ლეგიონერები

 2019/04/05 04:17

ლეგიონერები
შენგელიამ ბარსელონასთან იფრინა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ლიგა ენდესას მორიგ შეხვედრაში ბასკონია ბარსელონას ესტუმრა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ორივე გუნდი ევროლიგის ფლეი-ოფში ასპარეზობდა, თუმცა, ოთხთა ფინალში ვერც ერთი მოხვდა, ამიტომ სრული ყურადღება ჩემპიონატისკენ გადმოიტანეს.

შეხვედრის პირველი ნახევარი უინტერესოდ წარიმართა. ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა და საბოლოოდ მასპინძლებმა 34:32 იმარჯვეს.

დიდი შესვენების შემდეგ, თამაში გახურდა და გუნდებმაც მოუმატეს. მესამე მეოთხედის მიწურულს ვიტორიელებმა საკმაო უპირატესობა მოიპოვეს და 6 ქულით დაწინაურნდნენ. მათდა საქებრად უნდა ითქვას, რომ მრისხანე მეტოქეს არაფერი დაუთმეს, უპირატესობა საკმაოდ კარგად შეინარჩუნეს და 84:72 იმარჯვეს.

სტუმართა მხრიდან ერთ-ერთი გამორჩეული თორნიკე შენგელია გახლდათ, ვინც 18 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა. თოკომ 9-დან 7 საშუალო, 3-დან 1 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა.

კატალონიელთათვის ეს ზედიზედ მეორე მარცხი გახლდათ, რითაც პირველი ადგილისთვის ბრძოლა უფრო დაძაბული გახდა. ბარსელონას და რეალს თანაბარი 46-46 ქულა აქვთ, ხოლო ბასკონია ორით ჩამორჩება. ვიტორიელების მორიგი მეტოქე მანრესა იქნება. შეხვედრა 5 მაისს 21:30 საათზე გაიმართება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები