» ჯანქი » "ქმრის ძმაკაცი მომვარდა და ჩემი კოცნა სცადა, ბებერ ქმართან ცხოვრობ, ნუთუ ჩემს მკლავებში არ გინდაო..."

"ქმრის ძმაკაცი მომვარდა და ჩემი კოცნა სცადა, ბებერ ქმართან ცხოვრობ, ნუთუ ჩემს მკლავებში არ გინდაო..."



"ქმრის ძმაკაცი მომვარდა და ჩემი კოცნა სცადა, ბებერ ქმართან ცხოვრობ, ნუთუ ჩემს მკლავებში არ გინდაო..."
ქმარი ჩემზე 14 წლით უფროსია, ის უზომოდ მიყვარს. სკოლაში დავდიოდი, რომ  გავიცანი. პატარა გოგო მაშინვე მომხიბლა მისმა ვაჟკაცობამ და სიგიჟემდე  შემიყვარდა.
სკოლა რომ დავამთავრე, თავს უფლება მივეცი, მის მიმართ სიმპათიები  გამომემჟღავნებინა. აირიდა ჩემი ყურადღება. მიმანიშნა, რომ მასზე პატარა  ვიყავი და ჩემთან ურთიერთობას არ აპირებდა. 
ლექსებს ვწერდი, მოთხრობებს და ყველას მას ვუძღვნიდი. თავს ვერ ვიკავებდი,  გრძნობებს ვერ ვმალავდი და მას ყველაფერს ვაკითხებდი. ჩემს სიყვარულს  არავისთან ვმალავდი, ოჯახშიც იცოდნენ, რომ მიყვარდა.
მამა მეუბნებოდა, თავს მოვაჭრი, ერთი სიტყვა რომ გითხრას და სხვანაირად  შემოგხედოსო. ჩემს სიყვარულს კი გატაცებად მიიჩნევდნენ, რომელიც დროსთან  ერთად გადამივლიდა და დამავიწყდებოდა. ამიტომაც არ ჰქონდათ მძაფრი  რეაქციები, ღიმილით მისმენდნენ და ელოდებოდნენ იმ დღეს, როცა სხვა  შემიყვარდებოდა.
მშობლები იმიტომ მიგებდნენ, რომ ორივენი სკოლაში მუშაობდნენ, ფილოლოგები იყვნენ.  ლექსებს მამაც წერდა, ამიტომ ჩემი ძალიან კარგად ესმოდა. ხშირად  მეხუმრებოდა, იმიტომ არ ვეწინააღმდეგები შენს აკვიატებას, რომ ასეთ კარგ  ლექსებს გაწერინებსო.
ჩემი სიყვარული ბოლოს მის გულშიც შევიდა, ყურადღება მომაქცია. ახლა მეცინება  ჩემს საქციელზე, მაგრამ მაშინ ვცდილობდი, დიდი გოგოს შეხედულება მქონოდა.  ისეთ ვარცხნილობას ვიკეთებდი და ისე ვიცვამდი, დიდს რომ დავმსგავსებოდი.  სინამდვილეში კი ის სწორედ ჩემმა ბავშვურმა საქციელმა, მიამიტობამ მოხიბლა.
პირველ კურსს ვხურავდი, როცა უნივერსიტეტში მანქანით მომაკითხა, მთხოვა,  გავისეირნოთ, შენთან სალაპარაკო მაქვსო. ახლაც არ მახსოვს, იმ დღეს რა  მითხრა, მაგრამ მახსოვს, როგორ ვერ ვიმორჩილებდი ხელებს, ფეხებს, მთელი  სხეული მითრთოდა. მხოლოდ ტუჩების მოძრაობას ვხედავდი, ყურში კი ხმები  გუგუნად ჩამესმოდა.
მეორე დღესაც შემხვდა. მაშინ შედარებით მშვიდად ვიყავი, უკვე ვარჩევდი სიტყვებს, წინადადებებს, ვხვდებოდი, რას მეუბნებოდა. მიხსნიდა, რომ ასაკობრივი  სხვაობა ჩვენ შორის ბევრ წინააღმდეგობას ქმნიდა. მომწონხარ, მაგრამ ჯერ  კიდევ ბავშვი ხარ, არ მინდა, მერე აზრი შეიცვალო და გამომიცხადო, აღარ  მიყვარხარო.
საქმე ის იყო, რომ მას ცოლი ჰყავდა, რომელმაც მიატოვა და ბავშვიც დაუტოვა  გასაზრდელად. ის ქალი შვილს არც აკითხავდა, სხვა ოჯახი შექმნა და იქ იყო  ბედნიერი. მე კი ჩემს საყვარელ მამაკაცში ისიც მხიბლავდა და მიზიდავდა, რომ საოცარი მამა იყო. მზად ვიყავი, მისი შვილისთვის დედობა გამეწია,  შემეყვარებინა, მოკლედ, ყველაფერი გამეღო მისთვის.
მასაც შევუყვარდი, უჩემოდ ვეღარ ძლებდა, მაგრამ არაფერი უთქვამს, ისევ შორს  ეჭირა თავი. ერთ დღეს კი მამაჩემთან მოვიდა სალაპარაკოდ. მერე გავიგე,  რაზეც ილაპარაკეს. თურმე უთხრა, თქვენი შვილი შემიყვარდა, მაგრამ მისთვის  არ მითქვამს, თუ ამ ურთიერთობის წინააღმდეგი ხართ, შორს, რუსეთში  გადავიკარგები, რომ როგორმე მეც დავივიწყო და თქვენს შვილსაც აღარ  გავახსენდეო.
