» ჯანქი » 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული პატიმრობა გაუქმდა

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული პატიმრობა გაუქმდა



7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული  პატიმრობა გაუქმდა
7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ - ლია ორკოდაშვილმა, ნინო ელიეშვილმა და მაია ქოქიაშვილმა მიიღო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლე ნინო ელიეშვილმა განმარტა, რომ სასამართლო სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გამოყენების აუცილებლობას ვერ ხედავს, რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილს და დავით კეზერაშვილს, რომლებიც ამ საქმეზე ბრალდებულები არიან, მოსამართლის თქმით, ახალი გარემოება არ ყოფილა წარმოდგენილი, რომ პატიმრობა გაუქმებულიყო, რის გამოც, პატიმრობა უცვლელად იქნა დატოვებული.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შეწყალების საქმეებზე. კერძოდ, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე სააკაშვილს შეფარდებული აქვს 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სანდრო გირგვლიანის საქმეზე 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, დღევანდელი გადაწყვეტილების მიუხედავად, სააკაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება.

წყარო: ​interpressnews.ge​​​

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+