სოციალური ქსელის მომხმარებელი მარიამ ჩუბინიძე ფეისბუკზე ემოციურ პოსტს ავრცელებს, რომელსაც ცრემლების გარეშე ვერ წაიკითხავთ. მისი საჯარო მიმართვა ტელეწამყვანის ნიკოლოზ ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიას ეხება.
„არავის გავუფრთხილებივარ, როცა შვილს ვაჩენდი, რომ ამ დღიდან ჯოჯოხეთის ყოველდღიური დოზების მიღებით გავაგრძელებდი ცხოვრებას. ვინ დაიჯერებდა ისედაც.
რატომ არ მერევა გული, რატომ არ ვარ მოთენთილი, რას შვრები მანდ მუცელში, ხომ კარგად ხარ, ბრინჯო, ლობიოს მარცვალო, ატმის კურკავ, ნესვო. ხომ ცოცხალი ხარ? ხერხემალი ხომ მთელია, ექიმო? ასეთი ჩქარი გულისცემა ხომ წესია, ექიმო?
სუნთქავ? საბანი ხომ არ გადაიფარე სახეზე? საჭმლის გადაცდენით ჯერ ბავშვი არ მომკვდარა. საჭმლის გადაცდენით ჯერ ბავშვი არ მომკვდარა! საჭმლის გადაცდენით ჯერ ბავშვი არ მომკვდარა!
სასრიალოზე ჯერ დაჯექი და მერე ჩამოსრიალდი. ისე გტკივა კბილი, როგორც დიდებს?! როგორ შეიძლება ისე გტკიოდეს, როგორც დიდებს?! ვერ გეტკინება ისე. ნახევარ კოვზს დაგალევინებ, წამალმაც არ შეგაწუხოს.
ფანჯარა დავკეტე? სკამი გამოვწიე. ცხელი ქვაბი სად დევს? რატომ დევს აქ ცხელი ქვაბი? რას აკეთებ, მარიამ, ცხელ ქვაბს ა რა უნდა? ძიძა მეტყვის თუ წაიქცევა? რომ არ მითხრას? რომ არ მითხრას? რომ შეეშინდეს და დამალოს?
სკოლაში როგორ ექცევიან?
წინასწარ ხომ არ დავხოცო ყველა, ვინც შეიძლება ჩემს შვილს ატკინოს? მეგობართან რომ ვარ, ხომ არ სწყინს?
როგორ გავიგო, როცა ვტოვებ, ხომ არ სწყინს? იქნებ არც სწყინს და ახლა ტყუილად უნდა დავაფიქრო ამაზე. დიდხანს ვერ ვიწვები, არ ეგონოს, რომ ცუდად ვარ. დედა რომ ცუდადაა, ყველაზე ცუდია. არ ვარ ცუდად. მართლა არ ვარ ცუდად.
ყველა გულგაგლეჯილი მოვალთ თქვენი შვილის საგლოვად, მაგრამ ვერ გავიზიარებთ თქვენს ტკივილს. ეს რომ ერთი წამითაც გავიზიარო, სამყარო უნდა დამექცეს თავზე. მაპატიეთ, შვილმკვდარო მშობლებო, ხვალიდან რომ აღარ ვიფიქრებ თქვენზე“, - წერს მარიამ ჩუბინიძე.
კომენტარები (0)