საქართველოს მთავრობამ სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივ პროგრამაში ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმადაც, საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების უფასო სასკოლო ფორმებით უზრუნველყოფის არეალი გაფართოვდა. შესაბამისი ცვლილება მთავრობის 21 აგვისტოს №406 დადგენილებით შევიდა ძალაში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.
განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, პროგრამით მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებიც ისარგებლებენ.
უფრო კონკრეტულად, დოკუმენტის ახალი რედაქციით, პროგრამას დაემატნენ მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა კი 65 000-ზე მეტი და 120 001-ზე ნაკლებია.
როგორც დადგენილებაშია ნათქვამი, ბენეფიციართა იდენტიფიცირებას ახორციელებს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) - სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან ელექტრონული მონაცემთა ცვლის საფუძველზე. გადამოწმებული მონაცემები ფორმების მიწოდების უზრუნველსაყოფად შპს “საგანმანათლებლო რესურსებს“ ყოველწლიურად, არაუგვიანეს 27 აგვისტოსა გადაეცემა.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ პროგრამის დაფინანსება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის გამოყოფილი სახელმწიფო საბიუჯეტო ასიგნებებიდან ხორციელდება.
დადგენილება ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე.
ვინ მიიღებს სასკოლო ფორმას უფასოდ?
ცნობისთვის, სკოლის მოსწავლეების ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ 3 აგვისტოს გამოცემული დადგენილების თანახმად, ბავშვების ექვსი კატეგორია, რომლებიც სასკოლო ფორმებს უფასოდ მიიღებენ, უკვე განსაზღვრული იყო.
როგორც საწყის ეტაპზევე იქნა გათვალისწინებული, პროგრამის ფარგლებში, სასკოლო ფორმის ტანსაცმელი უსასყიდლოდ გადაეცემათ საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც:
ა) რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65001 ქულაზე ნაკლებია;
ბ) ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში;
გ) განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში;
დ) ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში;
ე) განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში;
ვ) 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.
პროგრამის ბენეფიციარებს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, უსასყიდლოდ გადაეცემათ დადგენილი ნიმუშის სასკოლო ფორმის ტანსაცმელი.
ამასთან, ცნობილი ხდება, რომ პროგრამის ბენეფიციარისთვის გადასაცემი სასკოლო ფორმის ტანსაცმელი შედგება: ბიჭისთვის − 1 პიჯაკისა და 2 შარვლისაგან; გოგოსთვის − 1 პიჯაკის, 1 შარვლისა და 1 ქვედაკაბისაგან.
შეგახსენებთ, რომ 2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ კომპანია შპს „გლორი ტექსტილი ინდასთრისგან“ შეიძენს. ეს კომპანია ჩინეთში დაფუძნებულია საწარმოა, საქართველოში კი რეგისტრირებულია 2026 წლის მარტში.
რაც შეეხება ფორმების ფასს, როგორც გოგონებისთვის, ასევე ბიჭებისთვის პიჯაკის ფასი 45 ლარი, ხოლო შარვლის 25 ლარი იქნება. ამასთანავე, მოკლე ქვედაკაბის ფასი 25 ლარით განისაზღვრა. 25 ლარი ეღირება გრძელი ქვედაკაბაც.
წყარო:
primetime.ge
კომენტარები (0)