მამამ უთხრა, თქვენ შორის ვერ ჩავდგები და წინააღმდეგობასაც ვერ გაგიწევთო.  მოკლედ, ჩვენს სიყვარულს წინ ვერაფერი აღუდგა და შევუღლდით. სამი შვილი  გვყავს, აქედან ორი მე გავუჩინე და უბედნიერესები ვართ. ჩემთვის პირველ  ადგილზე ისევ ჩემი ქმარია. არ ვაზვიადებ, ჯერ ის არის, მისი ინტერესები და  მერე – შვილების.
ამ ყველაფერს არც მოვყვებოდი, ერთი რამის დაწერას რომ არ ვაპირებდე. ამხელა  შესავალი იმისთვის დამჭირდა, რომ კარგად მიხვდეთ, ახლა რა მდგომარეობაში  ვარ.
რამდენიმე კვირის წინ ქმრის ძმაკაცი მოვიდა ჩვენთან. სახლში მარტო ვიყავი, მაგრამ  ჩვეულებრივად შემოვუშვი. ჩემს ქმარს ბევრი მეგობარი ჰყავს და მათ ძმებივით  ვუყურებ. ეს კაცი მათ შორის ყველაზე ახალგაზრდაა და სულ რაღაც 4 წელია, რაც მათ დაუმეგობრდა. ბიზნესები გააერთიანეს და საქმიანი პარტნიორები უფრო  არიან, ვიდრე მეგობრები, თუმცა ჩვენთან ხშირად მოდის, მთელ ოჯახთან  ახლობლობს.
იმ დღეს ცოტა ნასვამი იყო. მე ყავა, კონიაკი მივართვი, ტკბილეული და ხილიც  დავუდე და ჩემი საქმე გავაგრძელე, თან შვილს ველაპარაკებოდი, მაღაზიებში  საყიდლებზე იყო, იქიდან რჩევას მეკითხებოდა, ტანსაცმლის ფოტოებს მიგზავნიდა და ამით ვიყავი დაკავებული.
ბავშვთან საუბარი დავასრულე თუ არა, ეს კაცი მომვარდა და ჩემი კოცნა დააპირა.  ვუყვირე, ამას როგორ კადრულობ, ჩემი სახლიდან ახლავე წადი-მეთქი. ყვირილზე  კიდევ უფრო გაცოფდა, ხელი გამიკავა, მეუბნებოდა, ბებერ ქმართან ცხოვრობ,  ნუთუ ახალგაზრდა კაცის მკლავებში არ გინდაო.
არ ვიცი, იმხელა ძალა როგორ აღმომაჩნდა, რომ მოვიგერიე. აბაზანაში შევვარდი  და კარი გადავკეტე. მადლობა ღმერთს, ტელეფონიც მქონდა, ბავშვს რომ  ველაპარაკებოდი, წესიერად არც მქონდა გათიშული, რომ ის მხეცი მომვარდა,  ამიტომ მობილური ხელში შემრჩა. იქიდან დავემუქრე, პოლიციაში ვრეკავ-მეთქი.  შეეშინდა და სახლიდან გავარდა.
არაკაცი, არაადამიანი! ჩემი ქმარი დღემდე თბილად ესაუბრება, ხშირად ახსენებს ხოლმე. ჩვენთან მას შემდეგ აღარ მოსულა, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. არ მინდა, ჩემს ქმარს ამ არაკაცთან ჰქონდეს ურთიერთობა, ადამიანთან, რომელმაც ჩემი დიდი  სიყვარულის შებღალვა სცადა.
ჩემმა მეუღლემ ეს ყველაფერი რომ გაიგოს, არ აცოცხლებს, მოკლავს. იმ არაკაცის  გამო კი ქმარი რატომ გავაბოროტო? ჩვენმა უფროსმა შვილმა, ჩვენმა ბიჭმა, რომ გაიგოს, არც ის აპატიებს. მას დედასავით ვუყვარვარ, ჩემს მზეს ფიცულობს და იმ მოძალადეს თავს მოაჭრის. მხოლოდ ამის გამო ვაფარებ ხელს, მხოლოდ ამის  გამო ვითმენ, რომ თვალები არ ამოვკორტნო!
მოვახერხებ, რომ ეს წერილი ხელში ჩაუვარდეს. დიახ, ეს მუქარაა, ჩემი ხელით ამოვკორტნი  თვალებს, ახლოს რომ მომეკაროს! ვურჩევ, ჩემს ქმარსაც ჩამოშორდეს.
და კიდევ ერთს ვეტყვი – სიყვარული წლებით და ასაკით არ იზომება. თუ ნამდვილად გიყვარს, ეს სამუდამოა. უფალს ვევედრები, ჩემი ქმრის სიყვარულის გარეშე  წამი არ მაცხოვროს. თუ ეს საოცრება ოდესმე უნდა დამთავრდეს, ჯობია, ახლავე  მოვკვდე.

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+