდა, სახელიანი და სამართლიანი.

რაც მისი ცოლი გავხდი, ციხეში არ მოხვედრილა და მანამდე კი ყოფილა დაპატიმრებული, ჩხუბზე. მე თავის საქმეში არ მრევდა და არც ვერეოდი. ის – ჩემს საქმეში. სიამტკბილობით ვცხოვრობდით და არც გვიჩხუბია არასოდეს.
1989 წლის 18 ნოემბერს, დილის 8 საათზე, სახლთან ახლოს, მანქანა დაეჯახა. მძღოლი 21 წლის ბიჭი იყო, ზვიად გამსახურდიას დაცვის წევრი ყოფილა, თურმე ცვლაში აგვიანდებოდა და აწყვეტილი მოქროდა. ჩემს მეუღლეს დაეჯახა, ჰაერში ააგდო და ხეს შეახეთქა.
მაშინვე საავადმყოფოში გადაუყვანიათ და მე მერე შემატყობინეს. მივედი საავადმყოფოში და მოვიტყუე, – კარის მეზობელი ვარ, კარგი კაცია და მაინტერესებს, რა მდგომარეობა აქვს, გადარჩება-მეთქი? რომ მეთქვა, ცოლი ვარ-მეთქი, სიმართლეს არ მეტყოდნენ. ექიმმა რომ გაიგო, კარის მეზობელი ვიყავი, მითხრა – ქალბატონო, რა გადარჩენაზეა ლაპარაკი, ძალიანაა დამტვრეულიო და დაწვრილებით მითხრა, რომელ დღეს რა მდგომარეობა ექნებოდა და ისიც მითხრა, მეათე დღეს გარდაიცვლება და თუ სასწაული მოხდა და მეათე დღეს გადარჩა, მერე შესაძლოა, იმედიც გაჩნდესო.
დავიზაფრე, ეს რომ გავიგე, მაგრამ იმედს მაინც არ ვკარგავდი, რომ გადარჩებოდა, რადგან ძალიან ძლიერი ორგანიზმი ჰქონდა. იმის გაფიქრებაც კი არ შემეძლო, რომ ვასოს რამე მოუვიდოდა.
მართლაც, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ექიმმა თქვა და მეათე დღეს გარდაიცვალა. საღი აზროვნება ჰქონდა, ისე დალია სული. გრძნობდა, რომ კვდებოდა, მაგრამ მე მაინც მამხნევებდა. როცა გამომძიებელი მოვიდა მის გამოსაკითხად, უთხრა – იმ ახალგაზრდა კაცს არ ვუჩივი, თქვენც არაფრი უთხრათ, ცხოვრება წინ აქვს და ნუ დაუნგრევთ, ყველა მძღოლს შეიძლება, საჭე გაუმრუდდეს და ვის რა გველის ცხოვრებაში, არავინ ვიცითო. მომაკვდავი მაინც თავის მკვლელზე ფიქრობდა და უფრთხილდებოდა. ამიტომ უყვარდა ყველას, ასეთი რომ იყო. იმდენი ადამიანი მოდიოდა სანახავად, რომ ექიმები შეწუხებულები იყვნენ. კიბეზე უწყვეტ რიგად ამოდიოდნენ ხოლმე.
გასვენებაში იმდენი ხალხი მოვიდა, ვერ დათვლიდი. ძალიან დამაკლდა სიკვდილის შემდეგ. გასვენებაში ერთი ქალი მოვიდა, რომელიც გულამოსკვნილი ტიროდა. კარგა ხანს იტირა და რომ მიხვდა, ვერავინ ვიცანით, მერე გვითხრა, ვასო ჩემი მეუღლის ძმაკაცი იყო. ჩემი ქმარი წლების წინ გარდაიცვალა, სახლს ვაშენებდით და დასრულება ვერ მოასწრო. ვასოს წყალობით ავაშენეთ ის სახლი, სამშენებლო მასალები მაგას მოჰქონდა უფასოდ და გვჩუქნიდაო.
ვასოს მსგავსი ადამიანები თითზე ჩამოსათვლელია. უნაკლო, საუკეთესო და ვაჟკაცი ქმარი მყავდა. ორი შვილი გვყავს, ნატო და ლელა. ორივეს შვილები ჰყავს და ბავშვებმა პატარაობიდანვე იციან, როგორი სახელოვანი ბაბუა ჰყავდათ“.
წყარო : primetime.ge

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+