ეროვნული ნაკრებები

 2019/20/07 01:51

ეროვნული ნაკრებები
შეცვლილი მიზანი – მასპინძელ პორტუგალიასთან ვერაფერს გავხდით
ავტორი
სულხან არჯევანიძე

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები პირველობისთვის ბრძოლას დრამატულად გამოეთიშა. მასპინძელ პორტუგალიასთან, ფანებით გადაჭედილ დარბაზში, ჩვენმა ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ ძლიერ მეტოქეს ვერაფერი მოუხერხეს.

პირველ ტაიმში ყველაფერი კარგად წარიმართა და მეტოქეს არაფრით ჩამოვუვარდებოდით, მეტიც 8 ქულითაც გავლიდერდით და მეოთხედი 21:19 მოვიგეთ. პორტუგალია თამაშში დაბრუნდა და 7-ქულიანი ლიდერობაც მოიპოვა, მაგრამ ტაიმის მიწურულს თამაში დავალაგეთ და მხოლოდ 2 ქულით წავაგეთ – 43:45.

ყველაფერი დიდი შესვენების შემდეგ გადაწყდა. წინ 3 ქულითაც გავედით, თუმცა რამდენიმე ჩავარდნას მეტოქის გაქცევა და 7-ქულიანი ჩამორჩენა მოჰყვა. მეოთხე მეთხედის წინ მასპინძელი ნაკრები 70:61 იგებდა. მეტოქე პერიმეტრიდან კარგად ესროდა და სხვაობასაც ზრდიდა. ამის მიუხედავად, ბრძოლისუნარიანობით შეხვედრის მიწურულს ჩამორჩენა 4 ქულამდე დავიყვანეთ, ხოლო დასრულებამდე 48 წამით ადრე ამარანტეს სამიანმა ჩვენს შანსებს ცივი წყალი გადაასხა და საბოლოოდ პორტუგალიამ 96:85 იმარჯვა.

მეტოქემ ყველაზე მეტად 3-წამიანში დაგვჯაბნა. პორტუგალიის ნატურალიზებულმა ცენტრმა ნემიას ქუეტამ 26 ქულა და 14 მოხსნა (6 შეტევაში) მოაგროვა. სწორედ ეს გახლდათ წაგების ერთ-ერთი განმაპირობებელი. ორივე გუნდმა 62-ჯერ ისროლა, საიდანაც საქართველომ 31, ხოლო პორტუგალიამ 34 ჩააგდო. მათ შორის, ჩვენმა ბიჭებმა მეტოქეზე ერთით მეტი (14) სამქულიანი ჩააგდო. მასპინძელ გუნდს დიდი უპირატესობა საჯარიმოებშიც ჰქონდათ. ერთქულიანი 17-ჯერ ესროლეს და 15 გამოიყენეს, ხოლო ჩვენებმა 14-დან მხოლოდ 9 ჩააგდეს.

ასაკობრივ ნაკრებს 21 ქულითა და 11 პასით რატი ანდრონიკაშვილმა ულიდერა. 14-14 ქულა ნიკოლოზ მეცხვარიშვილისა და ზურაბ ჟღენტის ანგარშზეა. ამ უკანასკნელმა 6-დან 4 სამიანი გამოიყენა.

ამ მარცხის შემდეგ, ჩვენი ნაკრების მიზანი შეიცვალა. ახლა უკვე ბრძოლა მეხუთე ადგილისთვის გრძელდება. პირველი მეტოქე ბულგარეთი იქნება, რომელმაც რუსეთთან უშანსოდ, 66:105 წააგო. შეხვედრა დღეს, 19:15 საათზე გაიმართება. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები