დღეში თუნდაც ერთი კვერცხის ჭამა ბავშვებს სიმაღლეში გაზრდაში ეხმარება, აცხადებენ მეცნიერები შესაბამისი ახალი კვლევის საფუძველზე, რომელიც Journal of Pediatrics-ში გამოქვეყნდა.
მკვლევარების თქმით, ბავშვის სიცოცხლის პირველი ორი წელი გადამწვეტი მნიშვნელობისაა სიმაღლეში ზრდისთვის, კვერცხი კი — როგორც მოხარშული, ისე შემწვარი, პატარა ბავშვებს ენერგიით მუხტავს და ხელს უწყობს მათ ზრდას.
გავრცელებული ინფორმაციით, კვლევა ექვსი თვის განმავლობაში ტარდებოდა ეკვადორის ერთ-ერთ სოფელში. მეცნიერებმა სპეციალურად აირჩიეს სასურსათო რესურსებით შეზღუდული ტერიტორია. საქმე ისაა, რომ სიმაღლეში ზრდის შენელების უმთავრესი მიზეზი, გარდა საყმაწვილო დაავადებებისა და ინფექციებისა, ცუდი კვებაც არის.
ექსპერიმენტში 6-დან 9 თვემდე 163 ბავშვი ჩართეს, რომლებსაც სიმაღლეში ჩამორჩენა აღენიშნებოდათ. ისინი ორ ჯგუფად გაყვეს, რომელთაგან პირველს ყოველდღე აძლევდნენ კვერცხს, მეორე კი საკონტროლო ჯგუფი იყო, ანუ ამ ჯგუფის ბავშვებს კვერცხს არ აჭმევდნენ. მანამდე ყველა მათგანი აწონეს და გაზომეს.
შემდგომში მკვლევარები ყოველდღე ამოწმებდნენ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას და მათი მშობლებისგან დეტალურ ინფორმაციას იღებდნენ, რა ჭამა იმ დღეს ბავშვმა და მიიღო თუ არა კვერცხი. ექვსი თვის თავზე მეცნიერებმა ახლიდან აწონეს და გაზომეს ორივე ჯგუფის ბავშვები და აღმოაჩინეს, რომ „კვერცხის ჯგუფში“ შემავალი ბავშვები „უკვერცხო ჯგუფის“ ბავშვებზე მეტად იყვნენ გაზრდილები.
ექსპერიმენტის დაწყებამდე სიმაღლეში ჩამორჩენა „კვერცხის ჯგუფის“ ბავშვების 37%-ს აღენიშნებოდა, „უკვერცხო ჯგუფში“ ეს მაჩვენებელი 26%-ს შეადგენდა. ექსპერიმენტის ბოლოს კი პირველ ჯგუფში სიმაღლეში ჩამორჩენის მაჩვენებელმა 21%-მდე დაიწია, ხოლო საკონტროლო ჯგუფში, რომელსაც კვერცხს არ აჭმევდნენ, პირიქით — 29%-მდე გაიზარდა.
ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ჯანმო მსოფლიოს ყველა დედას ურჩევს, პირველი ექვსი თვის განმავლობაში ბავშვები ბუნებრივ კვებაზე ჰყავდეთ. ეს აუცილებელია მათი ოპტიმალური განვითარების, ზრდისა და ჯანმრთელობისთვის. ექვსი თვიდან კი ბავშვს უკვე შეიძლება მიეცეს დამატება ძუძუთი კვების პარალელურად, რაც შეიძლება ორ წლამდე ან უფრო მეტ ხანსაც გაგრძელდეს.
წყარო:
sputnik-georgia.com
კომენტარები (0)