ყველასათვის საყვარელი სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ მთავარი სახე - ლევან ყოჩიაშვილი, რომელმაც დათო გოცირიძის როლი შესანიშნავად მოირგო, პროფესიიდან გამომდინარე ხშირად არის საზოგადოების ყურადღების ცენტრში, მაგრამ ცოტამ თუ იცის, როგორია მსახიობის ცხოვრება ეკრანს მიღმა, ვინ არის მისი მეუღლე რეალურად და რა აქვს საერთო დათო გოცირიძესთან.
დღეს „დაიჯესტი“ ამ ბლოგში სწორედ მსახიობის აქამდე უცნობ ამბებზე მოგიყვებათ:
კარიერა
მსახიობი ლევან ყოჩიაშვილი წყალტუბოში დაიბადა, შემდეგ კი ოჯახი საცხოვრებლად კახეთში გადავიდა. ბავშვობის გარკვეული წლები ბიჭვინთაშიც გაატარა. თბილისში საცხოვრებლად დედოფლისწყაროდან გადმოვიდა. როგორც თავად იხსენებს, თბილისში სასწავლებლად წამოსვლის წინა ღამეს, ოჯახმა ძალიან ინერვიულა, უფრო მეტიც, მამასთან ერთად ცოტა დალია. დაარიგეს, რომ ქალაქში არ უნდა მოდუნებულიყო და ამ მხრივ დღემდე ფორმაშია.
მსახიობი დღეს 43 წლის არის.
„მაქვს შეგრძნება, რომ ცხოვრების ნახევარი უკვე გავიარე. მაგრამ ცხოვრებისეული გამოცდილება დავაგროვე. თუმცა, მაინც, მთლად სასიამოვნო არ არის იმის გააზრება, რომ ნახევარი უკვე გავლილია“.- ამბობდა ლევან ყოჩიაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.
„ჩემი ცოლის დაქალებში„ მონაწილეობის გარდა, მსახიობი ლევან ყოჩიაშვილი ერთ-ერთი თურქული სერიალის გახმოვანებაზე მუშაობს. ამ საქმეში გამოცდილს, ბევრი დრო არ ეხარჯება.
პირველი როლი, მაშინ შეასრულა, როდესაც მეორე კურსის სტუდენტი იყო.
„მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა საკურსოსთვის „ფიფქია და შვიდი ჯუჯადან", ეტიუდის ფორმის ნაწყვეტში, მეშვიდე ჯუჯის - კვირას როლს ვთამაშობდი,“- ამბობდა მსახიობი.
„საკუთარი თავის მიმართ ძალიან კრიტიკულად ვარ განწყობილი. პირველად "ქაღალდის ტყვიაში" ვმონაწილეობდი. ჩემს "პირველ ნაბიჯებს" დავაკვირდი, თუ რა შეიძლებოდა, გამომესწორებინა. ძალიან ვნერვიულობდი, მაყურებლები როგორ შეაფასებდნენ. ახლაც ვნერვიულობ ხოლმე. მსახიობს ასეთი განცდები უნდა ეუფლებოდეს, ბოლომდე თავდაჯერებული ვერ იქნება.“
ჰგავხართ დათოს?
- 8 წელია ამ როლს ვთამაშობ და ალბათ, რაღაცით ვგავარ. დათო მზრუნველი კაცია, ამას ვერ წაართმევ, თანაც აშკარად ცდილობს, უკეთესი გახდეს.
მეგობრების წრეში ყოფნა კი უყვარს, მაგრამ ოჯახის მიმართ პასუხისმგებლობა აქვს, კარგი მამაა... ასეთი ვარ მეც, უბრალოდ, დათოსგან განსხვავებით, ორი შვილი მყავს და ორივე კანონიერ მეუღლესთან.
ბავშვობის სიყვარული
„პირველი გამოცდილება სკოლაში მივიღე, მასწავლებელი რომ შემიყვარდა. მეორედაც მასწავლებელზე ვიყავი შეყვარებული ქართულ სკოლაში. იმასაც სუნამო ვუყიდე და გავუგზავნე, შემოვიდა გაკვეთილზე და მერხზე დამიდო ეს სუნამო. რას აკეთებო, მკითხა (ეღიმება). მერე ნელ-ნელა გადავეჩვიე დიდი ქალების სიყვარულს. თუმცა მაინც 2 წლით უფროსი ცოლი მოვიყვანე,“- ამბობს მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში.
ცოლი და შვილები
ლევან ყოჩიაშვილი ჯერ კიდევ სტუდენტ იყო, როდესაც ოჯახი მარინა ყაჭაშვილთან შექმნა, წყვილი უკვე 23-წლიან თანაცხოვრებაში არიან და ორი შვილიც ჰყვათ - კესარია და ვასიკო.
მათი სიყვარულის ამბავი დიდი ხნის წინ დაიწყო. ლევანი სკოლის მოსწავლე იყო, ინგლისურში ემზადებოდა, თავისი მასწავლებლის შვილი როგორც კი დაინახა, ცოლის მოყვანაზე დაფიქრდა. მარინა ლევანზე ორი წლითაა უფროსი, მაგრამ ეს მათი სიყვარულისთვის ხელის შემშლელი არ ყოფილა.
ბევრჯერ უჩხუბიათ და შერიგებულან. თუმცა ბოლო ჩხუბი დიდხანს გაგრძელდა და რაღაც პერიოდი ლევანი და მარინა ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. ლევანი ამბობდა, რომ პირად ცხოვრებაში ყველაფერი წესრიგში არ ჰქონდა და საბოლოოდ, რა მოხდებოდა, არ იცოდა.
რას ამბობს მეუღლე, როცა დათოსა და ლევანს ადარებს?
- ლევანი ჯობიაო... ჩვენ უკვე 21 წელია ერთად ვართ. მარინა უცხო ენის სპეციალისტია. პატარები ვიყავით, ერთმანეთი რომ გავიცანით - მარინას დედასთან ვემზადებოდი ინგლისურში და... 7 წელი გვიყვარდა ერთმანეთი. მესამე კურსზე დავოჯახდი. გავიპარეთ. მაშინ მე 20 წლის ვიყავი, მარინა - 22-ის. გვყავს 20 წლის კესო და 12 წლის ვასიკო.
2018 წელს მსახიობს ბებია გარდაეცვალა, რაც მისთვის ძალიან რთული პერიოდი იყო.
„2018 წელს ბებია გარდამეცვალა. კარგი გრძნობაა, როცა დიდი ხარ და თან შვილიშვილი გქვია. მის გარდაცვალებასთან ერთად ჩემი და ჩემი ძმების ბავშვობა დამთავრდა. აღარცერთი ბებია და ბაბუა აღარ გვყავს, ის იყო ბოლო ძაფი, რომელიც ლამაზ წარსულთან გვაკავშირებდა და ამიტომ მისი დაკარგვა განსაკუთრებით მტკივნეული იყო,“- იხსენებს მსახიობი.
წყარო: digest.pia.ge
კომენტარები (0)