ეროვნული ნაკრებები

 2019/16/07 23:48

ეროვნული ნაკრებები
საქართველოს დაუმარცხებელი ნაკრები ფლეი-ოფში იასპარეზებს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

საკალათბურთო ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონის მესამე ჯგუფს საქართველოს ნაკრები დაუმარცხებლად ლიდერობს. ჩვენმა ბიჭებმა მეოთხე შეხვედრაში კოსოვოელები უმარტივესად დაამარცხეს და ერთი ტურით ადრე, ფლეი-ოფში თამაში გაინაღდეს.

კოსოვოს ასაკობრივი ნაკრები ჯგუფის ერთ-ერთი აუტსაიდერია და მათი დამარცხება არ გაგვჭირვებია. თუმცა, მეტოქემ პირველ ტაიმში მოსალოდნელზე კარგად ითამაშა. საწყისი მეოთხედი 19:9 მოვიგეთ, ხოლო მეორეში გუნდებმა ერთნაირი ქულები (20:20) აიღეს და ტაიმი 39:29 დასრულდა.

დიდი შესვენების შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენი უპირატესობა უფრო თვალსაჩინო გახდა და ისედაც დასრულებულ შეხვედრაში, მეოთხე მეოთხედის წინ ყველაფერი გარკვეული იყო – 62:40. დასკვნით ათწუთეულში უპირატესობა უფრო განვიმტკიცეთ და 34 ქულით (86:52) ვიმარჯვეთ.

საქართველოს ნაკრების მხრიდან, ყველაზე მეტი ქულა (12) გიორგი მაზიაშვილის ანგარიშზეა. რატი ანდრონიკაშვილმა 10 ქულა მოაგროვა, ხოლო ნიკა მეცხვარიშვილმა და ივანე მეგენეიშვილმა 8-8 ქულა მიითვალეს.

ბოლო შეხვედრას მეორეადგილოსან ესტონეთთან გავმართავთ, რომელსაც 3 მოგებასთან ერთად, 1 მარცხი აქვს. მატჩი 17 ივლისს, 21:15 საათზე გაიმართება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები