სულ ცოტა ხნის წინ ნანი ბრეგვაძის ფოტომ, რომელიც ზურა შევარდნაძის “გარდენიაშია” გადაღებული, დიდი მოწონება და უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა. საზოგადოება ხშირად აღნიშნავს, რომ 90 წელს მიღწეული ლეგენდარული მომღერალი შესანიშნავ ფორმაშია. თავად ნანი ბრეგვაძემ კი ცხოვრების სტილის შესახებ
primetime-თან ინტერვიუში ისაუბრა:
„რომ ამბობენ, ერთი დღით უნდა იცხოვროო, ანუ დღევანდელი დღითო, აქამდე მიკვირდა ამ თეორიის. ახლა აღარ მიკვირს. მივხვდი, რომ ყოველი დღე საჩუქარია და ისე უნდა იცხოვრო, რომ სანანებელი არ გქონდეს. მადლობა უნდა შევწიროთ უფალს ყოველი გათენებული დღისთვის. იმედი სულ უნდა გქონდეს. უიმედოდ ცხოვრება არაფრით არ შეიძლება, ფარ-ხმალი არ უნდა დაყარო. თუ არაფერი გინდა, სასოწარკვეთა გაქვს, შენ უკვე ავად ხარ, დეპრესიაში. ეს კარგს არაფერს მოგიტანს.
სულ იმედით უნდა იყოთ. რომ ვწევარ, ვფიქრობ, ოდესმე ხომ დადგება წასვლის დრო, მაგრამ არ მჯერა, რომ უნდა წავიდე. მსოფლიოში ერთადერთი ვარ, ვინც ფიქრობს, რომ სულ უნდა ვიყო, სულ ვიცხოვრო. ვერ წარმომიდგენია არარსებობა. ღმერთს ვთხოვ, როცა ჩემი წასვლის დრო მოვა, ისე წამიყვანოს, რომ ლოგინად არ ჩავვარდე, მოსავლელი არ ვიყო. ძილში წავიდე, რომ ვერ მივხვდე. ცხოვრება არ მომბეზრებია. სიცოცხლე ძალიან მინდა. ძალიან, ძალიან შეყვარებული ვარ სიცოცხლეზე. ჩვენს ეზოში ყვავილებით ისეთი სილამაზეა, ცქერით ვტკბები, ვწყნარდები. ეს ეკას დამსახურებაა. სამი აივანი მაქვს. გარშემო სულ ჩიტების ჭიკჭიკი ისმის. უშველებელ ნაძვზე ციყვები დახტიან… ბუნება მამშვიდებს.
თავის შეკავებაა კიდევ ის აუცილებელი, რასაც გირჩევდით. თუ გაბრაზდებით, ცხელ გულზე პასუხისგან თავი შეიკავეთ. რამდენიმე დღეში გადაგდის ბრაზი და მერე გიხარია, რა ბედნიერებაა, რომ არაფერი ვუპასუხეო. შენ სასარგებლოდ მოდის ყველაფერი, მით უფრო, თუ მართალი ხარ. შინაგანად ვერ ვგრძნობ ასაკს. სულ მეგონა, რომ ახალგაზრდა ვარ იმათ შორის, ვის კომპანიაშიც ვიყავი ან ვარ. შინაგანად ბებია კი არ ვარ, მაინც ახალგაზრდული განწყობები მაქვს. ასე რომ, წყნარად ვუყურებ ასაკს, ძალიან წყნარად” – ამბობს ნანი ბრეგვაძე.
წყარო :
times.ge
კომენტარები (0)