ასაკობრივი ნაკრები

 2019/05/06 14:34

ასაკობრივი ნაკრები
ზელანდიელებთან დავმარცხდით, მაგრამ ქართული შერკინება ვერც მათ გააჩერეს
ავტორი
ტატო ნიკურაძე

20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ჩეპიონატზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და ახალი ზელანდიის მატჩი ზელანდიელთა დიდი ანგარიშით გამარჯვებით დასრულდა. თუმცა, ზოგ ეპიზოდში „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“  ნამდვილად ლამაზი, სანახაობრივი თამაში აჩვენეს და მრისხანე მეტოქეს არაფერში ჩამოუვარდებოდნენ.

ქართველი მორაგბეები ძალიან თავისუფლად, ყოველგვარი წნეხის გარეშე გავიდნენ მოედანზე და საკუთარი სიამოვნებისთვის თამაშობდნენ. უდიდესი უპირატესობა გვქონდა შერკინებაში და ყოვლისმნახველი და ყოვლისმცოდნე ზელანდიელები ჩვენი მორკინალების თამაშს  გაკვირვებულნი უყურებდნენ. 

ჩვენი ძლიერი მხარე მხოლოდ შერკინება არ ყოფილა. ბიჭები ხელით თამაშშიც კარგად აყვნენ მრისხანე მეტოქეს.

მატჩი საქართველოს ნაკრების უპრატესობით დაიწყო და პირველი ქულებიც ჩვენ მოვიპოვეთ. თედო აბჟანდაძემ საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა. პირველი 15 წუთის განმავლობაში, ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ იყო – 59%-41%. მაგრამ „ბეიბი ბლექსმა“ მოუმატა და  პირველ ტაიმში სამი ლელო დაგვიდო, თუმცა, თედო აბჟანდაძემ კიდევ ერთი ზუსტი ჯარიმა შეასრულა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა მშვენივრად დაიწყო. საწყის წუთებში ახალი ზელანდია საკუთარ ხუთმეტრიანში გამოვკეტეთ. ვანო კარკაძის დერეფნიდან მოწოდებული ბურთის შემდეგ, იდეალური „მამაპაპური“ მოლი შევკარით და კახა ჯინჭარაძემ დაალელოვა მეტოქე. თედო აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

სამწუხაროდ, ეს აღმოჩნდა საქართველოს ნაკრების ბოლო ქულები ამ შეხვედრაში. ამის შემდეგ, ზელანდია „დაიქოქა“ და მისი გაჩერება ვეღარ შევძელით.

საბოლოოდ, 45:13 ზელანდიის სასარგებლოდ, მაგრამ „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“, ყველაფრის მიუხედავად, კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და ყველას დაუმტკიცეს, რომ ქართული რაგბი სწორი გზით პროგრესირებს.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები