"ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა... დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ" - მურმან ჯინორია
საქართველოში განვითარებული მოვლენების შედეგად მსახიობებმა თეატრალურ საზოგადოებას მოუწოდეს, გაემიჯნონ ხელისუფლების რეპრესიულ პოლიტიკას და დაიცვან მსახიობების, მოქალაქეების უფლებები... ambebi.ge მსახიობ მურმან ჯინორიას გაესაუბრა:
- ხვალ ხაშურში საქველმოქმედო კონცერტი იმართება, შემოსული თანხით გაჭირვებულ ადამიანებს დაეხმარებიან. არც ვიცი, ვისი ორგანიზებით ტარდება, მაგრამ რადგან საქველმოქმედოა, მონაწილეობას უყოყმანოდ დავთანხმდი. ჯანმრთელობა ხელს არ მიწყობს, ძალიან სუსტად ვარ, მაგრამ აუცილებლად უნდა წავიდე. ჰონორარის ორი-მესამედიც გადავდე, მათ გადასცენ, ვისაც ჭირდება. შობა-ახალი წელი მოდის და რაღაც რომ ჰქონდეთ.
- თბილისში მიმდინარე აქციებზე რას იტყოდით?
- მეცოდება ჩვენი ახალგაზრდობა...
- რატომ?
- იმიტომ, რომ მათი ცხოვრება ახლა იწყება. უნდათ ისეთი ცხოვრება ჰქონდეთ, როგორიც თვითონ უნდათ. იმიტომ მეცოდებიან, ყველაფერი იქითკენ, მათი სურვილებისკენ რომ არ მიდის. ჩვენ არ ვიცოდით სხვა ქვეყნებში როგორი ცხოვრება იყო, იმათმა იციან და აქაც იგივე უნდათ. ძალიან გულწრფელები, იდეურები არიან. ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა... მათი ცხოვრება უნდა იყოს სხვანაირი, აბა ჩემი ცხოვრება აწი რაღა არის? მე რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე ამ 50 წლის მანძილზე... ეკრანზე, არსად გამოჩენა არ მინდა! ჯერ ისევ სცენიდან ვამბობ სათქმელს. მონო-სპექტაკლში - „ქარი მწყურია მე პირდაპირი“ ყველაფერია... - საქართველო, ურთიერთობა, იმედი, სევდა... ერთხელ გალაკტიონ ტაბიძეს უთხრეს, ბატონო გალაკტიონ, თქვენი ბიოგრაფია რომ დაწეროთო და უპასუხა, დაწერილია ძამიკო, ჩემს ათ ტომში ყველაფერი წერიაო... ასეა, ჩემს მონო-სპექტაკლშიც ყველაფერია და ვისაც ეს შანსი არ აქვს, მან უნდა ისაუბროს... გამოვალ, მაყურებელს ყველაფერს ასე ვეტყვი, მაყურებელ უმეტესად სულ ცრემლები მოსდის. ლექსს კითხულობდე და მაყურებელს ცრემლი სდიოდეს, ეტყობა ჩვენს გენიოსებში ისეთი რამ არის, რაც ცრემლებს გვრის ადამიანს.
- მსახიობების ნაწილი გაიფიცა, ძალიან ხშირად ისმის გაჩერდით, გაიფიცეთო...
- გითხარით, რასაც ვაკეთებ, ხვალ აგერ მკვდარი კაცი მივდივარ, გაჭირვებულებს ოდნავ ყოფა რომ შევუმსუბუქო. რომ გავახარო, სულიერად და მატერიალურად. ეს შემიძლია გავაკეთო და ამაზე უკან არასოდეს დავიხევ, სანამ სული მიდგას! ჩემს ხალხს რომ მოვეფერო და იმედი მივცე, მითხარით, ამაზე მეტი რა გავაკეთო?! ვისაც რა უნდა ის გააკეთოს, მე ასე მსურს... მინდა ჩემი ახალგაზრდობა ბედნიერი იყოს! კარგი ცხოვრება ჰქონდეთ. თუ საზღვარგარეთ ისწავლიან, აქ მოვიდნენ და თავის ცოდნა, განათლება და სიყვარული თავის ქვეყანას მოახმარონ. ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს, ასე ყოფილა ისტორიულად! სხვა იმპულსი აქვთ, ტვინით კი არა, გულით გრძნობენ, რაც უნდათ. ამიტომაც ისინი ყოველთვის მართლები არიან. დაჩოქილი ვუხდი მადლობას, ასეთი კარგები რომ არიან. გაუმარჯოს ჩვენს ახალგაზრდობას! ღმერთმა სიკეთე მოგვცეს, მშვიდობიანი შობა და ახლი წელი...
კომენტარები (0)