ეროვნული ნაკრებები

 2019/21/07 18:05

ეროვნული ნაკრებები
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მე-8 პოზიცია დაიკავა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

საქართველოს საკალათბურთო 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში გამოსვლა მე-8 პოზიციაზე დაასრულა. მეშვიდე ადგილისთვის ბრძოლაში ისლანდიას დავუპირისპირდით და მაღალშედეგიან მატჩში 90:94 დავმარცხდით.

ბიჭებმა კარგად დაიწყეს და უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვეს, რომელმაც 8 ქულას მიაღწია, მაგრამ საბოლოოდ, მეოთხედი ორი ქულით (22:20) მოვიგეთ.

მეორე ათწუთეულში გარკვეული დრო ვლიდერობდით, თუმცა, მალევე ისლანდიამ უპირატესიბა მოიპოვა, რომელიც შეხვედრის ბოლომდე ხელიდან არ გაუშვია. ტაიმი 43:48 წავაგეთ.

დიდი შესვენების შემდეგ, მეტოქის უპირატესობა უფრო თვალსაჩინო გახდა და სხვაობამ 12 ქულასაც მიაღწია. დასკვნითი მეოთხედის წინ, მეტოქეს 7 ქულამდე მივუახლოვდით – 64:71. ბიჭები ბევრს ეცადნენ, ჩამორჩენა 1 ქულამდეც დაიყვანეს, მაგრამ თამაში ვერ გადაარჩინეს. შეხვედრის უკანასკნელ წამებზე ორი ქულით ვაგებდით, მეტოქემ ორქულიანი გააფუჭა და საკუთარ ფარზე ბურთი ვერ მოვხსენით, რითაც ყველაფერი დასრულდა – 90:94.

საქართველოს ნაკრებიდან 21-21 ქულა ლუკა მაზიაშვილმა და ნიკოლოზ მეცხვარიშვილმა მოაგროვეს. 18 ქულა რატი ანდრონიკაშვილის ანგარიშზეა.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები