ლეგიონერები

 2019/31/05 00:21

ლეგიონერები
შენგელიას კუთვნილი ჯილდო გადაეცა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ესპანეთში ლიგა ენდესას ფლეი-ოფი დაიწყო. თორნიკე შენგელიას ბასკონიამ ჯგუფური ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულა, ამიტომ მათი მეტოქე სარაგოსა გახლდათ, რომელსაც აქამდე ორივე შეხვედრა ძალიან მარტივად მოუგო. შეხვედრის დაწყებამდე ჩვენებურმა კუთვნილი ჯილდო მიიღო. მოგეხსენებათ, შენგელია ლიგის ყველაზე გამორჩეულ კალათბურთელად დაასახელეს. 

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, სარაგოსამ შეცდომებზე ბევრი რამ ისწავლა და მეტოქეს სამაგიერო საჭირო დროს გადაუხადა. პირველი მეოთხედი თანაბრად წარიმართა, რომელიც სტუმრებმა 24:20 მოიგეს. დარჩენილ დროში ლიდერი არ შეცვლილა და სარაგოსამ შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა. ტაიმის მიწურულს, 10:0-ით გაქცევის შემდეგ, 16-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა – 50:34.

დიდი შესვენების შემდეგ, რადიკალურად არაფერი შეცვლილა. მეოთხე მეოთხედის წინ სარაგოსას უპირატესობა 19 ქულას შეადგენდა – 72:53. ბასკონიელებმა მხოლოდ ის შეძლეს, რომ ჩამორჩენა 10-ქულამდე დაიყვანეს – 81:91.

თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 30 წუთი დაჰყო, რა დროშიც, 13 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება მოაგროვა. მან 5-დან 4 საშუალო, 2-დან 1 სამიანი და 4-დან 2 საჯარიმო გამოიყენა.

გუნდები ორ მოგებამდე თამაშობენ, ამიტომ სტუმრად ვიტორიელებს აუცილებლად მოსაგები აქვთ. შეხვედრა 2 ივნისს, 14:30 საათზე გაიმართება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები