ლეგიონერები

 2019/26/05 17:55

ლეგიონერები
შენგელიამ რეგულარული 13 ქულით დახურა, ბურჯანაძეს ორმაგამდე მცირედი დააკლდა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ესპანეთის ლიგა ენდესაში 2018/19 წლების სეზონის რეგულარული გათამაშება დასრულდა. დასკვნით ტურში ყველა შეხვედრა ერთსა და იმავე დროს გაიმართა.

თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის ბასკონია ვალენსიას ესტუმრა და 81:92 დამარცხდა. ვიტორიელთა კაპიტანმა პარკეტზე 25 წუთი დაჰყო, რა დროშიც 13 ქულა, 3 მოხსნა, 5 პასი, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება მოაგროვა. თოკომ 7-დან 5 საშუალო და ერთადერთი სამიანი გამოიყენა.

ბექა ბურჯანაძის გუნდი მადრიდის რეალს დაუხვდა და შეხვედრა 76:95 დათმო. ქართველ კალათბურთელს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა – 13 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა. მან 3-დან 2 საშუალო და 8-დან 3 სამიანი გამოიყენა.

გიორგი შერმადინის უნიკახამ ანდორა მიიღო და 72:66 დაამარცხა. ქართველმა ცენტრმა 13 წუთი ითამაშა და ნაყოფიერადაც გაირჯა – 8 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი. შერმადინმა 4-დან 3 საშუალო და ორივე საჯარიმო გამოიყენა.

სასიხარულოა, რომ ლეგიონერთა 3 გუნდი ფლეი-ოფში ითამაშებს, ხოლო ბექა ბურჯანაძის დელტეკო გავარდნას ვერ გადაურჩა.

პირველი 8 გუნდის სია შემდეგნაირია:

1. მადრიდის რეალი – 56 ქულა;

2. ბარსელონა – 54 ქულა;

3. ბასკონია – 52 ქულა;

4. ვალენსია – 46 ქულა;

5. უნიკახა – 42 ქულა;

6. სარაგოსა – 36 ქულა;

7. ხუვენტუდი – 36 ქულა;

8. მანრესა – 34 ქულა.

აქედან გამომდინარე, მეტ ჯენინგისა და თორნიკე შენგელიას გუნდი სარაგოსასთან ითამაშებს. შერმადინის უნიკახა ვალენსიას შეხვდება, ხოლო თად მაკფადენის ხუვენტუდი ბარსელონას შეეჭიდება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები