ევროტურნირები

 2019/15/08 01:52

ევროტურნირები
უშეღავათო ბრძოლის შემდეგ, სუპერ თასს ლივერპული დაეუფლა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

სტამბულში უეფას სუპერ თასის ისტორიული შეხვედრა გაიმართა. პირველად ერთმანეთს ინგლისური კლუბები, ლივერპული და ჩელსი დაუპირისპირდნენ, ხოლო შეხვედრა ქალმა არბიტრმა, სტეფანი ფრაპარტმა განსაჯა. მატჩმა მოლოდინი სრულად გაამართლა და ძალიან სანახაობრივი დაპირისპირება ვიხილეთ. გამარჯვებულის ბედი კი, პენალტების სერიამ გადაწყვიტა, სადაც ლივერპულმა (5:4) იმარჯვა. 

საწყისი 15 წუთი ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონის, ლივერპულის უპირატესობით წარიმართა და რამდენიმე მომენტიც შეიქმნა. თავის მხრივ, ჩელსი შანსებს კონტრშეტევებზე ეძებდა. 20 წუთის გასვლის შემდეგ, ლონდონელებმა უპირატესობა ხელთ იგდეს და მცველებს შორის პასებსაც ჭრიდნენ. 36-ე წუთზე ოლივიე ჟირუმდე გადაცემა გავიდა, ხოლო ფრანგმა ანგარიში გახსნა – 1:0. ფრენკ ლამპარდის შეგირდებმა აქტიურობა გააგრძელეს და მე-40 წუთზე კრისტიან პულისიჩმა შესანიშნავი დრიბლინგით ეფექტური გოლიც გაიტანა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა.

ხიბლი არც მეორე ნახევარს აკლდა, რომელიც პირველის მსგავსად, ლივერპულის უპირატესობით წარიმართა და 48-ე წუთზე შეცვლაზე შესული რობერტო ფირმინოს აქტიურობას სადიო მანეს გოლი მოჰყვა. გარკვეული პერიოდი მერსისაიდელები ბურთს აკონტროლებდნენ, მაგრამ ჩელსიმ ინიციატივა ხელთ იგდო და შეტევაში წავიდა. დაცვაში მათი დაბალი პასები აღარ გადიოდა, ამიტომ გრძელ პასებზე გადაერთნენ, ხოლო ლივერპულის მცველები კარგად ამოდიოდნენ, რის გამოც, საკმაოდ ბევრი თამაშგარე დაფიქსირდა. 74-ე წუთზე ლივერპულს შესანიშნავი შანსი მიეცა, მაგრამ კეპა არისაბალაგამ ლონდონელები იხსნა. ჯერ მოჰამედ სალაჰის დარტყმა აიღო, ხოლო დამატებაზე ვირჯილ ვან დაიკს ურთულესი ბურთი აუღო. დარჩენილ დროში ჩელსიმ მორიგი გოლი თამაშგარედან გაიტანა. საბოლოოდ, ძირითადი დრო ფრედ (1:1) დასრულდა.

დამატებითი ტაიმებიც მაღალ ტემპში დაიწყო და 95-ე წუთზე რობერტო ფირმინიომ სადიო მანეს ისევ გაატანინა. რამდენიმე წუთში აბრაჰამის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ჟორჟინიომ აუღელვებლად დაარტყა და ანგარიში ისევ გათანაბრდა – 2:2. დარჩენილ დროში მინი მომენტები შეიქმნა, თუმცა, სერიოზული შანსი არც ერთ გუნდს ჰქონია. პენალტების სერიაში ორივე გუნდმა შესანიშნავად დაიწყო და პირველი 9 დარტყმაც გავიდა. კეპა ორჯერ ბურთის აღებასთან ახლოს იყო, მაგრამ ვერაფერი გააწყო. საბოლოოდ, მეათე დარტყმა აბრაჰამმა შეასრულა, ვინც ბურთი ცენტრში გაუშვა, ადრიანმა ფეხი დაუტოვა და მატჩის გმირიც გახდა – 5:4. ლივერპული სუპერ თასის გამარჯვებული გახდა, რომელიც მათთვის მეოთხე გახლავთ. 

ამ დიდებულ შეხვედრაში, მთელ 120 წუთში, გუნდებმა კარისკენ 20-20-ჯერ დაარტყეს. აღსანიშნავია, რომ ჩელსის ფეხბურთელები თამაშგარე მდგომარეობაში 11-ჯერ მოხვდნენ. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები