Meduza-ს ინფორმაციით, პარიზში მდებარე ანტისაომარ გალერეაში მუშაობს ქალი, რომელიც სავარაუდოდ ვლადიმირ პუტინის ქალიშვილია — ელიზავეტა კრივონოგიხი, ის რუსულ მედიაში ასევე ცნობილია სხვა სახელებით და გვარებითაც: ელიზავეტა რუდნოვა და ლუიზა როზოვა.
ჟურნალისტ ნასტია როდიონოვას თქმით, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს და ადგილობრივ არტ-ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობს, პუტინის შვილი L Galerie-ში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს. ეს გალერეა პარიზის XX ოლქში მდებარეობს და გამოფენების ანტისაომარ თემატიკაზეა ორიენტირებული, მათ შორის ეხება რუსეთის ომსაც უკრაინაში.
„ვფიქრობ, უპასუხისმგებლობაა ამაზე დუმილი. ხელოვანებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, ვისთან აქვთ საქმე“, — განუცხადა როდიონოვამ „მედუზას“. მისი თქმით, თავად გეგმავდა პროექტების წარმოდგენას L Galerie-ში და მასთან დაკავშირებულ Studio Albatros-ში, მაგრამ გადაწყვეტილება შეცვალა მას შემდეგ, რაც მენეჯერის კავშირი პუტინთან სავარაუდო გახდა.
ელიზავეტა რუდნოვა, როდიონოვას ინფორმაციით, იყენებს იმავე მობილურის ნომერს, რაც წარსულში ეკუთვნოდა პუტინის შვილს [ქორწინების გარეშე], ელიზავეტა კრივონოგიხს — სვეტლანა კრივონოგიხის შვილს. მათი დაბადების თარიღიც ემთხვევა. კრივონოგიხის დედა, სვეტლანა კრივონოგიხი, ფლობს წილებს რუსეთის სახელმწიფო ბანკ „Россия“-ში და „ნაციონალურ მედია ჯგუფში“, რის გამოც სანქცირებულია დიდი ბრიტანეთის მიერ.
უკრაინული არხის ТСН-ის ცნობით, რუდნოვა 2020 წლიდან სწავლობს პარიზში კულტურის მენეჯმენტის სკოლა ICART-ში და 2024 წელს კურატორობდა გამოფენას Julie Caredd-ის კერძო გალერეაში.
L Galerie-ს თანადამფუძნებელმა დმიტრი დოლინსკიმ დაადასტურა, რომ რუდნოვა მათთან მენეჯერად მუშაობს, თუმცა აღნიშნა, რომ ის თანამშრომლებს „საგვარეულო საკითხებზე არ ეკითხება“ და ამასთან “რომანოვების ოჯახივით ყველას დახვრეტას ვერ მოითხოვენ”.
გალერეა და მასთან დაკავშირებული სივრცე Studio Albatros მნიშვნელოვან პლატფორმად მიიჩნევა საფრანგეთში მცხოვრები რუსულენოვანი ხელოვანებისთვის. აქ გამოფენებზე წარმოდგენილი არიან როგორც რუსი, ასევე უკრაინელი ავტორები.
ერთ-ერთ პირველ გამოფენად გალერეაში იყო უკრაინელი მხატვრის, პინხას ფიშელის (Павел Фишель) პროექტი, რომელიც ომის დაწყების შემდეგ უკრაინიდან წავიდა.
ნასტია როდიონოვა და სხვა არტისტები ახლა ღიად აყენებენ კითხვებს: რამდენად ეთიკურია რუსული რეჟიმის ბენეფიციარებთან აფილირებული ადამიანების ყოფნა ანტისაომარ სივრცეებში — მაშინ, როდესაც მსგავსი პლატფორმები სწორედ პუტინის სისტემის წინააღმდეგ გამოსვლის შესაძლებლობას ქმნიან.
წყარო:
newposts.ge
კომენტარები (0)