სუპერლიგა

 2019/08/05 02:12

სუპერლიგა
ტიტები სერიაში დარჩა, ბათუმი გალიდერდა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

სუპერლიგის ფლეი-ოფის მორიგ 1/4-ფინალურ შეხვედრებში ვითარება დაიძაბა. ტიტებმა ქუთაისი მიიღო და წაგებული ორი შეხვედრის შემდეგ, სერიაში დარჩენა მოახერხა. ბათუმმა მგზავრები ოვერტაიმში დაამარცხა და წინ გაიჭრა – 2:1.

ტიტები-ქუთაისი 101:96

ტიტებს ქუთაისთან სერიის შემობრუნების დიდი გამოცდილება აქვს. თასზე 0:1-ის შემდეგ, მათ ფინალში გასვლა შეძლეს და ტიტულსაც დაეუფლნენ. ამჯერად, იმავეს გაკეთებას ფლეი-ოფის 1/4 ფინალში შეეცდებიან, ამისთვის ერთი მცირე ნაბიჯი გადადგეს.

შეხვედრა ძალიან დაძაბულად და დრამატულად წარიმართა. მასპინძლებმა თამაშის მოსაგებად პირველივე წუთებიდან გაიწიეს და 8 ქულითაც გალიდერდნენ, მაგრამ ვიცე-ჩემპიონები მეტოქეს უფრო წინ არ უშვებდნენ და ტაიმი 46:53 დასრულდა. დიდი შესვენების შემდეგ, სტუმრები წინაც გავიდნენ, თუმცა, დროებით და შეხვედრის ბოლომდე ტიტები ლიდერობას არ თმობდა. თავის მხრივ, ქუთაისი მეტოქეს წინ დიდი სხვაობით არ უშვებდა. საბოლოოდ, ტიტებმა 101:96 იმარჯვა.

ორივე გუნდის მხრიდან, საუკეთესო ქუთათურთა ცენტრი, აკაკი დვალიშვილი იყო – 30 ქულა, 12 მოხსნა. მას მხარი 29 ქულით, ჯონათან ლიმ აუბა. ტიტებს 27 ქულით, ლუკ მეიერმა ულიდერა, 24 ჯოელ ალმეიდას ანგარიშზეა.

ბათუმი-მგზავრები 88:82 (76:76)

თბილისიდან წაღებული მოგების შემდეგ, შავიზღვისპირელებმა ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. მორიგ დაძაბულ შეხვედრაში მასპინძლებმა ოვერტაიმში იმარჯვეს და სერიაში გალიდერდნენ.

თითოეული მეოთხედი განსხვავებული სცენარით წარიმართა. გუნდებმა თავის სასარგებლოდ ორ-ორი მათგანი დაასრულეს. ბათუმმა საწყისი ათწუთეული 24:17 მოიგო, თუმცა, შესვენებაზე მხოლოდ 2 ქულას იგებდა – 36:34. მათვე უპირატესობა მესამეში გაზარდეს, რამაც 8 ქულას უწია. დასკვნით მეოთხედში მგზავრებმა მოუმატა, წუთ-ნახევრით ადრე 4 ქულასაც იგებდა, თუმცა, ჯერ სპენსერ კოლინსის საჯარიმოთი, ხოლო 18 წამით ადრე, კეისი შეპარდის სამიანით, თამაში ოვერტაიმში გადავიდა – 76:76. დამატებით ხუთწუთეულშიც ეს უკანასკნელი გამოირჩა, ვინც 9 ქულა ჩააგდო და საბოლოოდ, ბათუმმა 6-ქულით იმარჯვა – 88:82.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე სწორედ კეისი შეპარდი გახდა, ვინც 28 ქულა და 14 პასი მოაგროვა. 12-12 ქულა კი სამი კალათბურთელის ანგარიშზეა. მგზავრებს 24 ქულით, ადრიან ბოუიმ ულიდერა, 18 ჰქონდა ჯეიკობ არმსტრონგს. კახაბერ ჯინჭარაძემ 13 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.

8 აპრილს ეს გუნდები მეოთხე შეხვედრას ჩაატარებენ და შესაძლოა, დარჩენილი ნახევარფინალისტების ვინაობაც გაირკვეს. ტიტები ქუთაისს 16:00 საათზე უმასპინძლებს, ხოლო ბათუმი მგზავრებს 18:30 საათზე დაუპირისპირდება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები