A ლიგა

 2018/30/04 15:52

A ლიგა
სტანოიე კნეჟევიჩი: საქართველოსა და სერბეთის ნაკრებები მენტალურად ძალიან ჰგავნან ერთმანეთს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

დასრულდა ა-ლიგის 2018 წლის სეზონი. გამარჯვებული კი თსუ-ჰიუნდაი გახდა. მათ რეგულარული სეზონი პირველი ადგილით დაასრულეს. ფლეი-ოფის პირველ სტადიაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს 2:0 მოუგეს და ფინალში გავიდნენ, სადაც ტიტები 3:1 დაამარცხეს.

სუპერლიგის მსგავსად, არაერთი უცხოელი თამაშობს ა-ლიგაშიც. სერბი სტანოიე კნეჟევიჩი მიმდინარე სეზონში შეუერთდა თსუ-ჰიუნდაის და უმალვე გახდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი.  ის, საშუალო 19,5 ქულით, გუნდი საუკეთესო მექულე გახდა. ტიტებთან ფინალური სერიის გადამწყვეტ შეხვედრაში კი, 24 ქულა ჩააგდო.

სპორტსმენის წარმატებულ გამოსვლას გვერდს ვერ ავუვლიდით. მას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ვესაუბრეთ და შესაბამისად, გთავაზობთ  ინტერვიუს:

 პირველ ყოვლისა, გილოცავთ, სუპერლიგაში გადასვლას!

– გმადლობ. ძალიან ბედნიერები ვართ. ბევრი ვიშრომეთ ყველამ და დავიმსახურეთ ეს წარმატება.

 როგორ შეაფასებთ სეზონს?

– სეზონის დასაწყისში, ამერიკელი ლეგიონერების ტრავმების გამო, ბევრი პრობლემა შეგვექმნა. დროთა განმავლობაში, ყველაფერი საკუთარ ადგილზე დადგა და რეგულარული პირველი ადგილით დავასრულეთ. ფინალურ სერიაში, ტიტებთან 2-0-ის შემდეგ, თითქოს მოვდუნდით. კარგია, რომ მე-5 მატჩის გამართვა აღარ გახდა საჭირო.

 თსუ-ჰიუნდაის სეზონის საუკეთესო მექულე გახდით. რას გვეტყვით ამის შესახებ?

 როდესაც მთლიანად გუნდი კარგად თამაშობს, მარტივია კარგი სტატისტიკის დაფიქსირება. თანაგუნდელების გარეშე, არაფერი გამომივიდოდა.

 როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? რჩებით გუნდში?

 ამ თემასთან დაკავშირებით, ჯერ არ მისაუბრია კლუბის ხელმძღვანელობასთან. აქ ძალიან მომწონს. თავს ისე ვგრძნობ, როგორც ოჯახში. 

 საქართველოში ჩამოსვლამდე იტალიაში თამაშობდით. როგორ შეეგუეთ ახალ გარემოს?

– საქართველო ძალიან ჰგავს სერბეთს. თბილისი შესანიშნავი ქალაქია, სადაც ბევრი მეგობარი შევიძინე. ადაპტაციის პრობლემა ნამდვილად არ მქონია. 

 მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში, 29 ივნისს, საქართველოს ნაკრები სერბეთს უმასპინძლებს. როგორია თქვენი პროგნოზი?

– საქართველოსა და სერბეთის ნაკრებები მენტალურად ძალიან ჰგავნან ერთმანეთს. მათ შეუძლიათ „დრიმ თიმს“ მოუგონ და შემდეგ, სუსტ მეტოქესთან დამარცხდნენ. რთულია პროგნოზის გაკეთება. ვფიქრობ, სერბეთი, ამერიკის შემდეგ, საუკეთესო გუნდია. ძლიერია საქართველოც. ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

 და ბოლოს, გოგა ბითაძე სერბეთში, მეგა ბიმაქსის შემადგენლობაში ასპარეზობს, გაქვთ თუ არა მისი თამაშები ნანახი?

– მისი თამაში მხოლოდ ეროვნულ ნაკრებში მაქვს ნანახი. მას დიდი პოტენციალი აქვს და ამასთან, დიდი ტალანტიც. მას მაღალ დონეზე სათამაშოდ ყველაფერი აქვს, სიმაღლე, მოქნილობა. ჩემთვის საუკეთესო თორნიკე შენგელიაა, რომელიც ნაკრების ლიდერია.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები