» ,,შვილისთვის მამამთილის საყვარლის სახელი დამირქმევია და დედამთილმა ლამის მომკლას”

,,შვილისთვის მამამთილის საყვარლის სახელი დამირქმევია და დედამთილმა ლამის მომკლას”



,,შვილისთვის მამამთილის საყვარლის სახელი დამირქმევია და დედამთილმა ლამის მომკლას”
,,სარკე”

ჩემს ოჯახში დიდი გაუგებრობაა და ეს ჩემი ბრალი საერთოდ არ არის. მოულოდნელად აღმოვჩნდი ცუდ სიტუაციაში, უფრო სწორად, ზოგიერთებმა გააბუქეს ყველაფერი. შეეძლოთ ყურადღება არ მიექციათ, მაგრამ არა, ხომ უნდა ეძიათ ჩემზე შური! მულს და დედამთილს საშუალება მიეცათ ჩემი ლანძღვის და ამას როგორ არ გამოიყენებდნენ?!

პირველი შვილი გამიჩნდა. ახლა ბედნიერებისგან უნდა დავფრინავდე, მაგრამ ვინ გაცლის? დედამთილი ხმას არ მცემს და მული პირდაპირ მლანძღავს.

წელიწადნახევარია, რაც გავთხოვდი. ქმარი მიყვარს, ამას ალბათ არ უნდა ვამბობდე, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას – ვიჩქარე ქორწინება. მიყვარდა, მაგრამ ისიც უნდა გამეკითხა, როგორ ოჯახში იყო გაზრდილი და იქ ვინ დამხვდებოდა. ყველა გოგოს მივმართავ, რომ ეს უმნიშვნელოვანესია. შეიძლება ძალიან კარგებიც იყვნენ, მაგრამ შენ სხვანაირად იყო გაზრდილი და ვერ შეეწყო.

ოჯახში, მამამთილის გარდა, ყველა მტრულად დამხვდა, განსაკუთრებით – ჩემი მული. პირდაპირ გამომიცხადა, რომ ძმისთვის უკეთესი გოგო უნდოდა. ის განათხოვარია, შვილი არ ჰყავს და მთელი მისი ყურადღება ჩემი ქმრისკენ არის მიმართული. ვთქვათ, მე მინდა, რომ რამე გავუკეთო, სუფრა გავუშალო ან მისი საყვარელი საჭმელი გავუკეთო, არა, მული არ მაცდის. სულ ძმის გარშემო დაპროწიალობს. ვიღაც მეტყვის, ეგ კარგია, მადლობა უნდა უთხრა ამ სიყვარულისთვისო, მაგრამ ასე არ არის. მე ვარ მისი ცოლი და მე მინდა იმ ყველაფრის გაკეთება, რასაც მისი და უკეთებს!

დედამთილი თავიდან კი კარგად შემხვდა, მაგრამ მერე თავის გოგოს აჰყვა და ისიც ყველა წვრილმანზე მედავება, ჩემი გაკეთებული არაფერი მოსწონს და უკმაყოფილებას ყვირილით გამოხატავს. ერთხელ ვუთხარი, უფლება არ გაქვს, მიყვირო-მეთქი და ლამის გამწიწკნა, ეგრე დედაშენს ელაპარაკეო.
სულ რამდენიმე თვე იყო, როცა თავი შეიკავეს ჩემი შეურაცხყოფისგან და ეს ორსულობის პირველ თვეებში იყო. მერე, ძალიან რომ დავმძიმდი ფიზიკურად და მოძრაობა მიჭირდა, დედაჩემთან გადავედი ქმართან ერთად და სამშობიაროშიც იქიდან წავედი.

მე და ჩემს ქმარს ჩვენი გოგონასთვის სახელი წინასწარ გვქონდა შერჩეული, მაგრამ ბავშვი რომ დავინახეთ, სულ სხვა სახელის დარქმევის სურვილი გაგვიჩნდა და დავარქვით კიდეც. როგორც აღმოჩნდა, მამამთილის საყვარელსაც ეგ სახელი რქმევია. დედამთილმა რომ ეს გაიგო, ვიდეოზარით დამირეკა სამშობიაროში და პირდაპირ ასე დაიწყო ჩემი ლანძღვა: “შენ, გოგო, შე გაუზრდელო, ვის იგდებ საცინრად?!”.
ისე დავიბენი, აღარ ვიცოდი, რა მეპასუხა. ტირილით, ჩუმად ვისმენდი მის ლანძღვას. ჩემთვის ისიც შოკი იყო, რომ გავიგე, მამამთილს საყვარელი ჰყოლია. ისე ცუდად გავხდი, წნევა ამივარდა, ექიმებმა დამამშვიდებელი გამიკეთეს.

ჩემი ქმარი ძალიან გაბრაზდა, ნახა, რა დღეშიც ჩავვარდი. ექიმებმაც უსაყვედურეს, ახალნამშობიარებ ქალს რომ რამე დამართნოდა, მერე ჩვენ დაგვაბრალებდითო.

ქმარს ვუსაყვედურე, რატომ არ მითხარი-მეთქი. გადაირია, არც გამხსენებია ის ქალიო. ვთხოვე, სხვა სახელი დავარქვათ-მეთქი, მაგრამ ჩემმა ქმარმა პრინციპულობა გამოიჩინა – არავითარ შემთხვევაში, ეგრე რომ მივყვეთ, რა სახელიც უნდა შეარჩიო, ვინმე ნაძირალას მაინც ერქმევაო. თან დედაზე და დაზე ისე გაბრაზდა, ჯიბრით აღარ გადაარქვა.

ჯობდა, ჩემთვის დაეჯერებინა და დაბადების მოწმობაში სხვა სახელი ჩაგვეწერა, რადგან ახლა სულ დაძაბული ვარ. დედამთილი ბავშვსაც კი არ უყურებს ზედ. მული კი ისეთებს მიკეთებს, არც დაიჯერებთ. მეჩხუბება, რომ მისი მშობლების გაშორება მსურს და ეს დედამთილის ჯიბრით გავაკეთე.

დედამთილს ჰგონია, რომ მე და ჩემმა მამამთილმა პირი შევკარით მის გასამწარებლად. არ იჯერებს, რომ არც კი ვიცოდი, მის ქმარს საყვარელი თუ ჰყავდა.

გაოგნებული ვარ! ადამიანებმა იცოდნენ, რომ ჩემი მამამთილი ვიღაც ქალთან დადიოდა და ამას ცოლიც ეგუებოდა, შვილებიც, არაფერს ეუბნებოდნენ და ახლა თურმე ჩემ გამო ენგრევათ ოჯახი.

უკვე აღარ შემიძლია ამის გაძლება. მართლა არაფერი დამიშავებია, შვილს ის სახელი დავარქვი, რაც მომწონდა და ამის გამო წყევლა-კრულვა მივიღე. დეპრესიამდე არაფერი მიკლია. არ შემიძლია ასეთ დაძაბულ ოჯახში ცხოვრება. არც ის მინდა, შვილი ასეთ გარემოში გაიზარდოს და ბებიამ და მამიდამ შვილიშვილი წყევლონ.


წყარო: ​sarkenews.ge​​​

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+