არასოდეს ვყოფილვარ სულით მოღალატე და მით უმეტეს, არ მჩვევია ასეთი რამ მეგობრების, ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანის მიმართ.
თუმცა, ქმრის ღალატი მომიწია და ამაში ნამდვილად ვერავინ დამადანაშაულებს. ათი წლის გათხოვილ ქალს ერთი დღეც კი არ მიგრძნია პირადი ბედნიერება. მხოლოდ საჭმლის მოტანა, ტანსაცმლის ყიდვა და ოჯახში ჩუსტებით კაცის სიარული, იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ქალი მის გვერდით ბედნიერია? თუმცა, დამეფიცება, სხვა მამაკაცისკენ არც კი გამიხედავს. რამდენიმე თვის წინ მუშაობა დავიწყე და იქ გავიცანი არაჩვეულებრივი მამაკაცი. თავიდან მასზე სხვანაირად არც კი მიფიქრია და არც სხვა თვალით შემიხედავს. თვითონაც მოზომილად იქცეოდა. ბოლო პერიოდში, დილით სამსახურში მისულს, ხან რა მხვდებოდა მაგიდაზე და ხან რა, სხვადასხვა წარწერებით: ულამაზეს ქალბატონს... უმშვენიერეს ქალს... სამყაროს ყველაზე საყვარელ ადამიანს... სიმართლე გითხრათ, ვფიქრობდი, რომ ეს მისი ნამოქმედარი იყო, თუმცა, არ იმჩნევდა და ისეთი სახით აივლიდა და ჩაივლიდა, ვერც კი მიხვდებოდი. რასაკვირველია, არ უარვყოფ, მსიამოვნებდა ასეთი ყურადღება და თბილი სიტყვები. ერთ დღესაც დამლაგებელს ვკითხე: ადრე მოდიხარ და თვალი ხომ არ მოგიკრავს, ვინ დებს ჩემს მაგიდაზე საჩუქრებს-მეთქი. ჩაეცინა: კი დავინახე, მაგრამ ჩემი მხრიდან მისი გაცემა უხერხულია, არ მინდა, გაიგოს, რომ ენა მოგიტანეო. დავაძალე, ვეხვეწე, ვემუდარე, ვთხოვდი, არ ვიტყვი, შენ რომ მითხარი, ქალი ხარ და გამიგე-მეთქი და გამოტყდა: ზურაა. არაერთხელ შემიმჩნევია, შენს ოთახში რომ შედის საჩუქრით ხელში ან ოთახიდან გამოდისო. შევპირდი, არ ვიტყვი, რომ შენ გამიმხილე ეს საიდუმლო-მეთქი და ასეც იყო. ზურამ დღემდე არ იცის, რომ დამლაგებელი გამომიტყდა. თუმცა, სადამდე გააგრძელებდა, ალბათ, მალე თავად მეტყოდა. მეორე დღეს ისევ დამხვდა საჩუქარი მაგიდაზე და მაშინვე ესემესი მივწერე: „ბატონო ზურა, დიდი მადლობა ჩემი განებივრებისთვის“. და, აქედან დაიწყო ყველაფერი. იმ დღეს, სამსახურის შემდეგ, ცოტა ხნით კაფეში დავსხედით და სიყვარულში გამომიტყდა. მითხრა: დიდი ხანია, თვალს არ გაცილებ, ვიწვი შენი სიყვარულით. ვიცი, ქმარი გყავს და ჩემი მხრიდან ცუდი საქციელია, მაგრამ მეც გამიგეო. იმდენად მსიამოვნებდა მის გვერდით ყოფნა და საუბარი, რომ არ შემიჩერებია და არც მისი სიტყვები გამიპროტესტებია. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, დავიწყეთ ფარული შეხვედრები და მივხვდი, ეს ის ადამიანია, ვის გვერდითაც თავს ნამდვილ ქალად ვგრძნობ, მიხარია ცხოვრება და სამყარო ჩემი მგონია. არ მინდა, ქმარს გული ვატკინო, მისგან ჩხუბიც კი არ მახსოვს, მაგრამ ასე ცხოვრებაც აღარ შემიძლია, თან, როდემდე დავმალავ ან რა დაიმალება? ვიცი, დანაშაულს ჩავდივარ, ჩემი გაშორება ქმართან მისთვის დიდი ტრავმა იქნება და ამას ვერიდები. არადა, ზურამ ორ თვეში ის მაგრნობინა, რაც ათი წლის განმავლობაში ჩემი ქმრისგან არ მიგრძნია. ესეც მაძალებს: მეც კაცი ვარ, არ მინდა დამალულად გხვდებოდე და მერე ვფიქრობდე, რომ ქმრის გვერდით წევხარ, თავმოყვარეობა მეც მაქვსო. მესმის მისი, მაგრამ ჯერ თავს ვიკავებ. ვიცი, რამხელა სტრესი იქნება ოჯახის დანგრევა ჩემი და ჩემი ქმრის მშობლებისთვის, შვილისთვის, რომელიც ცხრა წლისაა და გიჟდება მამამისზე. არადა, ყოველი დილის გათენება მიხარია, რადგან ვიცი, სამსახურში მისული ზურას ვნახავ და ის აუცილებლად სიურპრიზს დამახვედრებს. დამიჯერეთ, ყველა ქალს სიამოვნებს მსგავსი დამოკიდებულება და არავინ თქვას, რომ ამაზე უარს იტყვის, თუ ქმრისგან ვერ გრძნობს იმას, რასაც უნდა განიცდიდეს. ალბათ, ბევრი ჩამქოლავს და გამკიცხავს, მაგრამ მეც ადამიანი ვარ, მეც მაქვს გრძნობები, მინდა ის ბედნიერება განვიცადო და თავი სრულფასოვან ქალად ვიგრძნო, რაც წლებია, მაკლია.
ნუკი, 35 წლის.
წყარო:
tbiliselebi.ge
კომენტარები (0)