"აი, როგორ შეიძლება დაიწყოს საფრთხე - იქიდან, სადაც უსაფრთხოება ყველაზე მეტად უნდა იყოს დაცული!
კადრებს რომ უყურებ, ბუნებრივად ჩნდება კითხვა: ლამის სახლს ძირი გამოუთხარონ და იქ მცხოვრებლები ამას ვერ გრძნობენ?!
ვიდეოში ჩანს, როგორ მიმდინარეობს მძიმე ტექნიკით სამუშაოები არსებული კორპუსის უშუალო სიახლოვეს. ასეთი მასშტაბის მიწის ამოღება და ვიბრაციის გამომწვევი ტექნიკის მუშაობა განსაკუთრებით დიდ ყურადღებას, საინჟინრო გათვლებსა და მუდმივ კონტროლს მოითხოვს.
და სწორედ აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი:
ვინ აკონტროლებს ამ სამუშაოებს და ვინ იძლევა გარანტიას, რომ არსებული კორპუსის მდგრადობას საფრთხე არ შეექმნება?
დღეს შეიძლება მხოლოდ ხმაური და ვიბრაცია იყოს.
ხვალ - ბზარი.
ზეგ - გრუნტის დაჯდომა ან სხვა უფრო სერიოზული პრობლემა.
ამიტომ უსაფრთხოება უნდა შემოწმდეს მანამდე, სანამ შედეგი დადგება და არა მას შემდეგ!
თუ ყველაფერი პროექტისა და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს, შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა საზოგადოებასა და იქ მცხოვრებლებს უნდა აჩვენონ შესაბამისი საინჟინრო დასკვნები, გამაგრების პროექტი და მონიტორინგის შედეგები.
ხოლო თუ არსებობს თუნდაც გონივრული ეჭვი, რომ სამუშაოებმა შეიძლება მეზობელი შენობის მდგრადობაზე იმოქმედოს, საჭიროა დაუყოვნებლივი შემოწმება და, საჭიროების შემთხვევაში, სამუშაოების შეჩერება უსაფრთხოების დადასტურებამდე.
ადამიანის სიცოცხლე და საცხოვრებელი სახლის უსაფრთხოება არც ერთი მშენებლობის ტემპზე და არც ერთ ბიზნესინტერესზე დაბლა არ უნდა იდგეს.
და კიდევ ერთხელ ვკითხულობ იქ მცხოვრებლებს:
ამ ვიბრაციას ვერ გრძნობთ? არ გაწუხებთ ის, რაც თქვენი სახლის კედლებთან და საძირკვლის სიახლოვეს ხდება?
საფრთხე ხშირად სწორედ ასე იწყება - თავიდან თითქოს არაფერი ხდება, ხოლო როდესაც შედეგი თვალით ხილული ხდება, შეიძლება უკვე გვიანი იყოს" - ამის შესახებ თამაზ ბაკურიძე სოციალურ ქსელში წერს და ბათუმიდან, ბაგრატიონის ქუჩიდან ვიდეოს აქვეყნებს.
წყარო:
palitravideo.ge
კომენტარები (0)