NBA

 2018/03/11 13:54

NBA
უორიორსი დაიქოქა, როკეტსმა ჰარდენის გარეშე იმარჯვა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

NBA-ში გოლდენ სტეიტ უორიორსი დაიქოქა. „მეომრებმა“ ზედიზედ მე-7 მატჩი ტიმბერვულვზის ძლევით მოიგეს. ჰარდენის არყოფნაში, ზედიზედ ორი წაგების შემდეგ, ჰიუსტონ როკეტსმა ბრუკლინში იმარჯვა.

უორიორსის მორიგი მსხვერპლი მინესოტა ტიმბერვულვზი აღმოჩნდა. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მასპინძლებმა მეტოქე გადამწყვეტ მეოთხედში დაჯაბნეს. პირველი ტაიმის შემდეგ, სტივ კერის შეგირდები 61:58 იგებდნენ, მაგრამ დასკვნით თორმეტწუთეულამდე მდევრის როლში იყვნენ – 83:87. საბოლოოდ უორიორსმა ეს პრობლემა მარტივად გადაჭრა და გაქცევის წყალობით 17-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, რითაც შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა – 116:99. ამჯერად, გუნდს კევინ დურანტმა 33 ქულითა და 13 მოხსნით ულიდერა.

ჰარდენის არყოფნაში, ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, როკეტსმა ბრუკლინში იმარჯვა. პირველი თორმეტწუთეულის წაგების (25:32) მიუხედავად, მათ დარჩენილი მეოთხედები მოიგეს და მორიგ გამარჯვებას მიაღწიეს. ტაიმის შემდეგ 56:61 აგებდნენ, თუმცა, მესამე მეოთხედი 35:25 იმარჯვეს, რაც გარდამტეხი აღმოჩნდა, ამის შემდეგ ლიდერობა არ დაუთმიათ და საბოლოო ანგარიში 119:111 დააფიქსირეს. საუკეთესო კრის პოლი იყო, ვინც 32 ქულა და 11 პასი მოაგროვა. 

დანარჩენი შეხვედრების შედეგები შემდეგნაირია:

ორლანდო მეჯიქი - ლოს ანჯელეს კლიპერსი 95:120

ჩიკაგო ბულსი - ინდიანა პეისერსი 105:107

ვაშინგტონ ვიზარდსი - ოკლაჰომა სითი თანდერი 111:134

დალას მავერიქსი - ნიუ იორკ ნიქსი 106:118

იუტა ჯაზი - მემფის გრიზლი 100:110

ფენიქს სანსი - ტორონტო რეპტორსი 98:107



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები