ასაკობრივი ნაკრები

 2019/10/09 22:24

ასაკობრივი ნაკრები
U21. საქართველომ აზერბაიჯანში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

აზერბაიჯანი U21-საქართველო U21 0:3

ტოპიკ ბახრამოვი.ბაქო

0:1 არველაძე (45) 0:2 ბუღრიძე (73) 0:3 არაბიძე (83) 

აზერბაიჯანი U21: იბრაჰიმოვი (70.ზაქიევი), სეიდიევი, ტამაზოვი, სეილიღლი, მანაფოვი, სეიდოვი, ჰაჯიევი, ნაბიევი (46.მაჰარამლი), იბრაჰიმლი (46.ჯფარგულიევი), ეკინსიერი (86.ბაირამლი), დოგუკანი (61.ქურბანლი).

საქართველო U21: გუგეშაშვილი, მალი (85.სპანდერაშვილი), ბერიაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, არაბიძე, კუცია, ნინუა (70.კოხრეიძე), სილაგაძე, არველაძე (79.კიტეიშვილი), ქავთარაძე (70.ბუღრიძე). 

გაფრთხილება: ტამაზოვი (24) ჰაჯიევი (26) კობოური (29) სეილიღლი (40) მალი (52).

გაძევება: ჰაჯიევი (49) 

საქართველოს 21-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ტურის შეხვედრაში გიორგი ცეცაძის გუნდი ბაქოს ტოპიკ ბახრამოვის სახელობის სტადიონზე აზერბაიჯანს დაუპირისპირდა და ძალიან დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა. 

შეხვედრა საქართველოს ნაკრების უპირატესობით დაიწყო. გიორგი ცეცაძის გუნდი ჩვეულ სტილს არ ღალატობს და გულშემატკივარს კვლავ ლამაზ, შეტევაზე ორიენტირებულ ფეხბურთს სთავაზობს. აზერბაიჯანელებმა კი, დაცვაში ე.წ.   „ავტობუსი“ დაგვიპირისპირეს და მხოლოდ კონტრშეტევების იმედზე იყვნენ. ქართველი ფეხბურთელები ბურთს მეტად აკონტროლებდნენ და მომენტებსაც ქმნიდნენ, თუმცა, ძალიან დამაჯერებლად მოქმედებდა აზერბაიჯანელთა კარის დარაჯი კამრან იბრაჰიმოვი. მატჩის 24-ე წუთზე მან ბექა ქავთარაძეს ახლო მანძილიდან საოცარი ბურთი აუღო და საკუთარი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. რამდენიმე მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი აზერბაიჯანსაც ჰქონდა. სწრაფი შეტევის შემდეგ, ფარიდ ნაბიევი ურტყამდა ლუკა გუგეშაშვილის კარის მიმართულებით, მაგრამ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და ესპანური გრანადას მეკარე დამაჯერებლად თამაშობს. 

ტაიმის მიწურულს, საქართველომ მაინც გაიტანა. გიორგი არაბიძის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, აზერბაიჯანელთა მეკარემ ძალიან უხეში შეცდომა დაუშვა, რითაც ვატო არველაძემ ისარგებლა და უძლიერესი დარტყმით ანგარიში გახსნა. 

მეორე ტაიმი მასპინძლებისთვის ძალიან ცუდად დაიწყო. ჯერ ბექა ქავთარაძესთან უხეშობისთვის შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მოედნიდან აზერბაიჯანელთა კაპიტანი ჰაჯიაგა ჰაჯიევი გააძევა. მალევე კი, მათი გუნდის მეკარემ ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქმნა. 

ამ ყველაფრით საქართველოს ნაკრებმა მატჩის 73-ე წუთზე ისარგებლა. ქართველთა სწრაფი კონტრშეტევა და ირაკლი ბუღრიძემ გაიტანა. 83-ე წუთზე კი, გიორგი არაბიძემ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 

საბოლოოდ, 3:0 და ორი ტურის შემდეგ, 6 ქულით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები