ინგლისი

 2018/09/05 01:10

ინგლისი
საუთჰემპტონმა სტუმრად სუონსი დაამარცხა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

სუონსი. ლიბერთი სთედიუმი.

0-1 გაბიადინი (72)

 

სუონსიფაბიანსკი, მაუსონი, ნაუტონი (75. ნარსინგი), ფერნანდესი, რობერტსი, კი, კინგი (82. ქეროლი), სლუკასი, ოლსონი (62. აბრაჰამი), ანდრე აიუ, ჯორდან აიუ.

 

საუთჰემპტონიმაკკარტი, ბედნარეკი (68. გაბიადინი), სტეფენსი, ჰოდტი,  ბერტრანდი, რომეუ, სოარესი, რედმონდი (64. ლონგი), ტადიჩი, (83. მაკკინი) ოსტინი.

 

 

დღეს ინგლისის პრემიერ ლიგის 31-ე ტურის გადადებული მატჩი გაიმართა, რომელშიც სუონსი საკუთარ მოედანზე საუთჰემპტონს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით – 0-1 დამარცხდა. მატჩი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა, რადგან ეს გუნდები სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფებიან და პრემიერ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. პირველ ნახევარში სუონსის ფეხბურთელები უფრო მეტად აკონტროლებდნენ ბურთს, თუმცა, მათ გააზრებული  შეტევების ორგანიზება უჭირდათ. მარკ ჰიუზის გუნდი კი დაცვაში კარგად მოქმედებდა და რამდენიმე მწვავე კონტრშეტევაც განახორციელა. 

პირველი სახიფათო მომენტი სტუმრებს ჰქონდათ. კარის მიმართულებით ჩარლი ოსტინი ურტყამდა, თუმცა, სუონსის პოლონელ კარის დარაჯს, ლუკაშ ფაბიანსკის, ბურთის მოგერიება არ გასჭირვებია. 

მასპინძელთაგან ყველაზე მეტად, შეტევის წინა ხაზში, ანდრე და ჯორდან აიუები აქტიურობდნენ. შეხვედრის 47-ე წუთზე ჯორდან აიუს გატანაც შეეძლო, როდესაც საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესად დაარტყა, თუმცა, მაკარტიმ ბურთი ცხრიანიდან გამოაძრო და თავისიანები აშკარა გოლისგან იხსნა.

ამის შემდეგ, სათამაშო ინიციატივა სრულიად საუთჰემპტონის მხარეს გადავიდა. შეტევებმა შედეგი 72-ე წუთზე გამოიღო. კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთის შემდეგ, ოსტინი ურტყამდა კარის მიმართულებით. მისი დარტყმა ფაბიანსკიმ მოიგერია, თუმცა, დამატებაზე, შეცვლაზე შემოსულმა გაბიადინიმ დაასწრო ყველას და ანგარიში გახსნა.

ბოლო წუთებში სუონსელები გააქტიურდნენ. განსაკუთრებით, აბრაჰამის თავური დარტყმა უნდა გამოვარჩიოთ, რომლის აღებაც მაკკარტიმ მოახერხა.

საბოლოოდ, მატჩი საუთჰემპტონის გამარჯვებით დასრულდა. 37 ტურის შემდეგ, საუთჰემპტონი 36 ქულით მე-16 ადგილს იკავებს, ხოლო სუონსი 33 ქულით კვლავ მეთვრამეტეა. 

ამრიგად, ბოლო ტურის წინ, უმაღლეს დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად, სამი გუნდი იბრძვის: ჰადერსფილდი, საუთჰემპტონი, სუონსი. 

 

 

 

 


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები