ეროვნული ნაკრებები

 2019/20/07 21:46

ეროვნული ნაკრებები
ზედიზედ მესამე მარცხი, ბრძოლა მე-7 ადგილისთვის
ავტორი
სულხან არჯევანიძე

საკალათბურთი ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო და ბრძოლას მე-7 ადგილისთვის გააგრძელებს. 

როგორც აღმოჩნდა, ჩვენი ნაკრების სენი მეორე ტაიმში დიდი ჩავარდნებია, რაც ბულგარეთთან მე-5 ადგილისთვის ბრძოლაშიც დამტკიცდა. წყვილში ფავორიტი სწორედ ჩვენი ნაკრები იყო, მაგრამ შეხვედრის განმავლობაში მეტოქე უკეთ გამოიყურებოდა და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა – 86:75.

საქართველოს ნაკრების ყველაზე დიდი სხვაობით ლიდერობა მხოლოდ 4 ქულას შეადგენდა, რაც მალევე დათმო და მდევრის როლში აღმოჩნდა. ბულგარეთმა მეოთხედი 24:17 მოიგო. მეორე ათწუთეული შედარებით კარგად ვითამაშეთ. წინ ვერ გავედით, მაგრამ მეტოქეს გაქცევის საშუალებას არ ვაძლევდით. სხვაობა 6 ქულას არ გასცდენია და ტაიმი 41:43 დავთმეთ.

დიდი შესვენების შემდეგ საწყის წუთებში უკანასკნელი ლიდერობა მოვიპოვეთ, რის შემდეგაც ბულგარეთმა ინიციატივა ბოლომდე ხელთ იგდო და 11-ქულიანი უპირატესობაც მოიპოვა. ბოლო მეოთხედში არაფერი შეცვლილა, ჩვენი მაქსიმუმი სხვაობის 5-ქულამდე შემცირება იყო. მეტოქემ ლიდერობა ბოლო წუთებამდე შეინარჩუნა და თამაშიც დამსახურებულად მოიგო – 86:75.

ნაკრებს 17 ქულით ნიკოლოზ მეცხვარიშვილმა ულიდერა. 16 ქულა რატი ანდრონიკაშვილის ანგარიშზეა, ხოლო 11 ქულა ვახტანგ გაფრინდაშვილმა ჩააგდო.

მე-7 ადგილისთვის ბრძოლაში ჩვენი მეტოქე ისლანდია იქნება. შეხვედრა 21 ივლისს, 16:00 საათზე გაიმართება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები