ეროვნული ნაკრებები

 2018/09/06 07:14

ეროვნული ნაკრებები
საქართველომ ოკეანეთის ტურნე გამარჯვებით დაიწყო
ავტორი
ტატო ნიკურაძე

 

საქარველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა "წყნარი ოკეანის თასი" გამარჯვებით დაიწყო. "ბორჯღალოსნებმა" ტონგა ანგარიშით 16:15 დაამარცხეს.

მატჩი სრულიად ტონგელთა უპირატესობით წარიმართა.მთელი მატჩის განმავლობაში, საქართველოს ნაკრები პრაქტიკულად უბურთოთ თამაშობდა და იმ ქულების აღებაც მხოლოდ  შერკინების ხარჯზე მოვახერხეთ. ჩვენი ნაკრების თამაშში ძალიან ბევრი იყო ტექნიკური წუნი გადაცემებში. იმ მცირე ხნის განმავლობაშიც კი, როდესაც ბურთს ვფლობდით, ვერ ვახერხებდით საკუთარი რაქის გაკონტროლებას. დღევანდელ შეხვედრაში, ასევე, უნდა აღვნიშნოთ საქართველოს ნაკრების ღერძის ვასილ ლობჟანიძისა და ლაშა ხმალაძის არცთუ დამაჯერებელი თამაში. სერიოზული პრობლემები იყო დისციპლინის მხრივ. ორი გასინბინებული მოთამაშე და ძალიან ბევრი უაზროდ მიღებული ჯარიმა.

ტონგა მეტად ფლობდა ბურთს და სიღრმეებს კარგად იყენებდნენ. დასაწყისშივე, ტონგელთა ერთ-ერთი შეტევის დროს, ლევა ფიფიტასთან კონტაქტისას გიორგი კვესელაძემ ტრავმა მიიღო და  მან თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა.

მეტოქემ ძალიან მწვავედ შემოგვიტია და ჩვენს 22-მეტრიან ზონაში რამდენიმე ფაზაც აკინძა.  ერთ-ერთ კონტაქტში ტონგელთა მარჯვენა ბურჯს, ტევიტა ლოლო ჰეას ბურთი წინ გადაუვარდა, რის შემდეგაც დავით კაჭარავას ჩაუვარდა ხელში. ამ უკანასკნელმა ფლანგზე სოსო მათიაშვილი მოძებნა და ჩვენმა ფულბექმა, ინდივიდუალური სოლო რეიდის შემდეგ, ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში დაამიწა და გარდასახვაც თავადვე შეასრულა – 7:0.

პირველ ნახევარში, "ბორჯღალოსნებს" პრაქტიკულად უბურთოთ თამაში უწევდათ და ძირითად დაცვითი ფუნქციებით იყვნენ დაკავებულნი. ეს ყოველივე დაცვაში დისციპლინირებულ, დალაგებულ თამაშს მოითხოვს, რაშიც კარგად გამოვიყურებოდით.

ერთადერთი, რაშიც საქართველოს ნაკრებს დიდი უპირატესობა ჰქონდა, შერკინება იყო. ტონგელები ჩვენს გამოცდილ პირველ ხაზს ვერ უმკლავდებოდნენ და ხშირად ჯარიმდებოდნენ, რაც მათიაშვილმა 6 ქულაში გარდასახა.

ტაიმის მიწურულს, ტონგელებმა მოახერხეს საჯარიმო დარტყმის გატანა და ტაიმი 10-ქულიანი ჰანდიკაპით მოვიგეთ.

მეორე ნახევარი საქართველოს ნაკრებისთვის ცუდად დაიწყო. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, ბრენდონ პიქერილმა რაქში ცინიკური თამაშისთვის მიშო გაჩეჩილაძე გაასინბინა და 10 წუთით რიცხობრივ უმცირესობაში დავრჩით. თუმცა, ამით მეტოქემ ვერ იხეირა. მეტიც, ამის შემდეგ შერკინებაში კვლავ ჯარიმა მოვიპოვეთ და მათიაშვილმა ზუსტად დაჰკრა.

მეორე ტაიმის მეორე ნახევარში, "ბორჯღალოსნებმა" მეტ-ნაკლებად შეძლეს თამაშის დალაგება და მეტოქის ნახევარზეც შევძელით გადასვლა. თუმცა, ჩვენებს რაქში ბურთი ძალიან უნელდებოდათ. ასევე, ძალიან ბევრი იყო ტექნიკური წუნი პასის დროს და დერეფანში არცთუ დამაჯერებელი თამაში – ეს უკვე საქართველოს ნაკრების აქილევსის ქუსლადაც შეიძლება ჩავთვალოთ.

70-ე წუთზე ტონგელებმა ჯარიმა დერეფანში გადაიტანეს. მართალია, ძალიან ცუდად მოაწოდეს და ბურთი ჩვენ ჩაგვივარდა ხელში, მაგრამ ლაშა ხმალაძეს ის საკუთარი ლელოდან ხუთ მეტრში ხელიდან გაუვარდა და მეტოქის შერკინება დაინიშნა. ტონგელებმა ბურთი შერკინებიდან დროულად  გამოიტანეს, ხაზზე უპირატესობა შეგვიქმნეს და რის შემდეგაც, ვილიამი ლოლო ჰეამ დაგვალელოვა.

ბოლო წუთებში ტონგელებმა შერკინებაშიც დაგვჩაგრეს. ამას ისიც დაემატა, რომ მსაჯმა მოედნიდან ჯაბა ბრეგვაძე გაასინბინა. ტონგელებმა ბურთი კვლავ ხაზზე გაათამაშეს, რითაც ტევიტა ჰალაი ფონუამ ისარგებლა. გარდასხვაც ზუსტი იყო და სხვაობა ერთ ქულამდე შემცირდა.

ჩვენდა სასიკეთოდ, ტონგელებმა ბოლო შეტევის განხორიცელება ვერ მოახერხეს და ეს უაღრესად დაძაბული მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა – 16-15.

"წყნარი ოკეანის თასზე", მომდევნო შეხვედრას "ბორჯღალოსნები" 16 ივნისს ფიჯის წინააღმდეგ გამართავენ.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები