ფრენბურთი

 2018/20/05 21:16

ფრენბურთი
საქართველომ ევროლიგა ალბანეთთან მარცხით გახსნა
ავტორი
ირაკლი გოგავა

საქართველო - ალბანეთი 0:3

(16:25, 18:25, 22:25)

საქართველოს ფრენბურთელ ქალთა ნაკრებმა ევროლიგის გათამაშება საშინაო მარცხით დაიწყო. პაატა ულუმბეგაშვილის გაწვრთნილი გუნდი, შინ ალბანეთთან, 0:3 დამარცხდა.

არადა, მატჩის წინ მეტის მოლოდინი გვქონდა. გასული წლის სექტემბერში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ჩვენმა გოგონებმა ძლიერ მეტოქეებს ბრძოლა გამოუცხადეს და ხორვატიის ნაკრებს სეტიც კი მოუგეს. თუმცა, დღეს საერთოდ სხვა ნაკრები იდგა პარკეტზე. უამრავი შეცდომა მოწოდებისას, უამრავი არასწორი პასი შემტევებზე, არასწორი მიღება და შედგიც სახეზეა...

ვერ გეტყვით, რისი ბრალია ეს, რადგან ქალთა ფრენბურთი, ბოლო დროს, აშკარა პროგრესს განიცდის. თუმცა, ჯერ კიდევ ხუთი შეხვედრაა ჯგუფში ჩასატარებელი და ყველაფერი გამოჩნდება.

პირველი სეტი პირწმინდად წავაგეთ. ერბრილა ბიკის მოწოდებებს ვერაფერი მოვუხერხეთ და მანაც 11 ქულა აიღო, მაშინ, როდესაც ორჯერ დადგა მოწოდების ხაზზე.

მეორე სეტის ნახევრამდე წინააღმდეგობა გავუწიეთ. ვიგებდით კიდეც 11:10-ს და ამ დროს, როდესაც კიდევ უფრო წინ უნდა გავსულიყავით, მეტოქეს ქულა ვაჩუქეთ, შემდეგ კი ალბანელებმა ნელ-ნელა გაზარდეს უპირატესობა.

მესამე სეტის წაგება კი დანაშაულია! მთელი სეტი ვიგებდით, ბოლოს 21:18 დავწინაურდით. სწორედ ამ დროს, მოწოდებაზე დადგა სავა ჰაკა, რომელიც ძლიერი დარტყმით არ გამოირჩევა, მაგრამ ზედიზედ 5 ქულა აიღო და მატჩის ბედი გადაწყვიტა.

პაატა ულუმბეგაშვილი:

– გვინდოდა ეს მატჩი გამარჯვებით დაგვესრულებინა. ჩემმა გუნდმა აჩვენა ის თამაში, რასაც ნამდვილად არ ველოდებოდი. ბევრი შეცდომა დავუშვით და პირდაპირ ვიტყვი  ეს თამაში ჩვენ წავაგეთ. ძალიან სამწუხაროა და ძალიან უკმაყოფილო ვარ. აშკარად უკეთესად შეგვიძლია თამაში და შევეცდებით, ეს შემდეგ მატჩებში დამატკიცოთ.

თიკა ჭაუჭიძე:

– მატჩის წინ კარგი განწყობა გვქონდა. თითქოს, ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, რაღაც დაგვაკლდა. არ ვიცი, ვერ გეტყვით, რისი ბრალია ასეთი მარცხი.

ანა კალანდაძე:

– ძალიან გვწყდება გული, რომ ეს შანსი ვერ გამოვიყენეთ. ეს, ალბათ, უფრო შეუთამაშებლობის ბრალია, რადგან ახალი შეკრებილები ვართ. იმედი მაქვს, მომდევნო თამაშებისთვის უკეთესად მოვემზადებით. შანსი ჯერ კიდევ გვაქვს, თამაშებიც ახლო-ახლოა და ეს უფრო დაგვემხმარება უკეთესად შევთამაშდეთ.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები