ნათელა ბიჩელაშვილი თიანეთის რაიონის სოფელ საყდრიონში ცხოვრობს. უყვარს შრომა და ბავშვობიდან თავდაუზოგავად მუშაობს. ჰექტარობით მიწას ამუშავებს, მოჰყავს მოსავალი, უვლის ფერმას და ეს დიდ სიამოვნებას ანიჭებს. წუხს, რომ სოფლიდან ახალგაზრდები მიდიან, რადგან იქ სამუშაოს ვერ შოულობენ, არადა, ადრეულ წლებში საყდრიონში სიცოცხლე დუღდა და იქიდან წასვლაზე არავინ ფიქრობდაო. – აქაური ვარ, აქ დავიბადე და მიყვარს ჩვენი სოფელი. მშრომელ ოჯახში გავიზარდე. ოთხ დედმამიშვილს (ორი ბიჭი და ორი გოგო) ბავშვობიდან ჩვენ-ჩვენი საქმე გვქონდა. სოფელში მეურნეობას ყველა უძღვებოდა და ჩვენი ოჯახიც სულ შრომაში იყო, ვუვლიდით საქონელს, ფრინველს, ბაღს, ბოსტანს. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი დავამთავრე, პროფესიით აგრონომი ვარ. მეურნეობაში მეთესლე აგრონომად ვმუშაობდი. მერე, იჯარით მიწის გაცემა რომ დაიწყო, მეურნეობის დირექტორს რაიონის ხელმძღვანელისგან დაევალა, სოფელში ბოსტნის დამუშავება დაგვეწყო. მეურნეობის დირექტორმა რატომღაც მე მითხრა, ყოჩაღი ხარ, ხალხი აიყვანე და მუშაობა დაიწყეთო. 5 ჰა გავიპიროვნეთ. 3 ჰა-ზე კომბოსტო მომყავდა, 1 ჰა-ზე – პომიდორი, სტაფილო და სხვა ბოსტნეული. 100 ტონა კომბოსტო მოვიწიეთ და მაშინ ასეთი მოსავლიანობა ჩვენს რაიონში წარმოუდგენელი იყო. ეს საქმიანობა 1992 წელამდე გაგრძელდა.
– რადგან 90-იანების გამო ცხოვრება აირია? – დიახ და პროფესიის შეცვლაც მომიხდა – ჩავაბარე მაშინდელ პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში და დამთავრების შემდეგ ისევ ჩვენს სოფელში დავიწყე მუშაობა. მერე დაწყებითი სკოლის დირექტორი გავხდი. კუპონი რომ შემოვიდა, ხელფასი 54 კუპონი მქონდა. სკოლაში 2001 წლამდე ვმუშაობდი, მერე ოჯახს მეტი დასჭირდა. ფერმა უკვე მქონდა, მაგრამ მცირე ხელფასით პრობლემებს ვეღარ ვწვდებოდი. შვილებს მოსამზადებლად თანხა სჭირდებოდათ, ამიტომ ორი წლით სამუშაოდ ისრაელში წავედი, მაგრამ იქ 8 წელიწადს დავყავი. ჩემმა შვილებმა განათლება მიიღეს, ბიჭი იურისტია, გოგო – ექიმი და დღეს თავ-თავიანთი საქმე აქვთ.
– ისრაელში რომ წახვედით, ფერმა ვის ჩააბარეთ? – 94 სული საქონელი მოსავლელად ჩემს ქმარს დავუტოვე. ის უვლიდა, მე კი სულ ტელეფონზე ვიყავი ჩამოკიდებული, მაგრამ რომ ჩამოვედი, ფერმაში მხოლოდ 27 სული საქონელი დამხვდა… მერე მეუღლე ბუღამ დააშავა და თირკმლის სიმსივნე განუვითარდა. ოპერაციაც გავუკეთეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ამის შემდეგ ის 27 სული 200 სულად ვაქციე… ყოველ დილას სახლიდან ხუთის ნახევარზე გავდივარ და 10 საათზე ვბრუნდები, მერე საღამოს ისევ მიწევს გასვლა, რომ საქონელი დავაბინავო, მოვწველო. ყოველდღე უთენია სიბნელეში ფერმამდე კილომეტრ-ნახევარს ფეხით გავდიოდი. მეზობლებს უკვირდათ, მგლების არ გეშინია, მაგ მინდორზე ფეხით რომ დადიხარო?! ეზოში ჩემი მეუღლის “ნივა” გვედგა და მანქანის მართვა ვისწავლე. მერე ის მანქანა გავყიდე და სხვა ვიყიდე. ახლა ფერმაში იმით დავდივარ.
– თქვენი ფერმა რა სამეურნეო ამოცანას ასრულებს? – შპს შევქმენი, 70 ძროხას ვწველი და რძეს ვაბარებ. ადრე ყველი ამომყავდა, ბაზარშიც ჩამქონდა და ვყიდდი. დავტვირთავდი პარასკევს მანქანას პროდუქტით და გლდანის ბაზარში მივდიოდი. მანქანაში მიწევდა გათენება, რადგან ღამით უნდა ჩავსულიყავი, რომ დილისთვის იქ ადგილი შემენახა. ეს ყველაფერი ცოტა რთული იყო და გადავწყვიტე, მხოლოდ რძე ჩამებარებინა. ხანდახან საქონელსაც ვყიდი. 25 სული მოზვერი მყავს, შარშან უნდა გამეყიდა – შემოდგომით ვყიდი ხოლმე, მაგრამ პანდემიამ ყველაფერი გააჩერა და კლიენტიც აღარ გამოჩნდა.
– საქონლის ფერმის გარდა კიდევ რას უვლით? – 70 ქათამი მყავს – ეს ისე, ჩვენთვის, სახლში. ვამუშავებ მიწას. შარშან 2, 5 ჰექტარზე სიმინდი მქონდა დათესილი და 40 ტონამდე მოვიყვანე. ასევე კარტოფილი, ლობიო – ყველა სათოხნი კულტურა მომყავს. კარტოფილი კარგად რომ მოვიდეს, ხელით ორჯერ მაინც უნდა გათოხნო. აქ ტრაქტორს გაატარებენ ხოლმე, მე კი ტრაქტორი არ შემყავს, რადგან კარტოფილს თავებს აწყვეტს. ბალახი სანამ პატარაა, არა უშავს, ადვილად ერევი, თორემ თუ მოძლიერდა, ვერაფერი უშველის. ჩვენს სოფელში ბოსტნეულიდან ყველაფერი მოდის, ბარაქიანი მიწაა. ერთი ეგ არის, წყალი არ გვაქვს, მაგრამ თიანეთი ისეთი რაიონია, არ ცხელა. მოკლედ, ყველანაირი პროდუქტი მოვა, თუ ადამიანი მოინდომებს.
ინტერვიუს სრულად სანახავად იხილეთ ბმული.
კომენტარები (0)