აშშ-ში ქურდმა ბავშვიანი მანქანა გაიტაცა, შემდეგ ბიჭუნა დააბრუნა და მშობელს უსაყვედურა
ორეგონის პოლიცია ეძებს უცნობ კაცს, რომელმაც მაღაზიის შესასვლელთან დაპარკინგებული მანქანა გაიტაცა. მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ მანქანაში 4 წლის ბიჭი იჯდა, მან ბავშვი დედას დაუბრუნა და მანქანის პატრონს "ლექციაც წაუკითხა" ბავშვის დატოვების გამო.
როგორც სამართალდამცავები ამბობენ, დაბრუნების შემდეგ ქურდმა დედას მოსთხოვა მანქანიდან ბავშვი გადაეყვანა, შემდეგ მას პოლიციის გამოძახებით აქეთ დაემუქრა და მანქანა ისევ წაიყვანა.
"კიდევ კარგი, პატარა უვნებელი დააბრუნა", — ამბობს ადგილობრივი პოლიციელი, მეთ ჰენდერსონი.
როგორც დედა, კრისტალ ლერი ამბობს, მან მანქანა მაღაზიის კარებთან გააჩერა, კარები არ დაკეტა, შვილი შიგნით დატოვა, თვითონ კი ხორცის და რძის საყიდლად გადავიდა.
"ბავშვისგან 4 მეტრში ვიყავი, უბრალოდ მაღაზიის მინის კარების მიღმა", — ყვება ის, თუმცა როცა შებრუნდა, ქურდმა დრო იხელთა და მანქანა გაიტაცა.
სამართალდამცავების განცხადებით, მანქანა საათების შემდეგ პორტლენდში, გატაცების ადგილიდან 12 კილომეტრში იპოვეს.
წყარო: on.ge
კომენტარები (0)