სუმო

 2019/09/04 19:33

სუმო
Sport24-ი სპეციალურად ძეგვიდან...
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

ქართველი სუმოისტი, ლევან გორგაძე, მცხეთის რაიონ სოფელ ძეგვში, 1987 წლის 13 სექტემბერს დაიბადა. სანამ ყველასთვის ცნობილი ტოჩინოშინი იაპონიაში გაემგზავრებოდა, ადგილობრივ სპორტულ დარბაზში ვარჯიშობდა. 

Sport24-ი ძეგვში ჩავიდა და სცადა, ქართველი გოლიათი გულშემატკივრებისთის  სხვა კუთხიდან დაენახვებინა: 

ტოჩის პირველი მწვრთნელი, გივი იშხანიშვილი იხსენებს, რომ ის ყველასგან გამორჩეული იყო. მისი თქმით, ლევანი დღესაც ქართული სტილით უწევს წინააღმდეგობას მეტოქეებს. 

ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ გორგაძემ 2018 წელს იმპერატორის თასი და ოძეკის ტიტულიც მიიღო. სოფელში ამბობენ, რომ ის ამისთვის 14 წელი ემზადებოდა და მიზანს ძალიან დიდი შრომის შედეგად მიაღწია. 

ლევანის მამის, ზაზა გორგაძის თქმით, ტოჩინოშინის ტრავმა ძალიან მძიმეა. მან ჩვენთან საუბრისას, აღნიშნა, რომ თითქმის, ყველა მყესი გაწყვეტილი აქვს, თუმცა, დანებებას არ აპირებს და დაკარგული ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად, ბრძოლას აგრძელებს. 

ტოჩი და ძეგვი 

როგორც ჩანს, ტოჩინოშინი კარიერის დასრულების შემდეგ, მშობლიურ მხარეში დაბრუნდება. ამის შესახებ, ბატონმა ზაზამ ისაუბრა და განაცხადა, რომ ლევანი, დიდი ალბათობით, 2-3 წელში ყველაფერს დაასრულებს. 

გორგაძეების ოჯახის უხუცესმა წევრმა, 86 წლის ნორა გორგაძემ, რომელიც ტოჩის ბებიაა, აღნიშნა, რომ შვილიშვილს მაისში ელოდება და მისთვის 500 ვარდს ახარებს. მშობლების ცნობით, ლევანს ძალიან უყვარს ბუნება და მისი მოვლით, ბავშვობიდან ინტერესდებოდა. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლევანი იაპონიაში სამუდამოდ დარჩენას არ გეგმავს. ზაზა გორგაძემ მისი დაგეგმილი პროექტიც გვაჩვენა. ადგილობრივები საუბრისას აღნიშნავდნენ, რომ ტოჩი სახლს აშენებს, სადაც დიდი სავარჯიშო კომლექსი იქნება და იქ ვარჯიში ძეგვში მცხოვრებ ნებისმიერ მოზარდს შეეძლება. 

სახლის მშენებლობაში ლევანის ახლობლები იღებენ მონაწილეობას. მათ ინტერვიუში ბავშვობის მეგობარი გაიხსენეს და წარმატება უსურვეს. 

 

ავტორები: გოგა წურწუმია, ტატო ნიკურაძე

 

 


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები