ძიუდო

 2018/12/05 20:17

ძიუდო
ზურაბ ზვიადაური: ქევხიშვილი ფედერაციის სკამზე უსულო საგანივით დევს
ავტორი
ნინო ახობაძე

ათენის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული,ზურაბ ზვიადაური სპორტიდან წავსლის შემდეგ, ძიუდოს და ჩვენი ნაკრების ერთგულ გულშემატკივრად რჩება. ის იყო პირველი, ვინც ძიუდოში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, საზოგადოებას ღიად მიაწოდა ინფორმაცია.

ზვიადაურს, ძიუდოში არსებული პრობლემებისა და ფედერაციაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, Sport24 ესაუბრა.

– თქვენ მიერ სოციალურ ქსელში პოსტის გამოქვეყნებისას, იცოდით, რას გეგმავდნენ ძიუდოისიტები სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, თუ დაემთხვა, რომ ჯერ თქვენ ისაუბრეთ იმ პრობლემების შესახებ, რაც რეალურად არის ძიუდოში და მერე უკვე სპორტსმენებმა თქვეს საკუთარი სათქმელი?

– არ მქონია არანაირი ინფორმაცია, იმის შესახებ, თუ რას აპირებდნენ ბიჭები. უბრალოდ, გამოვხატე ჩემი გულისტკივილი, კრახით ჩავლილ ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით. მე არც ერთ სპორტსმენში დამინახავს ბრძოლის ჟინი და ის მებრძოლი ხასიათი, რომელსაც ელოდა თითოეული გულშემატკივარი ჩვენი ნაკრებისგან. ყველას გააზრებული გვაქვს ფაქტი, რომ ეს სპორტია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუმცა, ამ ტურნირზე ჩვენი ნაკრების ძიუდოისტთაგან 80%-მა უბრძოლველად დათმო პირველი და მეორე შეხვედრა, რასაც ჩემი ძალიან დიდი გაღიზიანება მოჰყვა.

მე წლების წინ ვსაუბრობდი ამ უმედლობაზე და ძიუდოს ნაკრების უკან სვლაზე, თუმცა, საჭირო რეაგირება არავისგან მოჰყოლია. სწორედ ამან მოგვიყვანა აქამდე და ვიფიქრე, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინმეს ღიად უნდა დაეფიქსირებინა საკუთარი აზრი, გარკვეულიყო საქმის არსში სახელმწიფო და ყველა ის ადამიანი, ვისაც გული შესტკივა ძიუდოზე.

– თუ ელოდით, რომ ამდენ ხანს გაგრძელდებოდა ეს პროცესი და ქევხიშვილი ასე „გაჯიუტდებოდა“ მას შემდეგ, რაც მისი საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა ეროვნულმა, ახლაგაზრდულმა და ქალთა ნაკრებებმა? 

– მე და დავით ქევხიშვილი ვმეგობრობდით. ერთად ვჭიდაობდით და ძალიან რთული პერიოდები გვაქვს გამოვლილი, თუმცა, მას მსგავს პიროვნებად არ ვიცნობდი.

როდესაც ფედერაციის პრეზიდენტი გახდა, განაცხადა, რომ თუ ერთი ძიუდოისტი მაინც იქნებოდა მისი წინააღმდეგი, დატოვებდა დაკავებულ თანამდებობას. მე სწორედ ასეთ პიროვნებად ვიცნობდი მას და ზუსტად ამიტომ წამოვაყენე მისი კანდიდატურა ძიუდოს ფედერაცის პრეზიდენტის პოსტზე. ვიტყვი, ჩემი ბრალიცაა ქევხიშილი რომ ფედერაციის პრეზიდენტია. უფრო სწორად, ფედერაციის პრეზიდენტის სკამზე დევს, რადგან სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ის სკამზე დევს, პრეზიდენტი კი არ არის. იმიტომ რომ მას ყველა ის ადამიანი გადაუდგა წინ ვისი პრეზიდენტიც ჰქვია. ის არ იყო ასეთი ადამიანი, თუმცა, როგორც ჩანს,  მას ეს ყველაფერი სულში ჰქონდა და მან ეს უბრალოდ გამოამჟღავნა. მე ნამდვილად არ ველოდი, ასე რომ გაღორდებოდა თანამდებობისა და ფულის მიმართ. ახალი მოსული იყო, როცა შევნიშნე რომ სიკეთე არ მოჰქონდა ნაკრებისთვის და კიდევ გავიმეორებ, მაშინვე დავიწყე ამაზე საუბარი, თუმცა, მაშინ ყური არავინ მათხოვა.

– თქვენი აზრით, თუ დავით ქევხიშვილმა განაგრძო გაჯიუტება და არ გადადგა თანამდებობიდან. არსებობს თუ არა იმის მცირედი შანსი, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ მოლაპარაკებაში გადაიზარდოს?

– არა, ეს მოლაპარაკებაში აღარ გადაიზრდება. 6 წელია რაც დავით ქევხიშვილი ფედერაციის პრეზიდენტია და ამ ხნის განმავლობაში, არაერთხელ ჰქონიათ ნაკრების წევრებს მასთან საუბარი იმაზე, რაც მათ არასწორ საქციელად მიაჩნდათ, თუმცა, ამას შედეგი არ მოჰყოლია. ახლა უკვე იმ დონეზეა ეს სიტუაცია მისული, რომ რისი გამოტანაც ბიჭებს „ძიუდოს ოჯახის“ გარეთ არ უნდოდათ, უკვე ყველამ იცის და შეუძლებელია, მომავალში მათ შორის მოლაპარაკების წარმართვა.

ქევხიშვილმა გააზრებულად ჩამოიშორა მწვრთნელები. მას არ მოსწონდა, როცა ისინი რაიმეს უსწორებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ რაღაც შემთხვევაში მისი საქციელი არ იყო გამართლებული. ზუსტად ეს გახდა მიზეზი, რომ მან ჩამოიშორა უზნაძე, ვაზაგაშვილი და დაშალა ე.წ. „უზნაძის გუნდი“.

ეს თავიდანვე ჰქონდა დაგეგმილი. როცა უზნაძე ევროპის საუკეთესო მწვრთნელი გახდა, მეორე დღესვე უნდოდა მისი გაშვება, რათა უფრო მალე დაეწყო ფედერაციის ფულის „ჭამა“ და ამბობდა, რომ მას უკეთესი შედეგი სურდა, მაშინ, როცა ჩვენმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა  – 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაოს მედალი. 

თუმცა, წავიკითხე  გუშინ  ირაკლი ცირეკიძის განცხადება, სადაც ის ამბობდა, რომ მათ ძირითადი აქცენტი მსოფლიო ჩემპიონატზე ჰქონდათ გადატანილი და ევროპის ჩემპიონატი ეს არ იყო მნიშვნელოვანი. ჩემი აზრით, ეს არის ძალიან არასწორი მიდგომა, რადგან ის არ არის ტედი რინერი, რომელიც ათგზის მსოფლიო ჩემპიონია. ახლა უკვე აღარ ჭიდაობს ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებს და ემზადება მხოლოდ ოლიმპიადისთვის.

– თქვენ ახსენეთ „ძიუდოს ოჯახი“. რას გვეტყვით, არის თუ არა რეალურად გუნდი ორ ნაწილად გაყოფილი? ჩნდება კითხვა, რატომ არ დგანან ბიჭების გვერდით გურამ თუშიშვილი, ბექა ღვინიაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი  და ვაჟა მარგველაშვილი? ასევე, შესაძლებელია თუ არა, რომ ფედერაციის პრეზიდენტის შეცვლის შემდეგ, დაბრუნდეს ძველი სამწვრთნელო შტაბი ირაკლი უზნაძის მეთაურობით?

– ბიჭები ერთმანეთის გვერდით დგანან. აქ არის ერთი საკითხი. ის ნაწილი, რომელიც რეალურად არ ჩანს ეკრანებზე, უბრალოდ, ამ ეტაპზე, ერიდება მედიასთან კომუნიკაციას. რაც შეეხება სამწვრთნელო შტაბის დაბრუნებას, ისინი ბიჭების გვერდით არიან, იზიარებენ მათ მოსაზრებას. ამას მოწომობს ის ფაქტი, რომ ირაკლი უზნაძე ჩამოვიდა ბიჭების მხარდასაჭერად და პოზიციის დასაფიქსირებლად  დაანონსებულ შეკრებაზე. თუმცა, მისი ნაკრებში დაბრუნება დამოკიდებულია მასზე, ბიჭებზე და იმაზე თუ რამდენად ჯანსაღი მდგომარეობა იქნება ქევხიშვილის წასვლის შემდეგ ფედერაციაში. 

ქევხიშვილი არის ფედერაციის ის პრეზიდენტი, რომელიც იურიდიულად ალაგებდა ყველა დარღვევას ისე, რომ ეს არ გამოჩენილიყო და მის წარუმატებელ პრეზიდენტობას ფარავდა. თუნდაც უნივერსიტეტებში ვიღაცის დახმარებით, დარბაზების მშენებლობაში წვლილის შეტანით და ა.შ. ამ ყველაფრით მოიყვანა მან საკუთარი თავი აქამდე, რადგან ესეც რომ არ გაეკეთებინა, სრულიად უმოქმედოთ ყოფილიყო, უცხო ადამინისთვისაც ნათელი იქნებოდა, რომ რეალურად ქევხიშილი ძიუდოს საკეთილდღეოდ არაფერს აკეთებდა.

ახლა რეაგირება უნდა მოახდინოს სახელმწიფომ და ვფიქრობ, უკვე მოახდინა კიდეც. ეს გამოიწვევს იმას, რომ ფედერაციაში შევა აუდიტი – ის კომპეტენტური პირები, რომლებსაც აქვთ უფლება ჩაიხედონ ყველა საქმეში და აღმოაჩენენ არაერთ უმნიშვნელოვანეს დარღვევას. რაც, ვფიქრობ, მათ გასამართლებას გამოიწვევს. ერთ-ერთი ნათელი მაგალითი მათი დარღვევებისა არის ის, რომ „ზედაზენის“ მიერ გამართულ ტურნირზე გამარჯვებულებს, არ გადასცეს კუთვნილი თანხა, რასაც სპორტსმენების მხრიდან, რა თქმა უნდა, კითხვები და რეაგირება მოჰყვა, რაზეც მათი მწვრთნელის, გუჯეჯიანის პასუხი ასეთი იყო: მე დავაბრუნებ ამ თანხას, მაგრამ თქვენ აღარ იქნებით ნაკრებში! აი ასეთი მიდგომა აქვთ მათ სპორტსმენებთან და ეს უნდა დასრულდეს! 

 

 

 

 

 

 

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები