რუსეთის იმპერიაში თავისი მრავალთვიანი მოგზაურობა ალექსანდრე დიუმამ პეტერბურგიდან დაიწყო, სადაც იგი 1858 წლის 22 ივნისს ჩავიდა.
"სამი მუშკეტერის" ავტორს მოგზაურობაში თან პარიზელი მხატვარი ჟან-პიერ მუანე ახლდა. მოსკოვში მას, როგორც თარჯიმანი, შეუერთდა მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელსაც დიუმა მოიხსენიებს მხოლოდ გვარით - კალინო.
დიუმამ იმოგზაურა კოსტრომაში, ნიჟნი ნოვგოროდში, ყაზანში, სარატოვში, ასტრახანში, ყიზლარში, დერბენტში, და ბაქოს გავლით თბილისში ჩამოვიდა. მისმა ჩანაწერებმა, რომლებმაც შეადგინა წიგნი "კავკასია", მსოფლიო მკითხველს საქართველოს ისტორია და გეოგრაფია, ქართველების ყოფა-ცხოვრება და ზნე-ჩვეულებანი პირველად ყველაზე საფუძვლიანად გააცნო.
"სამი მუშკეტერის" ავტორი აღფრთოვანდა დასავლეთ საქართველოს ქალების სილამაზით: "მთელი ძველი კოლხეთის ქალები საუცხოონი არიან, - ჩვენ გვინდოდა გვეთქვა: ქართველ ქალებზე უფრო ლამაზები, მაგრამ აქ დროულად გაგვახსენდა, რომ სამეგრელო, იმერეთი და გურია ყოველთვის საქართველოს ნაწილები იყო… მეგრელი ქალები, განსაკუთრებით, ქერათმიანები შავი თვალებით და შავგვრემანები ცისფერი თვალებით - დედამიწის ზურგზე ყველაზე ლამაზი ქმნილებები არიან".
კომენტარები (0)