ძალოსნობა

 2019/13/05 21:57

ძალოსნობა
ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე მთავარ მწვრთნელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ძალოსან თათია ლორთქიფანიძის მამა, დიმიტრი ლორთქიფანიძე, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციას ნეპოტიზმში და მწვრთნელთა არაკვალიფიციურობაში ადანაშაულებს.

ბატონი დიმიტრი ჩვენთან ექსკლუზიური საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველოს ქალ ძალოსანთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, თემურ ჯანჯღავას, არანაირი სამწვრთნელო ლიცენზია და გამოცდილება არ აქვს და ამ თანამდებობას მხოლოდ იმიტომ იკავებს, რომ საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ქვისლია.

მისივე თქმით, ჯანჯღავა ცდილობდა, კარგ ფორმაში მყოფი სპორტსმენი მორალურად გაენადგურებინა და მისთვის არაერთი დამამცირებელი შეურაცხყოფა მიეყენებინა.

საქმე საკმაოდ სერიოზულ ბრალდებასთან გვაქვს.

როგორც ბატონი დიმიტრი აღნიშნავს, ეს ინფორმაცია ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტ კახი კახიაშვილამდეც მივიდა, მას კი გაეცინა და საკითხი არასერიოზულად მიიღო.

მისთვის ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა გადაცემა „სპორტის კვირაში“ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის კომენტარი, რომ გოგონათა ნაკრებისგან მედალს არ ელოდა, რადგან ახალბედა სპორტსმენებით იყო დაკომპლექტებული. ბატონ დიმიტრის დააინტერესა, რატომ არ ელოდა ასანიძე მედალს თათია ლორთქიფანიძისგან, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანია და ყველა ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტადაც მიიჩნეოდა.

გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ, თათიას მამამ სამინისტროს მიმართა, საიდანაც პასუხად მიიღო, რომ სპორტსმენი ჯერ არ იყო ჩახსნილი ტურნირიდან და ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, კახი კახიაშვილი, ლორთქიფანიძესა და მის პირად მწვრთნელს, გელა მახარაშვილს, ბათუმში იბარებდა შეხვედრაზე, მაგრამ მალევე, მახარიშვილმა კახიაშვილისგან მიიღო შეტყობინება, რომ ბათუმში მარტო ჩასულიყო. ბათუმში სამივე ჩავიდა და შეხვედრაც შედგა.

ბატონი დიმიტრი ჩვენთან საუბრისას იმასაც აღნიშნავს, რომ კახიაშვილს არ ჰქონდა თათიას ტურნირიდან მოხსნის სურვილი და ეს გადაწყვეტილება პირადად გიორგი ასანიძემ მიიღო, რადგან სწორედ მისი ინტერესი იყო, რომ აღნიშნულ ტურნირზე თათია არ გასულიყო.

ეჭვს ამყარებს ის ფაქტიც, რომ ასანიძე თბილისში თათიას წონაში მოასპარეზე ისრაელის სახელით გამომსვლელ სპორტსმენს ავარჯიშებდა, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

დიმიტრი ლორთქიფანიძეს ფედერაციის აღმასკომის იმედი, რომ ამ საქმეს მოაგვარებს, არ აქვს და სარჩელის სასამართლოში შეტანას აპირებს.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები