სხვადასხვა

 2019/11/09 17:32

სხვადასხვა
უდიდესი სენსაცია ჩინეთში
ავტორი
ტატო ნიკურაძე

კალათბურთში მსოფლიოს ახალი ჩემპიონი ეყოლება. ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში აშშ საფრანგეთს დაუპირისპირდა, 79:89 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

ფრანგებმა უძლიერეს მეტოქეს არაფერი დაუთმეს და პირველი ტაიმი 44:39 მოუგეს. აღსანიშნავია, რომ ფლეი-ოფებში ამერიკას ტაიმი არასდროს წაუგია. მეორე ნახევარში ევროპელთა უპირატესობა 10 ქულამდე გაიზარდა, თუმცა, მოქმედმა ჩემპიონებმა გარდატეხის შეტანა მესამე მეოთხედშივე შეძლეს და დასკვნით მეოთხედს ლიდერის ამპლუაში შეხვდნენ – 66:63. ამერიკელებმა სხვაობა 7 ქულამდე გაზარდეს და თითქოს, საფრანგეთი უშანსოდ იყო, მაგრამ 11:0 გაქცევის შემდეგ, უკვე თავად დაწინაურდნენ. ამასთან, აღსანიშნავია რუდი გობერის საოცარი თამაში, რომლის ბლოკებით, ფრანგებმა ორი შეტევა მოიგერიეს. დარჩენილ დროში ამერიკელები მდევრის როლში იყვნენ და საბოლოოდ, 10 ქულით დამარცხდნენ – 79:89.

მეორე წყვილში ავსტრალია ჩეხეთს დაუპირისპირდა და როგორც მოსალოდნელი იყო, მარტივად დაამარცხა. ჩეხებმა მხოლოდ პირველ ტაიმში გაიბრძოლეს და მხოლოდ 30:33 დამარცხდნენ. გარდამტეხი მომენტი მესამე ათწუთეულში დადგა, როდესაც ავსტრალია გაიქცა და 17-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. დარჩენილ დროში ევროპელები ბევრს ეცადნენ, მაგრამ თამაში ვერ გადაარჩინეს – 70:82. უნდა აღინიშნოს, რომ ჩეხ კალათბურთელს, ტომაშ სატორანსკის სამმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.

ამ შედეგებიდან გამომდინარე, ნახევარფინალში არგენტინა საფრანგეთს, ხოლო ესპანეთი ავსტრალიას დაუპირისპირდება. მანამდე კი, თამაშები მე-5 პოზიციისთვის გაიმართება. ხვალ, 12 სექტემბერს, 15:00 საათზე სერბეთი აშშ-ს შეხვდება. ფლეი-ოფის დაწყებამდე ამ გუნდებს ნახევარფინალისტებად განიხილავდნენ, მაგრამ ბრძოლა მეხუთე ადგილისთვის მოუწევთ. 17:00 საათზე პოლონეთი ჩეხეთს დაუპირისპირდება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები