მსოფლიოში ბევრი ხანდაზმული, საუკუნოვანი მცენარე ხარობს; მათ შორის არის ვაზიც. ამჯერად ძალიან დიდი ხნის ვაზის შესახებ გვინდა მოგითხროთ, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში,
ნიკო ნიკოლაიშვილის ეზო-კარში ხარობს. ბატონი ნიკო ამბობს, რომ სახლ-კარი და 300 წლის ვაზი შთამომავლობით ერგო.
- დავიბადე და გავიზარდე თბილისში, მაგრამ სტუდენტობის შემდეგ ქალაქში ყველაფერს თავი დავანებე და სოფლურ ცხოვრებას მივყევი. მანამდე აქ მოხუცი პაპა-ბებია მყავდა. 12 წელიწადია, წინანდლის სკოლაში ვმუშაობ, ინფომენეჯერი და ინფორმატიკის მასწავლებელი ვარ, მაქვს საოჯახო სასტუმრო და ჩემს მეურნეობას ვუვლი.
ჩვენი ვაზი 300 წლისაა. მასზე ბევრი დაწერილა. ზოგი მიუთითებს, რომ 100 წლისაა, ზოგი - 150-ის. უცხოეთიდან არაერთი მეცნიერი ჩამოსულა მის სანახავად. ბოლოს იტალიელებმა შეაფასეს და ლაბორატორიულად დაადგინეს, რომ 300 წლისაა. ასე რომ, ჩვენი ვაზი ევრაზიის სამეულში მოხვდა; ერთი სლოვენიაშია, რომელიც 400 წლამდეა, ერთი - ინგლისში და მესამე ჩვენია.
- რა ჯიშია?- ვერ დაადგინეს, ვერც ერთ კატალოგს ვერ მიუსადაგეს ვერც ქართველებმა და ვერც უცხოელებმა (იტალიელების გარდა, კანადელებიც იყვნენ, ჩილელებიც, სამხრეთაფრიკელებიც). მოკლედ, ჩვენს ვაზს დავუტოვეთ სახელი - ქართული ენდემური ჯიში.
- თქვენი წინაპრებისგან გადმოცემით რა იცით?- მამაჩემის დიდი პაპის დროინდელია. ის ეზოს ყოველთვის ამშვენებდა, ამასთან, მოსავლიანი იყო. ამ ვაზის ოჯახის სხვა ორი ძირიც იდგა ეზოში, რომლებსაც მეც მოვესწარი. პაპამ, ბავშვი ვიყავი, ერთი რომ მოჭრა. მოგვიანებით, მეორე მე მომაჭრევინა, რადგან გახმა. ვაზს ახლა ექცევა ყურადღება, ადრე ასე არ იყო - როცა ბერდებოდა, კაფავდნენ, რომ ახალი დაერგოთ და უფრო მოსავლიანი ყოფილიყო. მოკლედ, ეს შემორჩა და ოჯახის სიამაყე, რელიკვიაა... ვიცი, რომ ამის რქა თელავში, ერეკლეს მუზეუმის ეზოში ხარობდა. რომ ვკითხე, მითხრეს, ეს ვაზი 75 წლის არის, ცნობებში წერია, რომ რქა წინანდლიდან წამოიღესო...
- ანუ არ იცით, თავდაპირველად ვინ დარგო...- წარმოშობით ჩემი გვარი რაჭიდან მოდის. კახეთში ახლა მეხუთე თაობა ვართ. ეს სახლ-კარი ჩემმა დიდმა პაპამ ჭავჭავაძეებისგან შეიძინა. აქაურობა ალექსანდრე ჭავჭავაძის ტერიტორია და პარკი ყოფილა, უმეტესად, დეკორატიული მცენარეები და კვიპაროსები ხარობდა. არც დასახლება ყოფილა და არც ხეხილი ან ვაზი. ჩემმა დიდმა პაპამ კვიპაროსები ამოძირკვა და მათ ადგილას ხეხილი გააშენა. მერე კომუნისტებმა მის გარშემო მიწის ნაკვეთები მუშებსა და გლეხებს დაურიგეს.
- არ გიცდიათ, მისგან აჭრილი რქა გაგემრავლებინათ?- როგორ არა. ვისაც უთხოვია, ყველასთვის მიმიცია, მაგრამ თითქმის ვერავინ გაახარა. თავის დროზე ჩვენთან მომუშავე ღვინის ფრანგულმა კომპანიამაც წაიღო, თავიანთ სათბურში სცადეს გახარება, მაგრამ - უშედეგოდ. მე მხოლოდ ერთი რქისგან ვახარე ერთი ძირი და ერთიც კარდანახში გაახარა ნათესავმა. ჩემსას ჯერჯერობით არ დაუსხამს, ჩანს, მოსავალს გვიან იძლევა.
წაიკითხეთ სრულად
კომენტარები (0)