ეროვნული ნაკრებები

 2019/31/08 21:59

ეროვნული ნაკრებები
შოტლანდიელებმა მასტერკლასი ჩაგვიტარეს და უშანსოდ დაგვამარცხეს (VIDEO)
ავტორი
ტატო ნიკურაძე

მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი მატჩების ფარგლებში, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა  შოტლანდიას უმასპინძლა და 2016 წლის შემდეგ, საკუთარ მოედანზე პირველად დამარცხდა. გეტყვით, რომ აღნიშნულ მატჩამდე „ბორჯღალოსნებს" საკუთარ მოედანზე 14-მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდათ.

შეხვედრა, როგორც მოსალოდნელი იყო სკოთების სრული უპირატესობით წარიმართა და ყველა სათამაშო კომპონენტში გვაჯობეს. ბრიტანელები რაქში ძალიან სწრაფად თამაშობდნენ, ბურთს  სწაფად ათამაშებდნენ, სწრაფად ცვლიდნენ შეტევის მიმართულებებს და ქართველთა დაცვას  სწრაფი შეტევების შეჩერება ძალიან უჭირდათ.„ბორჯღალოსნები" ხშირად ჯარიმდებოდნენ. 

ჩვენი გუნდის ერთადერთი ნათელი წერტილი შერკინება იყო და ერთადერთი ლელოც სწორედ შერკინებაში მოპოვებული უპირატესობიის ხარჯზე დავდეთ, მაგრამ დღევანდელ მატჩში ვერც შერკინება იყო ისეთი, როგორიც ჩვენს გუნდს ჩვევია. 

მატჩი შოტლანდიელთა სრული უპირატესობით დაიწყო, საწყისი 20 წუთი ბურთი საერთოდ არ გვქონია. შეხვედრაში პირველი ქულები  შოტლანდიელთა ლეგენდარულმა ჰავბეკმა, გრეიგ ლეიდლოუმ მოიპოვა – ორი საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა. ამის შემდეგ, შოტლანდიელებმა თამაში იგრძნეს. მათმა უკანახაზელებმა ტემპს საოცრად მოუმატეს. განსაკუთრებით გრეიგ ლეიდლოუსა და ფინ რასელის თამაში უნდა აღვნიშნოთ, რომლებიც ბურთს უსწრაფასედ ანაწილებდნენ, მალე ცვლიდნენ შეტევების მიმართულებას და „ბორჯღალოსნები" დაცვაში გადაწყობას ვერ ასწრებდნენ. რამდენიმეფაზიანი ძალისმიერი შეტევა, რომლის შემდეგაც ლეიდლოუმ ხაზი გაგვიჭრა და საბოლოოდ ბენ ტულისმა დაგვალელოვა. თავად ლეიდლოუმ კი, გარდასახვა ზუსტად შეასრულა. გაშვებული ლელოს შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა პირველ ნახევარში ვერაფრის შეცვლა მოახერხა და შოტლანდიელებმა კიდევ დაგვალელოვეს. ამჯერად თავი რორი ჰაჩინსონმა გამოიჩინა. გრეიგ ლეიდლოუმ  გარდასახვა ზუსტად შეასრულა, რასაც  ერთი ზუსტი ჯარიმაც მიაყოლა და  თავისი გუნდი 23:0 დაააწინაურა. პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებმა, მხოლოდ ერთი საჯარიმო დარტყმის გატანა მოახერხა, რომელიც სოსო მათიაშვილის ანგარიშზეა და პირველი ტაიმიც ასე დასრულდა – 23:3 შოტლანდიის სასარგებლოდ. 

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა კარგად დაიწყო. მეტოქის 22-მეტრიან ზონაში კარგად შეუტია, მაგრამ მორიგი ტექნიკური წუნი და კარგი სალელოვე შეტევა გავანიავეთ. მეტოქემ კი, მეორე ნახევარში ჩვენს ნახევარზე მათი პირველივე გადასვლით ლელო დაგვიდო. რორი ჰაჩინსონმა დღევანდელ შეხვედრაში დუბლი მიითვალა. გრეიგ ლეიდლოუ ისევ ზუსტია – 3:30. 

ერთადერთი ნათელი წერტილი, რომელიც დღევანდელ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების თამაშში შეგვიძლია აღვნიშნოთ  შერკინებაა, თუმცა, განსაკუთრებული უპორატესობა არც აქ გვქონია.  მეტოქის ხუთმეტრიან ზონაში მოგებული შერკინების შემდეგ, სკოთები ფიქრობდნენ მიწოლას შევეცდებოდით, მაგრამ გელა აფრასიძემ  შერკინებიდან ბურთი მალევე გამოიტანა და საბოლოოდ, კარლენ ასეიშვილმა გადადო ბურთი შოტლანდიელთა ჩათვლის მოედანში. გელა აფრასიძემ ზუსტად გარდასახა.

მატჩის 69-ე წუთზე კი, ფინ რასელის ფეხით შეცურებულ ბურთს დარსი გრემი კარგად მიყვა და მეოთხე ლელო დაამიწა. რასელმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა. მატჩის ბოლო წამებზე კი,  შოტლანდიელებმა თავიანთ მონაგარს კიდევ ერთი გარდასახული ლელო მიამატეს და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს – 10:44 შოტლანდიის სასარგებლოდ. 

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 6 სექტემბერს, შოტლანდიაში გამართავს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები