ეროვნული ნაკრებები

 2018/13/09 22:54

ეროვნული ნაკრებები
საქართველოს ნაკრებმა მეორე ეტაპი წარმატებულად დაიწყო [VIDEO]
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ჩინეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის პირველ შეხვედრაში, საქართველო ისრაელს ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში (85:80) დაამარცხა. 

პირველი მეოთხედი ძალიან სანახაობრივი და უხვქულიანი გამოდგა. ჩვენმა ბიჭებმა შეტევაში ძალიან კარგად ითამაშეს და 9-დან 6 სამიანი ჩააგდეს. საწყისი წუთები ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა და პერიმეტრის ხარჯზე, ლიდერობას არ ვთმობდით. ხუთი წუთის შემდეგ, 16:11-ს ვიგებდით, მაგრამ მეტოქემ წინ გასვლა მაინც შეძლო. არიელის ზედიზედ ორი სამქულიანით, ისრაელი წინ პირველად გავიდა – 19:18. ამის მიუხედავად, კვლავ დავწინაურდით და თოკოს ზედიზედ ორი სამიანით, მეოთხედი (26:23) მოვიგეთ. ამ უკანასკნელს 13 ქულა დაუგროვდა, ხოლო ახალწვეულ მეტ ჯენინგს 6 ქულა ჰქონდა.

მეორე ათწუთეული უკეთესი გამოვიდა, როგორც შეტევაში, ასევე, დაცვაში. იმის მიუხედავად, რომ ისრაელი საწყის წუთებზე წინააღმდეგობას გვიწევდა, წინ გასვლა მაინც მოვახერხეთ და წარმატებული სროლების ხარჯზე, პირველი ტაიმი 12 ქულით მოვიგეთ – 49:37. 

ჯამში, 34 სროლიდან 18 ჩავაგდეთ. საუკეთესო კი, 13 ქულით, თორნიკე შენგელია იყო. 11 ქულა ჰქონდა დუდა სანაძეს.

მეორე ტაიმი საშინლად დავიწყეთ და სროლები აღარ მიგვდიოდა. ამას დაცვაში ცუდი თამაში დაემატა. ისრაელმა 6 წუთში 12-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და წინაც გავიდა. ამჯერად, უკვე ჩვენი ბიჭები იყვნენ მდევრის როლში და მესამე მეოთხედი ასეც დასრულდა – 68:65.

დასკვნით ათწუთეულში კვლავ მასპინძლები ლიდერობდნენ, მაგრამ დიდი გაქცევის საშუალება არ მივეცით. შენგელიამ მეორე ტაიმში პირველი ქულები საჯარიმოდან აიღო, რითაც წინ გავედით. ამის შემდეგ, შეხვედრა ქულა-ქულაში გაგრძელდა. გადამწყვეტი გოგა ბითაძის შესანიშნავი თამაში გამოდგა. მან შენგელიას აცილებულ ბურთზე მეტოქეს ჯარიმა ააღებინა და ერთი საჯარიმოთი ორი ქულით დავწინაურდით – 82:80. მანვე, 20 წამით ადრე, დაფარების მცდელობისას, ჯარიმა აიღო, მაგრამ სეგევმა ორივე გააფუჭა. ზუსმენი შენგელიაზე უმალვე დაჯარიმდა, ამ უკანასკნელმა ერთი გამოიყენა და მასპინძლებს სამიანის იმედი მიეცათ. ცინცაძემ შესანიშნავად ითამაშა, ცენტრში მეტოქეს ბურთი წაართვა და ცარიელ ფართან დარჩენილ შენგელიას საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება არ გასჭირვებია – 85:80.

საბოლოო, შენგელიამ 22 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა. 17 ჰქონდა დუდა სანაძეს. ახალწვეულ ჯენინგს – 15. მან ხუთი სამქულიანი ჩააგდო. გოგა ბითაძემ 13 ქულა, 9 მოხსნა და 4 ბლოკი მიითვალა.

ისრაელის მხრიდან, 14-14 ქულა ზუსმენმა და კოენმა ჩააგდეს. 12 ქულა და 10 პასი ტამირ ბლატის ანგარიშზეა.

საქართველოს ნაკრები მორიგ შეხვედრას თბილისის სპორტის სასახლეში, 16 სექტემბერს, 19:00 საათზე, საბერძნეთის ნაკრებთან გამართავს.


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები