ჰანდე ერჩელი დღეს თურქეთში ყველაზე პოპულარული გოგონაა, რომელსაც მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს. არადა, ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ ბევრი სულაც არ იცნობდა და არც თავად იფიქრებდა, რომ ყველაზე განხილვად მსახიობად გადაიქცეოდა.
28 წლის ჰანდე თურქეთის პატარა ქალაქ ბანდირმაშია დაბადებული. მამა ვაჭრობდა, დედა დიასახლისი იყო. ოჯახში კიდევ ერთი გოგონა იზრდებოდა, მისი და გამზე, რომელიც ტყუპისცალივით ჰყავდა სულ ჰანდეს და მისი საუკეთესო მეგობარია დღესაც.
ჰანდე თავიდანვე გამოირჩეოდა განსაკუთრებულიგარეგნობით, ამიტომ სილამაზის კონკურსებში მონაწილეობდა და იმარჯვებდა კიდეც. თუმცა გარკვეული პერიოდი საკმაოდ პუტკუნა იყო და ახლა ხშირად უხსენებენ ინტერნეტსივრცეში იმდროინდელ ფოტოებს. მაშინ ჯერ კიდევ მეორეხარისხოვან როლებს ასრულებდა ფილმებში.
როგორც თავად ყვება, საკმაოდ ამბიციური იყო, ამიტომ პროვინციული ქალაქი ძალიან ეპატარავებოდა და 17 წლისა გადაბარგდა სტამბოლში, სადაც სრულიად მარტო აღმოჩნდა. თუმცა ნებისყოფა და მიზანდასახულობა დაეხმარა, არ დაკარგულიყო დიდ ქალაქში და საკუთარი ოცნებების ასასრულებლად ებრძოლა.
2014 წელს გაიბრწყინა მისმა ვარსკვლავმა, როცა “გიუნეშის ქალიშვილებში” შეასრულა ერთ-ერთი მთავარი როლი და აქედან დაიწყო მისი კარიერული აღმასვლაც.
რამდენიმე წარმატებული როლის შემდეგ ჰანდეზე ნამდვილი ნადირობა დაიწყო. ეპატიჟებოდნენ შოუებში, მასთან აფორმებდნენ მრავალმილიონიან კონტრაქტებს. როგორც ყვება, ისე პერიოდი მუხლჩაუხრელად მუშაობდა და საერტოდ არ ისვენებდა. თუმცა 2018 წელს მოულოდნელად ბევრ პროექტზე თქვა უარი – დედამისს ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. ჰანდემ ყველაფერი სცადა, რაც კი შეიძლებოდა, დაატარებდა საავადმყოფოდან საავადმყოფოში, საუკეთესო ექიმებთან, გვერდიდან არ შორდებოდა დედას და აფინანსებდა ყველა ხარჯს, თუმცა ვერ უშველა და ეს მისთვის ყველაზე დიდი ცხოვრებისეული ტრაგედია იყო.
აქტიური ცხოვრებისკენ ისევ საქმეებმა მოაბრუნა და დღეს პოპულარობის პიკშია.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, რამდენიმე ცნობილ მამაკაცთან რომანს მიაწერდნენ. მათ შორის, მსახიობ ბურაკ დენიზთან, თუმცა წყვილი მალე დაშორდა ერთმანეთს.
ხოლო პროექტში “ჩემს კარზე დააკაკუნე” ჰანდე კერემ ბურსინს შეხვდა და ამბობენ, რომ მათ შორის მალევე გაჩაღდა მგზნებარე რომანი, რომელიც დღესაც გრძელდება.
კერემი 34 წლისაა და ასევე საკმაოდ ცნობილი მსახიობია, არა მხოლოდ სერიალების, არამედ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების და პოპულარულია ამერიკაშიც.
სტამბოლში დაიბადა 1987 წელს, ბიზნესმენისა და დიასახლისის ოჯახში. მშობლებთან ერთად ხშირად უწევდა საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა და უცხოვრია შვედეთში, ინდონეზიაში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. ამბობს, რომ ყველა ქვეყანამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე და იქაური ცხოვრების წესმაც იქონია გავლენა მის ჩამოყალიბებაზე.
ამბობს, რომ მსახიობობა ჟან-კლოდ ვან დამის ფილმების ნახვის შემდეგ დაიწყო. მამამისს უნდოდა, მისი საქმე გაეგრძელებინა შვილს, მაგრამ მან მაინც მსახიობობა ამჯობინა და არც შემცდარა. სპორტის სიყვარულის წყალობით კარგი აღნაგობაც ჰქონდა და მალე შეამჩნიეს აგენტებმა, მერე კი სამსახიობო ნიჭიც დაუფასეს და მალე იქცა ვარსკვლავად.
სანამ წარმატებას მიაღწევდა, მძღოლადაც უმუშავია, ბარმენადაც და დაცვაშიც იდგა. სანამ თურქულ კინოში გადაიღებდნენ, ამერიკულ მცირებიუჯეტიან ფილმებში თამაშობდა, მერე კი თურქული დიდებაც ეწვია და დღეს ძირითადად მშობლიური ქვეყნის პროექტებში მონაწეილეობს.
პირადი ცხოვრებაც მრავალფეროვანი ჰქონდა, რამდენიმე მსახიობთან მიაწერდნენ რომანს, მათ შორის – იაგმურ ტანრისევსინსა და სერენაია სარიკაიასთან ერთად. ამ უკანასკნელთან სერიოზული რომანი ჰქონდა და ამბობდა, რომ შეყვარებული იყო. დაქორწინებასაც გეგმავდნენ, თუმცა როგორც ამბობენ, სერენაიამ საქორწინო კონტრაქტი მოითხოვა, რამაც მათ ურთიერთობას ბზარი გაუჩინა და მალე დაშორდნენ კიდეც.
დღეს კი ის ჰანდესთან ერთადაა და ამბობენ, რომ წყვილი თავს ბედნიერად გრძნობს და დიდი გეგმებიც აქვთ.
კომენტარები (0)