"შენი სხეული ერთ მშვენიერ დღეს ვიღაცის ცხოვრებას შეცვლის" - ეს სიტყვები ეშლი გრემს დედამ უთხრა, როცა გოგონა რთულ პერიოდს გადიოდა და მზად იყო, ყველაფერი დაეტოვებინა. სამოდელო აგენტებმა მას წონაში დაკლება ურჩიეს, მაგრამ გოგონა ვერაფერმა შეაჩერა: მალევე უდიდეს დიზაინერებთან თანამშრომლობა დაიწყო და მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების ათეულში შევიდა. მან ხასიათის საოცარი სიმტკიცე გამოავლინა და უამრავ ქალს მოტივაცია მისცა. დღეს მოდელის სხვადასხვა ფრაზას გაგიზიარებთ, რომლებიც თვითშეფასების ამაღლებაში დაგეხმარებათ.
დილის რუტინის შესახებ"შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, განსაკუთრებით თავიდან, მაგრამ ყოველ დილით სარკის წინ პოზიტიური განცხადებების გამეორებამ შესაძლოა მართლაც შეცვალოს მომავალი. როცა რთული პერიოდი მქონდა და ყველაფრის მიტოვება მინდოდა, საკუთარ თავს ველაპარაკებოდი და ვამბობდი: "თავდაჯერებული ვარ", "შესანიშნავი ვარ", "ლამაზი ვარ". ეს სამი მარტივი განცხადება იმ ჩიხიდან გამოსვლაში დამეხმარა, რომელშიც აღმოვჩნდი."
საპირისპირო ფსიქოლოგია"დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმ ბიზნესში შესვლას, რომელიც ჩემს სხეულს არ იღებდა. მოდის ინდუსტრია მზად არის, თქვენი გარეგნობა გააკონტროლოს, თუ ამის უფლებას მისცემთ. ამიტომ, მე საპირისპირო ფსიქოლოგიას ვაყალიბებდი და ყველა ასპექტს პოზიტიურად ვუყურებდი. არსებობს მარტივი წესი: თუ სხვების მიმართ კეთილგანწყობილი იქნებით, ისინიც ასე გიპასუხებენ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ინდუსტრიაში მუშაობთ, ყოველთვის შეგიძლიათ გარშემომყოფების მიმართ თანაგრძნობა გამოავლინოთ. ყველაზე დიდი გაკვეთილი, რაც ცხოვრებაში ვისწავლე, არის ის, რომ ჩვენ ყველანი გავდივართ სირთულეებს და მნიშვნელოვანია, როგორ გავუმკლავდებით მათ."
ნეგატიურ კომენტარებთან გამკლავება"ერთ დღეს კომენტარი მომწერეს: "თითქოს ორსულად ხარ", რაზეც მე ვუპასუხე: "არა, ძვირფასო, უბრალოდ მსუქანი ვარ". დიახ, მუცლის ქვედა ნაწილში ცხიმი მაქვს, მაგრამ ეს არ მიშლის ხელს, რომ ნახევარი სიცოცხლე საცურაო კოსტიუმში გავატარო. ამ კომენტარზე პასუხის გაცემისას მინდოდა ახალგაზრდა გოგონებისთვის მეჩვენებინა, რომ მსგავს კომენტარებზე რეაგირება შეგიძლიათ და ამაში ცუდი არაფერია."
საკუთარ სხეულზე ზრუნვა"არსებობს მცდარი წარმოდგენა, რომ პლუს ზომის ქალები არ ვარჯიშობენ, არ იკვებებიან სწორად და უბრალოდ, არ ზრუნავენ საკუთარ სხეულზე. გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს პირიქითაა! კვირაში სამიდან ხუთ დღემდე ვვარჯიშობ – ფიზიკური ვარჯიში ჩემთვის მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ ეს საკუთარ თავზე ზრუნვაა."
საკუთარი სურვილების შესახებ"მარტივად რომ ვთქვათ, მნიშვნელოვანია ვიზუალურად წარმოიდგინოთ ის, რაც ნამდვილად გსურთ და გჯეროდეთ, რომ ეს შეიძლება მოხდეს."
იმუშავეთ თქვენს მიზნებზე"ბევრი იმუშავეთ და გააკეთეთ ის, რაც ყოველდღე შემდეგ ეტაპამდე მიგიყვანთ და ერთი ნაბიჯით წინ წაგწევთ კარიერაში. არასოდეს გაჩერდეთ. თუ მართლა გჯერათ რაღაცის და გინდათ ამის გაკეთება, გააკეთეთ! მე ყველა შესაძლებლობით ვისარგებლე. არასდროს მითქვამს უარი და არასდროს დავნებებულვარ. არავის მივცემ უფლებას, წამართვას ის, რაც ჩემთვისაა შექმნილი."
წყარო:
beaumonde.ge
კომენტარები (0)