სუპერლიგა

 2019/29/05 00:20

სუპერლიგა
ზედიზედ მეორედ, ჩემპიონის ბედი ქუთაისში გადაწყდება
ავტორი
სულხან არჯევანიძე

სუპერლიგის 2018/19 წლების სეზონის გამარჯვებული ფინალური სერიის დასკვნით შეხვედრაში გამოვლინდება. დელტამ ძალები მოიკრიბა, მეოთხე შეხვედრა მოიგო და ანგარიში გაათანაბრა – 2:2.

ზედიზედ ორი წაგების შემდეგ, დელტა გონს მოეგო და მოედანზე ორმაგი შემართებით გამოვიდა. გუნდისთვის ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც თავად სურდათ. ისინი მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერობდნენ. ამას ქუთაისელთა მოხშირებული ჯარიმები დაემატა. მათი წამყვანი მოთამაშეები დაიტვირთნენ, ამიტომ დაცვაში ნაკლებ პროდუქტიულები გახლდნენ.

დელტამ პირველი მეოთხედი 23:14, ხოლო ტაიმი 50:35 მოიგო. ქუთათურთა მდგომარეობა მეორე ტაიმის დასაწყისში უფრო დამძიმდა. დელტამ უდიდესი, 20-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. მესამე მეოთხედის დასრულებამდე თანაბარი თამაში მიმდინარეობდა. უფრო დიდი უპირატესობა ვერც დელტამ მოიპოვა, ქუთაისმა კი, ჩამორჩენა მნიშვნელოვნად ვერ შეამცირა. მეოთხე ათწუთეულის წინ სხვაობა 15 ქულა იყო – 67:52. სტუმრებმა გაიბრძოლეს და შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, ჩამორჩენა 8 ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ მეტის გაკეთება ვერ შეძლეს – 75:86.

დელტას 24 ქულითა და 12 მოხსნით, ბექა ბექაურმა ულიდერა. 14 ქულა ოთარ ფხაკაძის ანგარიშზეა. თავის მხრივ, ქუთაისს აკაკი დვალიშვილმა 20 ქულით ულიდერა, მას მხარი 18 ქულით, აკაკი ლომოურმა აუბა.

გადამწყვეტი მეხუთე შეხვედრა 30 მაისს, 18:30 საათზე, ქუთაისში გაიმართება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები