ვის ეკუთვნის სახლი, სადაც ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლს ფიზიკურად გაუსწორდა? - აქ იმაზე მეტი რამ იმალება, ვიდრე რეალურად ჩანს
ხათუნა მიქაცაძის ადვოკატის თამარ ნებიერიძის ინფორმაციით, სახლი, სადაც შემთხვევა მოხდა, ელდარ კურტანიძის საკუთრებას არ წარმოადგენს.
"ამახინჯებენ ინფორმაციას, რომ ორდერი იყო გამოცემული და ხათუნა მიქაცაძე მიუვარდა სახლში - არა, ის საკუთრება ელდარ კურტანიძის საკუთრებას არ წარმოადგენს. აღნიშნული ქონება წილობრივი საკუთრებით ეკუთვნოდა ელდარ კურტანიძეს და ხათუნა მიქაცაძეს, დამცავი ორდერის გამოცემის შემდგომ ელდარ კურტანიძის წილი ფორმალური თუ მოჩვენებითი გარიგებით გადააფორმა მის ამჟამინდელ მეგობარ ქალზე - სოფიო მეფარიშვილზე“, - განაცხადა თამარ ნებიერიძემ.
ნებიერიძის ინფორმაციით, ხათუნა მიქაცაძეს თავის დარტყმის შედეგად აღენიშნება ტვინის შერევა და ხელზე, ფეხზე და ყელზე სხვადასხვა სახის დაზიანებები.
"როცა ხათუნა მიქაცაძემ ნახა, რომ სახლი ელდარ კურტანიძესთან თანასაკუთრებას აღარ წარმოადგენდა და მას გასხვისებული ჰქონდა ქონება, მოვითხოვეთ ახალ მესაკუთრესთან, სოფიო მეფარიშვილთან კომუნიკაცია - გავუგზავნეთ წერილი, ელექტრონულიც და ტელეფონის ზარიც, თუმცა უშედეგოდ. ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებითაც შევიტანეთ განცხადება, თუმცა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებიც არ შეუშვეს სახლში. ამ დავის ჭრილში ხათუნა მიქაცაძემ ქობულეთის პოლიციას მიმართა და უთხრა, რომ ის სახლში შესვლას და გასაღებების შეცვლას აპირებდა.
ამის შემდეგ ის მივიდა სახლში და შეცვალა საკეტები. სათადარიგო გასაღები კი კონკრეტულ მეზობელთან დაუტოვა მესაკუთრეს, სოფიო მეფარიშვილს და ამის შესახებ მან განცხადებაც დაწერა პოლიციაში. რა თქმა უნდა, ელდარ კურტანიძე ამას არ დაემორჩილა, გატეხა საკეტი და შეაღწია სახლში. ამის შემდეგ ხათუნამ გაიარა მის საკუთრებაში არსებულ სახლთან და დაინახა, რომ კურტანიძის მანქანა ჭიშკართან იდგა - მყისიერად გამოიძახა პოლიცია და მოახსენა, რომ მის საკუთრებაში იდგა კურტანიძე, რომელსაც მასთან მიახლოება შეზღუდული ჰქონდა და მოითხოვა რეაგირება. ისინი მოვიდნენ, თუმცა ნაცვლად იმისა, რომ კურტანიძის განრიდება მოეხდინათ, ისინი განრიდებას მიქაცაძისგან ითხოვდნენ. მათი თანდასწრებით კურტანიძე ფიზიკურად გაუსწორდა ხათუნა მიქაცაძეს და მიაყენა ფიზიკური დაზიანებები. მას თავის დარტყმის შედეგად აღენიშნება ტვინის შერევა და ხელზე, ფეხზე და ყელზე სხვადასხვა სახის დაზიანებები. დაზიანებები ფიზიკური შეხებით მიაყენა“, - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა.
"ინტერპრესნიუსი"
“კვარა გაოცებული იყო, როდესაც ეს გავაკეთე” – რას ამბობს ჯანლუიჯი დონარუმა კვარაცხელიას შესახებ
კომენტარები (0)